ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მაყურებლის წინაშე „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე სპექტაკლით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მაყურებლის წინაშე ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „თეთრი ბაირაღები“ მეხუთასე წარმოდგენით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, პიესა ერთ მოქმედებად და ცხრა სურათად „მოდინახეს“ სცენაზე პირველად 1972 წელს, სახალხო არტისტმა ბორის წიფურიამ, ხოლო 1980 წელს, სტუ-ის თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგა.

მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სცენაზე „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძე, პარლამენტის წევრები – ქეთევან დუმბაძე და გივი ჭიჭინაძე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შალუტაშვილი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, სტუ-ის ადმინისტრაციისა და სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მეხუთასე წარმოდგენის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, „თეთრი ბაირაღები“ უკვე 52-ე წელია, რაც „მოდინახეს“ რეპერტუარშია და წარმატებით იქნა ნაჩვენები, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე, გერმანიასა და თურქეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებზე, სადაც სპექტაკლმა გრანპრი მოიპოვა.

„ნოდარ დუმბაძე იყო ადამიანი ლეგენდა, რომელმაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით აღსავსე შემოქმედება დაგვიტოვა. დღეს „მოდინახეს“ რეპერტუარიდან სპექტაკლ „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენაა. აქ, ამ სცენაზე, ამ სპექტაკლში თამაშობდნენ საქართველოს სახალხო არტისტები გოგი გეგეჭკორი, გივი ბერიკაშვილი და ბორის წიფურია. მათი შესრულებული როლები დღემდე ახსოვს უფროს თაობას. ეს იყო ხელოვნების ზეიმი. როლებს, რომელიც საქართველოს დიდმა არტისტებმა შეასრულეს, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მოყვარული მსახიობები ასრულებენ. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ახალგაზრდებმა დიდი შრომით მიაღწიეს წარმატებას, ძალიან საინტერესოდ და ახალი ხედვით თამაშობენ. მინდა მათ, მთელ დასსა და რეჟისორს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთევან დუმბაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფისთვის.

„აფიშა გვამცნობს, რომ დღეს „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენა იმართება. 500 სპექტაკლი ერთ თეატრში, ერთ სცენაზე – ეს მწერლის უკვდავყოფაა. გადის წლები და ნოდარ დუმბაძე არ ავიწყდებათ და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. როცა ეს რომანი დაიწერა, კრიმინალების ნაწარმოებად მონათლეს. მინდა იცოდეთ, რეალურად, რომანი „თეთრი ბაირაღები“ ათ მცნებაზეა აგებული. დღეს, აქ, ამ დარბაზში და სცენაზე ბევრი ახალგაზრდაა. სტუდენტებო, წარმატებული საქართველოს მომავალო, რადგან თქვენ ამ სპექტაკლს დგამთ და მოდიხართ მის სანახავად, მჯერა, რომ თქვენი ცხოვრების წესი, ისევე როგორც ნოდარ დუმბაძისა, სწორედ ათი მცნებიდან გამომდინარეობს და სიკეთით, მოყვასის სიყვარულითა და კეთილშობილებით საზრდოობს. „ადამიანი ფრესკა არ არის, ერთ სიბრტყეში რომ უყურო. ადამიანს, როგორც ქანდაკებას, გარშემო უნდა შემოუარო და რომელი მხრიდანაც ყველაზე კარგად იმზირება, იქიდან უნდა შეხედო“ – ეს იყო მამაჩემის, ნოდარ დუმბაძის ცხოვრების ამოსავალი წერტილი. გახსოვდეთ ეს და იყავით ადამიანები“, – აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, ვიცე-პრემიერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუმრებს და რა თქმა უნდა, „მოდინახეს“ შემოქმედებით კოლექტივს.

„მეხუთასე წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს არის ჩვენი დასის გამარჯვება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან დუმბაძეს. ბატონი ნოდარი ჩემთვის იყო უდიდესი ადამიანი. „მოდინახეს“ სცენაზე ნოდარ დუმბაძის ხუთი სპექტაკლი გადის. დიახ, ნოდარ დუმბაძე უკვდავია. ავტორს დასი ირჩევს. უახლოეს მომავალში, თეატრი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი პრემიერით წარსდგება. როდესაც სტუდენტებს ვკითხე, რომელი ავტორი გვეთამაშა, ყველამ ერთხმად ნოდარ დუმბაძე დაასახელა. ახალ სპექტაკლში – „მე ვხედავ მზეს“, ყველა მსახიობი პირველკურსელია. 54-მა პირველკურსელმა ნოდარ დუმბაძე აირჩია. აი, ეს არის მწერლის გამარჯვება დროზე“, – განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტი, რექტორი და ადმინისტრაცია სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეას“ დასის განვითარებას, ზრდას და მის სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას ყოველთვის ხელს შეუწყობს.

„დღევანდელმა წარმოდგენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ამ დიდი სიამოვნებისთვის რეჟისორს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს და რაც მთავარია, საუნივერსიტეტო დასს, ჩვენს სტუდენტებს, რომელთაც დიდი შრომა გასწიეს, რათა დღეს სპექტაკლი წარმატებით წარედგინათ მაყურებლისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ მალე „მოდინახე“ გასტროლებზე საბერძნეთს ეწვევა. წარმატებები მათ!“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, სპექტაკლის დასასრულს, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „მოდინახეს“ დასს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოყვარულ სტუდენტ მსახიობებს, რეჟისორს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სასიამოვნო და თბილი საღამოსთვის და წარმატებები უსურვა მათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურორებთან გასაუბრებაზე უარი თქვა, რადგან მის საჯარო განცხადებებზე გამოძიება დაწყებული არ არის

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროკურორებთან გასაუბრებაზე უარი თქვა.მისივე თქმით, პროკურორების წარმომადგენლებმა ვერ დაასხელეს საპორცესო ნორმა, რის საფუძველზეც გასაუბრება იგეგმებოდა.საკითხი ეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ საჯარო წერილებს.„გამოძიება თუ დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მისცეს ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან. ეს ყველაფერი ოქმის სახით დაფიქსირდა. საუბარი არ შემდგარა. როგორც აღმოჩნდა, გამოძიება დაწყებული არ არის. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე, სათანადო განცხადებით, გამოძიების დაწყების თაობაზე მივმართოთ გენერალურ პროკურორს. ვფიქრობდით, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაწყებულიყო საჯარო განცხადებების საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება ფსიქიკური და მორალური ზემოქმედების ნიშნებს შეიცავდა. როგორც აღმოჩნდა, არ არის დაწყებული. გამომძიებელმა მითხრა, რომ სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს. ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა. ისინი ამას ხსნიან გავრცელებული პრაქტიკით, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში“ , – აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა – ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა.როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და მსგავსი ნორმა მასში მითითებული არ არის. შესაბამისად, ბარათაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ის ციხიდან პირდაპირ, გენერალურ პროკურატურაში მიემართება, სადაც გენერალური პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.„დღეს, ირაკლი ღარიბაშვილთან ორი გამომძიებელი იყო შესული, მათ გამოთქვეს სურვილი, მას გასაუბრებოდნენ. ჩვენ ვკითხეთ, თუ რომელი საპროცესო ნორმის მიხედვით ხდებოდა გასაუბრება, მათ ეს ვერ დაგვისახელეს, გვითხრეს, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენ ვუპასუხეთ მათ, რომ ამგვარ ფორმას, გასაუბრებისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუკი, გამოძიება დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მისცეს ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან, ეს ყველაფერი ოქმის სახით დაფიქსირდა.საუბარი არ შემდგარა. როგორც აღმოჩნდა, გამოძიება დაწყებული არ არის. ამის თაობაზე ჩვენ აღვნიშნეთ ოქმში, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე, სათანადო განცხადებით, გამოძიების დაწყების თაობაზე მივმართოთ გენერალურ პროკურორს. ვფიქრობდით, რომ გამოძიება ვალდებული იყო გამოძიება დაწყებულიყო საჯარო განცხადებების საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება ფსიქიკური და მორალური ზემოქმედების ნიშნებს შეიცავდა.როგორც გამომძიებელმა მითხრა, მან სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს, ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა და საერთოდ, საპროცესო ქმედება, ისინი ამას გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში“, - განაცხადა ბარათაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო.ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამ...

როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება ამ ყველაფერს მიეცეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტის მიღმაც ეს არის ძალიან მძიმე შეფასების საგანი.„ორმაგ სტანდარტსაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება ამ ყველაფერს მიეცეს. ორმაგი სტანდარტის მიღმაც ეს არის ძალიან მძიმე შეფასების საგანი“, – აღნიშნა პრემიერმა.

ჩინეთი სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრას ისტორიული მნიშვნელობა ექნება და ის ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება. ეს იქნება სამი ქვეყნის ლიდერების პირველი ერთობლივი პირისპირ შეხვედრა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაო ნინის განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი გლობალური მშვიდობის შენარჩუნება და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცება იქნება.„ეს იქნება ისტორიაში ჩინეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მეთაურების პირველი პირისპირ შეხვედრა. ისინი საფუძვლიანად განიხილავენ მსოფლიო მშვიდობის დაცვასა და წამყვან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხებს. ამ შეხვედრას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები გაერო-ს დამფუძნებელი სახელმწიფოები და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. ისტორიულად, ეს სამი ქვეყანა გვერდიგვერდ იბრძოდა მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვებისთვის“ – განაცხადა მაო ნინმა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, სამ ქვეყანას გლობალური გამოწვევების დაძლევაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.„არსებულ ვითარებაში სამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, ითანამშრომლონ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ხელი შეუწყონ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩინეთს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, უთანხმოებების მართვა და ურთიერთობების სტაბილიზაცია სამივე ქვეყნის ინტერესებში შედის, პასუხობს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს და ხელს უწყობს გლობალური ვითარების სტაბილიზაციას, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა მაო ნინმა.მისივე თქმით, სამი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა პეკინს მოლაპარაკებების კონკრეტული დღის წესრიგი ჯერ არ გამოუქვეყნებია.ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შეხვედრაზე ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხის წამოჭრას გეგმავს. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ორგანიზაცია მზად არის, მხარი დაუჭიროს ბირთვული განიარაღების ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შედეგად შეიძლება დაიწყოს.

სტუ-ის რექტორი სტუდენტ საბა ლაზიშვილს აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს, საბა ლაზიშვილს, აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის (RAF) სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც რექტორის მილოცვაშია აღნიშნული, ლეგენდარული ამერიკელი მებრძოლის, ურაია ფეიბერის, ანგარიშით 12:7 დამარცხება საბა ლაზიშვილისთვის განსაკუთრებული სპორტული მიღწევაა, რომელიც მისი პროფესიონალიზმის, შეუპოვრობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის გამოხატულებაა.„საბა ლაზიშვილს ვულოცავ ამ გამორჩეულ სპორტულ მიღწევას! მისი გამარჯვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის დიდი სიხარულის საფუძველია. ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარება და საკუთარი პოტენციალის რეალიზება როგორც სპორტულ, ისე აკადემიურ ასპარეზზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ჩვენი სტუდენტები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო არენაზე და საკუთარი მაგალითით ადასტურებენ, რომ ცოდნა, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და ძლიერი ნებისყოფა წარმატების მთავარი საწინდარია.სპორტული მიღწევები და აკადემიური განათლება ერთმანეთს ავსებს, ხოლო მიზანდასახულობა და ცოდნის მუდმივი გაღრმავების სურვილი ახალგაზრდის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი პირობაა. მით უფრო საგულისხმოა, რომ საბა ლაზიშვილმა პროფესიად ინფორმატიკისა და მართვის სისტემები აირჩია - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი დარგი, რომელიც მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს.საბა, გისურვებ ახალ გამარჯვებებს, პროფესიულ წინსვლასა და დასახული მიზნების განხორციელებას. მჯერა, ეს შთამბეჭდავი გამარჯვება შენი წარმატებული სპორტული გზის მხოლოდ დასაწყისია. ვამაყობთ შენით და გისურვებ საქართველოს სახელის კიდევ მრავალჯერ ღირსეულად წარმოჩენას!“ - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

ბოლო სიახლეები