ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მაყურებლის წინაშე „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე სპექტაკლით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მაყურებლის წინაშე ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „თეთრი ბაირაღები“ მეხუთასე წარმოდგენით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, პიესა ერთ მოქმედებად და ცხრა სურათად „მოდინახეს“ სცენაზე პირველად 1972 წელს, სახალხო არტისტმა ბორის წიფურიამ, ხოლო 1980 წელს, სტუ-ის თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგა.

მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სცენაზე „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძე, პარლამენტის წევრები – ქეთევან დუმბაძე და გივი ჭიჭინაძე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შალუტაშვილი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, სტუ-ის ადმინისტრაციისა და სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მეხუთასე წარმოდგენის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, „თეთრი ბაირაღები“ უკვე 52-ე წელია, რაც „მოდინახეს“ რეპერტუარშია და წარმატებით იქნა ნაჩვენები, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე, გერმანიასა და თურქეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებზე, სადაც სპექტაკლმა გრანპრი მოიპოვა.

„ნოდარ დუმბაძე იყო ადამიანი ლეგენდა, რომელმაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით აღსავსე შემოქმედება დაგვიტოვა. დღეს „მოდინახეს“ რეპერტუარიდან სპექტაკლ „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენაა. აქ, ამ სცენაზე, ამ სპექტაკლში თამაშობდნენ საქართველოს სახალხო არტისტები გოგი გეგეჭკორი, გივი ბერიკაშვილი და ბორის წიფურია. მათი შესრულებული როლები დღემდე ახსოვს უფროს თაობას. ეს იყო ხელოვნების ზეიმი. როლებს, რომელიც საქართველოს დიდმა არტისტებმა შეასრულეს, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მოყვარული მსახიობები ასრულებენ. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ახალგაზრდებმა დიდი შრომით მიაღწიეს წარმატებას, ძალიან საინტერესოდ და ახალი ხედვით თამაშობენ. მინდა მათ, მთელ დასსა და რეჟისორს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთევან დუმბაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფისთვის.

„აფიშა გვამცნობს, რომ დღეს „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენა იმართება. 500 სპექტაკლი ერთ თეატრში, ერთ სცენაზე – ეს მწერლის უკვდავყოფაა. გადის წლები და ნოდარ დუმბაძე არ ავიწყდებათ და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. როცა ეს რომანი დაიწერა, კრიმინალების ნაწარმოებად მონათლეს. მინდა იცოდეთ, რეალურად, რომანი „თეთრი ბაირაღები“ ათ მცნებაზეა აგებული. დღეს, აქ, ამ დარბაზში და სცენაზე ბევრი ახალგაზრდაა. სტუდენტებო, წარმატებული საქართველოს მომავალო, რადგან თქვენ ამ სპექტაკლს დგამთ და მოდიხართ მის სანახავად, მჯერა, რომ თქვენი ცხოვრების წესი, ისევე როგორც ნოდარ დუმბაძისა, სწორედ ათი მცნებიდან გამომდინარეობს და სიკეთით, მოყვასის სიყვარულითა და კეთილშობილებით საზრდოობს. „ადამიანი ფრესკა არ არის, ერთ სიბრტყეში რომ უყურო. ადამიანს, როგორც ქანდაკებას, გარშემო უნდა შემოუარო და რომელი მხრიდანაც ყველაზე კარგად იმზირება, იქიდან უნდა შეხედო“ – ეს იყო მამაჩემის, ნოდარ დუმბაძის ცხოვრების ამოსავალი წერტილი. გახსოვდეთ ეს და იყავით ადამიანები“, – აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, ვიცე-პრემიერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუმრებს და რა თქმა უნდა, „მოდინახეს“ შემოქმედებით კოლექტივს.

„მეხუთასე წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს არის ჩვენი დასის გამარჯვება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან დუმბაძეს. ბატონი ნოდარი ჩემთვის იყო უდიდესი ადამიანი. „მოდინახეს“ სცენაზე ნოდარ დუმბაძის ხუთი სპექტაკლი გადის. დიახ, ნოდარ დუმბაძე უკვდავია. ავტორს დასი ირჩევს. უახლოეს მომავალში, თეატრი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი პრემიერით წარსდგება. როდესაც სტუდენტებს ვკითხე, რომელი ავტორი გვეთამაშა, ყველამ ერთხმად ნოდარ დუმბაძე დაასახელა. ახალ სპექტაკლში – „მე ვხედავ მზეს“, ყველა მსახიობი პირველკურსელია. 54-მა პირველკურსელმა ნოდარ დუმბაძე აირჩია. აი, ეს არის მწერლის გამარჯვება დროზე“, – განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტი, რექტორი და ადმინისტრაცია სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეას“ დასის განვითარებას, ზრდას და მის სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას ყოველთვის ხელს შეუწყობს.

„დღევანდელმა წარმოდგენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ამ დიდი სიამოვნებისთვის რეჟისორს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს და რაც მთავარია, საუნივერსიტეტო დასს, ჩვენს სტუდენტებს, რომელთაც დიდი შრომა გასწიეს, რათა დღეს სპექტაკლი წარმატებით წარედგინათ მაყურებლისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ მალე „მოდინახე“ გასტროლებზე საბერძნეთს ეწვევა. წარმატებები მათ!“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, სპექტაკლის დასასრულს, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „მოდინახეს“ დასს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოყვარულ სტუდენტ მსახიობებს, რეჟისორს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სასიამოვნო და თბილი საღამოსთვის და წარმატებები უსურვა მათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვახტანგ ცინცაძე – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 1,5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, რაც, ცინცაძის შეფასებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ 2025 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე ამას მსოფლიო ბანკი ელოდებოდა.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც.„ჩვენ ვხედავთ, რომ 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 5,5 პროცენტი იქნება. საქართველოს 2026-2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 1,6-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, მათი მიზანია აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება.„ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ აღნიშნული ტენდენცია, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და, ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აქტორების ხილვით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ დგას „ბიბისის“ ცილისმწამებლური ფილმის უკან

საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აქტორების ხილვით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ დგას „ბიბისის“ ცილისმწამებლური ფილმის უკან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ BBC-ის მიმართ საჩივრით გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვინ დგას ამის უკან, მათ შორის იმ კამპანიის მონაწილეების ხილვით, ვინც ჩართული არიან ამ ცილიმწამებლური ფილმის და ზოგადად პუბლიკაციების საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში. გასაჩივრების პროცესი ალბათ ნაკლებად შეძლებს ამის გამოვლენას. ჩვენ რასაც მოველით, არის ის, რომ „ბიბისიმ“ საკუთარი დარღვევები აღიაროს და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორებას, პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით. რაც შეეხება კითხვას, ვინ დგას ამის უკან – ჩვენ ვხედავთ და შეგვიძლია, ეს ვივარაუდოთ იმ აქტორების ხილვით, რომლებსაც ვხედავთ და, რომლებიც იყენებენ ამ ცილისმწამებლურ პუბლიკაციებს საქართველოს დასაზიანებლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ბიუროკრატია მოქმედებს გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგით, სერიოზული მოლაპარაკებების მონაწილე არ არის და თავადაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე...

