ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.

სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, კონკურენციის, მომხმარებლის დაცვისა და ანტიდემპინგურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადებას და სხვადასხვა კვლევითი თუ შემეცნებითი პროექტების ერთობლივად შემუშავებას.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული კოლაბორაცია, მხარეთა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით, მკვეთრად დადებით ასახვას პოვებს სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე.

„მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სააგენტოს უზრუნველყოფს მისთვის საჭირო, მაღალრეიტინგული და მოტივირებული მომავალი სპეციალისტებით, ასევე, უნივერსიტეტი და სააგენტო, უფლებამოსილებათა ფარგლებში, მაქსიმალური გამჭვირვალობის დაცვით, დაინტერესებულ პირებს სათანადო ინფორმაციას გაუზიარებს. გარდა ამისა, მემორანდუმი გამომგონებლებისა და მკვლევრებისთვის არის ერთგვარი გარანტი საქმიანობისა და მიღებული შედეგების დაცვის მიმართულებით. მხარეები ვკისრულობთ ვალდებულებას ერთობლივად განვახორციელოთ სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტები, რაც, თავისთავად, სტუდენტების კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. დოკუმენტის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეძლებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი: ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს, ან ქალბატონ კალასს რაიმე აქვს შეცვლილი თავის წარმოდგენებში, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი ქვეყნის...

უცხოური ჩარევა გამოწვევაა და დღევანდელ სამყაროში სწორედ ჩარევა, მეხუთე კოლონების შექმნა სხვა ქვეყნებში არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც იყენებენ გავლენების გასატარებლად. ამას აღიარებს ყველა. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს, არიან ისინი, ვინც საქართველოში თავად არიან მეხუთე კოლონა და თავად არიან შექმნილი და დაფინანსებული, რათა საკუთარ ქვეყანას უმტრონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და საქართველოს ხელისუფლებაც საქართველოს ინტერესზე ზრუნავს.„ოთხი წელი გადის უკრაინაში ომის დაწყებიდან და ოთხი წლის წინ, აქედან რამდენიმე მეტრში, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და პარტიები – მეხუთე კოლონა, ზუსტად ამ სქემით იდგა პარლამენტის წინ, ითხოვდა, ჩავრთულიყავით ომში, გაგვეგზავნა მებრძოლები უკრაინაში, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, შევსულიყავით ესკალაციაში, რომლის ბოლოც აუცილებლად იქნებოდა ომი. ამას აკეთებდა უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა. საკუთარ ქვეყნებში ამას ებრძვიან, პრევენციას ახდენენ და აქ აფინანსებენ მეხუთე კოლონას, რათა კრიტიკულ მომენტებში ზურგში ლახვარი ჩასცხონ საკუთარ ქვეყანას, შეიყვანონ ომში, გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას, არჩევნების და დემოკრატიის არაღიარების გზაზე იდგნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა თავის ინტერესებს უყურებს. თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ ბრიუსელი ჩვენი ინტერესით იღვიძებს და იძინებს, ქალბატონ კალასს, რომელიც ესტონეთში პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებდა, რაიმე აქვს შეცვლილი თავის წარმოდგენებში. ყველამ საკუთარ ინტერესზე უნდა იზრუნოს, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ინტერესზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და  პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

ტატა ხვედელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებული

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებული.როგორც ხვედელიანმა განაცხადა, ხელისუფლებამ პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს.„ზოგადად, ეს გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებულია, რადგან ჩვენს მოსახლეობას ეს პრობლემა, დიდი ხანია, აწუხებს. ამაზე საუბარი მუდმივად არის. ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, როგორც სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იძულების წესით იღებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება სწორია.სახელმწიფომ ბიზნესს სტანდარტები უნდა შესთავაზოს და ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ქვეყანაში ქართველები მძიმე მდგომარეობაში არიან, გარბიან ქვეყნიდან იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელიც „ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა. ქვეყნის ხელისუფლებამ პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.

ირაკლი კობახიძე – წარმოუდგენელია, როდესაც ესტონეთის საელჩო ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს

წარმოუდგენელია, როდესაც კონკრეტული საელჩო, ამ შემთხვევაში, ესტონეთის საელჩო, ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის შეფასებით, განათლების რეფორმის პოლიტიზება არასწორია.„ყველა ვთანხმდებით, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში არ არის სათანადო და ამ კუთხით, მსგავსი ვითარება გვაქვს ილიას უნივერსიტეტშიც, ისევე, როგორც სხვა უნივერსიტეტებში. ეს ეხება, მათ შორის, თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებს, საჯაროს, კერძოს. ჩვენ გვინდა ვითარების გაუმჯობესება. ამ მცდელობის პოლიტიზებას როდესაც ცდილობს ესტონეთის საელჩო, ეს გაუგებარიც არის და არასწორიც. ეს არის კიდევ ერთი იაფფასიანი მცდელობა, პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს

ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, არის ორმაგი სტანდარტი – ყველას უნდა, რომ სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს არ მოსწონთ.„მარტივად არის საქმე, როდესაც თვითონ ერევიან. უნდათ რომ ეს ასე დარჩეს . როდესაც მათ საქმეში ერევიან, უნდათ, რომ პრევენციული ზომები მიიღონ. ორმაგი სტანდარტია. ყველას უნდა, რომ სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს არ მოსწონთ. ჩვენი ინტერესია, რომ არც ჩვენ ჩავაყოფინოთ არავის ცხვირი ჩვენს საქმეში. ეს არის ჩვენი საქმე. ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს. თავის დროზე გამჭვირვალობის კანონი გააპროტესტეს, სხვა საკანონმდებლო აქტები გააპროტესტეს. ყველა ეს კანონი ემსახურებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვას და რა თქმა უნდა, მყარად ვრჩებით ამ პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები