„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და განამტკიცებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კვლევით და ინოვაციურ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ERIC-GE გახდება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის სამეცნიერო-ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. ეს პროექტი წარმოადგენს ინვესტიციას მომავალში – ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით, ასევე, ადამიანურ კაპიტალსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებსა და გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებს, ექსპერტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომაც ამ წარმატებაში გადამწყვეტი იყო. ასევე მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პროგრამა Erasmus+-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
სტუ-ის ცნობით, კონსორციუმის პირველ შეკრებას ესწრებოდნენ: ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის (UCLAN CYPRUS LIMITED (UCLan Cyprus) დელეგაცია პროფესორების – კოსმინა თეოდოლუს, ნევი აგაპიუსა და მარიოს რასპოპოულოსის შემადგენლობით; პალერმოს უნივერსიტეტის (UNIVERSITA DEGLI STUDI DI PALERMO – UNIPA) დელეგაცია პროფესორ ჯიოვანი ფალკონეს და დოქტორანტების – ჯანმარკო ლა როსას და ლიდია კასტრონოვოს შემადგნელობით; ახალი უმაღლესი სასწავლებლის – ნიუუნის დელეგაცია: რექტორი თამარ გარდაფხაძე, პროფესორები ნანა ციხისთავი, ნათია გოგოლაური, სოფიო მორალიშვილი, მედეა სამსიანი; ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დელეგაცია – რექტორი გოჩა თუთბერიძე, პროფესორები გიორგი დათუაშვილი, გოჩა უგულავა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის კახაბერ კორძაიას, ადმინისტრაციის წარმომადგენლების სვეტლანა კირაკოსიანის და შორენა ქურდაძის შემადგენლობით; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, გურანდა მოდებაძე, ნინო მილაშვილი; უნივერსიტეტი ალტერბრიჯი – რექტორი ნათია გოცაძე, პროფესორები მაკო ჯაოშვილი, ანა წიკლაური, თამთა ჰაგერი.

როგორც კონსორციუმის პირველი შეკრების ღონისძიების გახსნისას სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა “ტექინფორმი” ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გაიმარჯვა და მომდევნო ორი (2026-2027) წლის განმავლობაში პროექტის – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ – (ERIC-GE), კოორდინატორი იქნება. პროფესორ ზურაბ გუდავაძის განცხადებით, კონკურსში უნივერსიტეტის გამარჯვება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სივრცისთვის, იმდენად, რამდენადაც პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე მეთოდების შეფასების გაცნობას და მათ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.
„განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავ, რომ 2025 წლის კონკურსში – ERASMUS-EDU-2025-CBHE-STRAND-1 (Capacity Building in Higher Education), გაიმარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება პროექტის კოორდინატორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი ინსტიტუტი „ტექინფორმი“ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პროექტის განხორციელებაში, როგორც კოორდინატორები, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი ყველა აქტივობის ჩატარების ხარისხისა და ევროპული სტანდარტების სრულ დაცვას. პროექტი ERIC-GE მიზნად ისახავს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების სისტემურ გაძლიერებას. თანამედროვე უნივერსიტეტი XXI საუკუნის გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში გარდაიქმნა ინტელექტუალური კაპიტალის, ახალი ცოდნის სისტემური გენერირების და მისი საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ პრაქტიკაში გამოყენების მთავარ პლატფორმად. უნივერსიტეტი დღეს უკვე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ინტეგრირებულია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა, ვითარდება კრიტიკული აზროვნება და ყალიბდება ახალი სამეცნიერო პარადიგმები. უნივერსიტეტი ამ პროცესში აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას და ინდუსტრიას, ხელს უწყობს ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას და ქმნის ინოვაციური ეკოსისტემის საფუძველების განვითარებას. კვლევა, სიახლეების შექმნა და დანერგვა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ქვაკუთხედია. სწორედ კვლევაზე და ცოდნის პრაქტიკულ ტრანსფორმაციაზე დაფუძნებული მოდელი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რეალურ ჩართულობას საზოგადოებრივი პროგრესის, ტექნოლოგიური წინსვლისა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესში. პროექტი ERIC-GE სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს – ხელს შეუწყობს კვლევითი მენეჯმენტის მოდერნიზებას, ინოვაციური ეკოსისტემების გაძლიერებას, უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ფორმატში. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, დავნერგოთ ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტები და გავაძლიეროთ ინსტიტუციური მართვის კულტურა. ეს არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებაა, არამედ თანასწორ პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რომელიც ქმნის გრძელვადიან ღირებულებას. პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ კოორდინატორის ამპლუა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. კოორდინაცია ნიშნავს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ მართვას, არამედ ხედვის ფორმირებას, სტრატეგიული მიზნების თანმიმდევრულ განხორციელებას და პარტნიორებს შორის ეფექტიანი სინერგიის უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი პროფესიონალიზმითა და უდიდესი პასუხისმგებლობით წარუძღვება ამ პროცესს. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს, ინსტიტუტის გუნდს და კონსორციუმის წევრებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გუდავაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერმზომელობის დანერგვაა, რათა გაძლიერდეს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კვლევითი უნარები და გაღრმავდეს აკადემიური პერსონალის კომპეტენცია. პროექტის საშუალებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას, რომელიც გამოადგებათ მეცნიერებათმზომელობის სრულფასოვანი ანალიზის ჩასატარებლად და გაეცნობიან მოწინავე კვლევით მეთოდებს და მიდგომებს, რომელთაც შემდეგ სასწავლო-კვლევით საქმიანობაში გამოიყენებენ. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ინსტიტუციური კვლევითი პოლიტიკის მოდერნიზებით, ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ძირითადი მიზნები და ინიციატივებია: სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ახალი ონლაინ კურსის – მეცნიერებათმზომელობის – დანერგვა. აღნიშნული კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ციტირების ანალიზი, ბიბლიომეტრული ინდიკატორები, პატენტმზომელობა, გავლენის შეფასება, კვლევის ტენდენციების რუკა, შეფასების მეთოდებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ა.შ.

