პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში – „შენი თბილი კერა“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ადეიშვილმა გორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტი გადასცეს.

როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, ასოციაცია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის, ასევე, დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

„ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებათა ციკლი დეკემბრის დადგომისთანავე დავიწყეთ. პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში გავმართეთ. ყველაზე საყვარელ ხალხს, ჩვენს მოხუცებს, განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომას ესაჭიროებათ. ამ შეხვედრით ყველა ერთნაირად ბედნიერი იყო, ყველას სიხარულით, სიკეთითა და მადლიერებით სავსე თვალები ჰქონდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს – ყველას, ვინც ქალთა ასოციაციას ამ კეთილ საქმეში გვერდში დაუდგა“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.

ხანდაზმულთა სახლის – „შენი თბილი კერა“ – ხელმძღვანელმა ჟუჟუნა წერეთელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქალთა ასოციაციას, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის და სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 10 000 ლარი დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრა. მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს. დაცვის მხარე სასამართლოს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს ჭავჭავაძის N33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის” მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI - FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) კოორდინატორია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, „ჰორიზონტი ევროპის” საგრანტო პროექტ FORGE-AI-ის განხორციელებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული. სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, სამწლიან პროექტ FORGE-AI-ში, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მლნ ევროს აღემატება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე, სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სტარტაპებთან ერთად, ჩართულია 13 პარტნიორი უნივერსიტეტი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან. მათი ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი FORGE-AI-ის ფარგლებში შექმნილი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების კონსორციუმის მეცნიერებსა და მკვლევრებს მორიგ წარმატებას ულოცავს. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, ასევე ხორციელდება „ჰორიზონტი ევროპის” კიდევ ერთი საგრანტო პროექტი - „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის "ნეთვორკინგის" და "თვინინგის" ინიციატივა - GAIN. „მეცნიერთა ჯგუფს, ქართული და უცხოური უნივერსიტეტების გაერთიანებას ვულოცავ მორიგ წარმატებას. პროექტი - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ - მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და უზრუნველყოს მდგრადი პირობები ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალგაზრდა მკვლევართა კარიერული ზრდისა და მეცნიერული წინსვლისთვის. ეს არის შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, ასევე, სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვისა და დემონსტრირებისთვის. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას, რომელსაც ყველა პირობა აქვს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სახელით, საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს”, - აცხადებს დავით გურგენიძე. სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI - FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) - განხორციელება 2025 წელს, სავარაუდოდ გაზაფხულზე, სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება.

ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა და ქალაქ აქტაუსთან მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით და ჯარიმა 2 500 ლარი

თბილისის საქალაქოს სასამართლომ "კოლიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააჯარიმა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შეუჩერა. "იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით და ჯარიმა 2,500ლ ვაი ვაი" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუკში". შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2024 წლის 2 დეკემბერს  თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ. დალავებიდან რამდენიმე საათში "კოალიცია ცვლილებებისთვის"ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა: "გარეთ ვარ"

ბოლო სიახლეები