ყველა ვხედავთ და სამყაროც აკვირდება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის შიგნით მოქალაქეები ხედავენ ამას, რომ ბრიუსელი და ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია აცდენილი არიან ევროპელი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს მოქმედებს გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგით, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროპელი ხალხის ინტერესებს.„ამიტომ, თავისთავად, ეს აისახება, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაშიც, ზოგადად საგარეო პოლიტიკაში, რომელიც დღეს არის აშკარად არაპროფესიონალური და შედეგებიც ჩანს ევროკავშირისთვის, რომელიც სერიოზული მოლაპარაკებების, განხილვების მონაწილე არ არის და თავადაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე მაგიდასთან ზის. ამ ხატოვან გამოთქმას თავად ევროპელები იყენებენ. ამიტომ, საქართველოსთან მიმართებაშიც, ვიდრე ეს ბიუროკრატია არის, რთულია, ვიფიქროთ, რომ შესაძლებელი იქნება ურთიერთობის კარდინალური გამოსწორება. გამიზნული დაზიანებაა ქართველი ხალხის. ევროკავშირის გუშინდელი პოსტიც ამის გამოხატულებაა. ამით აჩვენებენ, რომ სინამდვილეში სხვა გეგმებია. იქნებ, მორჩნენ ვირეშმაკობას და თქვან პირდაპირ, ხელისუფლების შეცვლა არის მაი მიზანი და ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ვერ აგვარებენ. ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე სცემს საკადრის პასუხს ყველას, ვინც ცდილობს გარედან მოახვიოს არჩევანი. მარცხდებიან და შემდეგ გვაქვს ბრაზის სახით რაღაც გამოვლინებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ უკრაინას 90 მლრდ ევროს კრედიტი გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 90 მლრდ ევროს უპროცენტო კრედიტი გამოუყო. თანხის მესამედი საბიუჯეტო მხარდაჭერას, ხოლო 60 მლრდ - სამხედრო დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სამხედრო ხარჯები ე.წ. „კასკადური სისტემით“ განაწილდება. პირველ რიგში იარაღი თავად უკრაინაში, ევროკავშირში ან ევროპული ეკონომიკური ზონის ქვეყნებში იქნება შეძენილი. თუ აუცილებელი შეიარაღება იქ არ აღმოჩნდება, მაშინ იარაღის შეძენა მესამე ქვეყნებში, მაგ. აშშ-ში მოხდება.ფონ დერ ლაიენის თქმით, 30 მლრდ ევრო უკრაინაში რეფორმების გატარებაზე და ქვეყნის მოდერნიზაციაზე დაიხარჯება. ამ ინვესტიციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას უნდა შეუწყოს ხელი.დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარებულ ევროკავშირის სამიტზე მიღებული იყო გადაწყვეტილება 2026-2027 წლებში უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს კრედიტის გამოყოფის შესახებ. როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, ეს კრედიტი უკრაინამ მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაფაროს, რაც რუსეთი მას მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას გადაუხდის. თუ მოსკოვი ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე უარს განაცხადებს, მაშინ ევროკავშირი ვალის დასაფარად გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს.

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის წარმომადგენლობის ვიდეორგოლი გასაკვირი არ არის, თუმცა არავის გავუტარებთ შეურაცხყოფას, ყველას ვამხელთ, ვინც ნაბიჯს გადადგამს საქართველოს დროშის წინააღმდეგ

სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩოსგან, ევრობიუროკრატიისგან ასეთი ტიპის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლი და განცხადებები არ გვიკვირს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ელჩი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად ხელიხელჩაკიდებული დადიოდა წინასაარჩევნოდ და ხალხს ეუბნებოდა, „ნაცმოძრაობას“ ხმა მიეცითო, –  ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.„ეს ვიდეორგოლი გასაკვირი არ არის, თუმცა არავის გავუტარებთ შეურაცხყოფას, მით უფრო სახელმწიფო დროშის დღეს. ყველას ყოველთვის ვამხელთ, ვინც კი ნაბიჯს გადადგამს საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს დროშის წინააღმდეგ. უკვე ნათელი იყო, რომ ე.წ. აქციებს, რეალურად კი დამხობის მცდელობებს, ამ აქციებს ევროკავშირი აფინანსებდა და ხელს უწყობდა. ვითომ მილოცვა უნდოდათ საქართველოს დროშის დღის, ამ დროს კი პირდაპირ ხელშეწყობის წამახალისებელი რეკლამირება გააკეთეს იმ რადიკალური აქციების, რასაც თვითონ აფინანსებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები