ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო კონცერტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრს დაარსებიდან 88 წელი, ხოლო სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 78 წელი შეუსრულდა. საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრმა საიუბილეო თარიღებს გაზაფხულის პირველი კონცერტი მიუძღვნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონცერტი, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები, ჯაზის და ბლუზის მომღერლები მონაწილეობდნენ, სტუ-ის მეორე სასწავლო კორპუსში, საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სივრცეში, სრული ანშლაგით წარიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ლეგენდარულმა ჯაზ-ორკესტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყანას საერთაშორისო აღიარება არაერთგზის მოუტანა. რექტორის თქმით, ჯაზ-ორკესტრის ისტორია არა მხოლოდ მუსიკალური მემკვიდრეობის ქრონიკაა, არამედ უნივერსიტეტის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველი უმაღლესი საინჟინრო სკოლა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ცნობილია თავისი მეცნიერებითა და ინჟინერიით, თუმცა მისი სული და ხასიათი სწორედ ისეთ შემოქმედებით კოლექტივებში იკვეთება, როგორიც ჩვენი სახელოვანი ჯაზ-ორკესტრია. მაესტრო იოსებ ტუღუშის ორკესტრმა და მის ბაზაზე გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბებულმა ლეგენდარულმა ჯაზ-ბენდმა ათწლეულების განმავლობაში შექმნა მაღალი პროფესიონალიზმის, შემოქმედებითი თავისუფლებისა და ტრადიციებისადმი ერთგულების უნიკალური სინთეზი.

განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, თითოეულ მუსიკოსს – როგორც ვეტერანს, ისე ახალგაზრდას – იმ თავდადებისა და ნიჭიერებისთვის, რითაც ეს საღამო დაუვიწყარ მოვლენად იქცა. მსმენელის ემოცია, სავსე დარბაზი და ხანგრძლივი ოვაციები ნათლად ადასტურებს, რომ საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თაობებს მომავალშიც გააერთიანებს და არაერთ წარმატებას მოუტანს ჩვენს ალმა-მატერს“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრის ტრადიციებსა და მის შემოქმედებით განწყობებზე ყურადღება გაამახვილა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა და დირიჟოორმა, მაესტრო ირაკლი კალმახელიძემ.

„ჩემი ცხოვრება “გეპეის ჯაზ-ორკესტრს” 1968 წლიდან დავუკავშირე, მას შემდეგ, რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. ამ ჟანრს დიდმა მაესტრო სოსო ტუღუშმა მაზიარა და ვთვლი, რომ დღემდე მისი საქმის ერთგული გამგრძელებელი ვარ. 2018 წელს საუნივერსიტეტო ორკესტრმა 80 წლის იუბილე აღნიშნა და ფილარმონიასთან მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. სწორედ მაშინ მიენიჭა ორკესტრს მაესტროს სახელი. ჩვენი ორკესტრის ისტორია 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება, სასულე ორკესტრს ნიკოლოზ თევზაძე ხელმძღვანელობდა, შემდეგ წლებში კი კოტე კარგარეთელი. მოგვიანებით, დორიან კიტიას მოსვლით ოქროს ხანა დაიწყო – 1957 წელს ჩვენი ორკესტრი მხოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი გახდა. ორკესტრთან თანამშრომლობდნენ ცნობილი კომპოზიტორები: სანდრო მირიანაშვილი, კონსტანტინე პევზნერი, გოგი ცაბაძე, შოთა მილორავა, გია ყანჩელი, გურამ ბზვანელი და სხვები. ჩვენი ბიგ-ბენდი ერთგვარი სამჭედლო იყო ქართული ესტრადისა. აქ, ამ ორკესტრის წიაღში შეიქმნა ცნობილი მუსიკალური დუეტები, ტრიოები, მათ შორის ჯემალ სუხიშვილის ტრიო, გეპეის ცნობილი კვარტეტი – გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით, ჯანსუღ კახიძის „შვიდკაცა“, ანსამბლი „რერო“. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ “გეპეის ჯაზ-ორკესტრთან“ შეიქმნა იმ დროისთვის სრულიად ახალი – კონფერანსიეს ჟანრი, რომლის ცნობილი წარმომადგენლებიც იყვნენ ბაჯული გელოვანი, პაატა კახნიაშვილი, აბესალომ ლორია, ირაკლი მამაცაშვილი, ქართლოს კასრაძე, გია ჭირაქაძე. ამ სცენაზე აიდგა ფეხი ჩვენი ესტრადის თითქმის ყველა ვარსკვლავმა, მათ შორისაა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, დემურ ცქიტიშვილი, სერგო გოცირიძე, ნიკო ჯადუგიშვილი, გიული ჩოხელი, ჯილდა დათუაშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ეთერ კაკულია, დები ჩაფიჩაძეები, ზურა კობეშავიძე, ეკა კვალიაშვილი, გია მაჭარაშვილი, თემურ თათარაშვილი, თეკლა კალმახელიძე, თემო საჯაია, ქეთი ორჯონიკიძე და მრავალი სხვა.

ჩვენი ჯაზ-ორკესტრი დღეს უკვე ბრენდია, რომელიც ერთგულად აგრძელებს ძველ ტრადიციას და ქმნის ხარისხიან, მაღალი დონის პროდუქტს, რისი მიღწევაც შეუძლებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე. ჯაზ-ორკესტრის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს – აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს – პროფესორ კარლო კოპალიანს, ვიცე-რექტორებს – თამარ წერეთელსა და თამარ ლომინაძეს, მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას – დიდი სიყვარულისთვის, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის“, –

ამბობს მაესტრო ირაკლი კალმახელიძე.

 

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ბადრი ლებანიძის თქმით, საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი ერთგულად აგრძელებს ტრადიციას და ახალ თაობას, ახალ რეპერტუართან ერთად, იმ პოპულარულ ქართულ თუ უცხოურ ჯაზურ კომპოზიციებს გადასცემს, რომლებსაც წინა თაობის ვარსკვლავები წარმატებით ასრულებდნენ.

 

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ორკესტრში ძველი და ახალი თაობის გასაოცარი, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები უკრავენ: ირაკლი კვანჭიანი, თემურ მაისაშვილი, ცნობილი მეცნიერი – პროფესორი ამირან ცქიტიშვილი, კაკო ვაშალომიძე, რომელიც სახელგანთქმულ „გეპეის ჯაზს“ 1974 წლიდან შეუერთდა, ირაკლი კალმახელიძე, ზურაბ ცაგარელი, ბიჭიკო ქადაგიშვილი, გიორგი გვალია, დიმიტრი ლეკვეიშვილი, ვახტანგ კალმახელიძე, რომან პოღოსოვი, ვალერი პილტაკიანი, ამირან მარტიაშვილი, გრიგოლ მელაძე, ბარბარე წითლაური, გიორგი ზანაძე, აკაკი მამალაძე, მერაბ სანოძე, ლევან კვირიკაშვილი, თამო ჩომახიძე. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა სოლო მომღერლები, რომლებიც უბადლოდ ასრულებენ ქართულ და უცხოურ ჯაზს და ბლუზს: ბარბარა სამხარაძე, გიორგი ტატიშვილი, სოფო სიხარულიძე, ნუციკო მერაბიშვილი, საბა ღურწკაია, გიორგი ტატიშვილი და სხვები. სწორედ ჯაზ-ორკესტრის სხვადასხვა თაობის შემსრულებლები ქმნიან ერთად იმ განუმეორებელ აურას, რომელიც აღაფრთოვანებს აჯადოებს მსმენელს. უდიდესი სიყვარულით ვულოცავთ იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრსა და „გეპეის ჯაზს“ ღირსშესანიშნაც თარიღებს”, – აღნიშნავს ბადრი ლებანიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოში, გასული საუკუნის 40-50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრმა შეიტანა. ათეულობით წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში

რეალურად რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში, - თემაზე პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.თემურ მიქელაძის თქმით, ერთი დაავადების მართვისას სამ მედიკამენტზე მეტი პოლიპრაგმაზიაა. 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება არა ერთ თვეში, არამედ ახლავე შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის განზრახვის გათვალისწინებით, რუსეთს, შეუძლია, ევროპული ბაზრიდან ადრეული გასვლა დაიწყოს და უფრო საინტერესო მყიდველებზე გადაერთოს.„ისინი გეგმავენ რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ერთ თვეში. ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროპულ ბაზარზე მიწოდება ახლავე შევწყვიტოთ. შევიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავიმკვიდროთ თავი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „ხმამაღლა ფიქრია“.„მინდა, ნათელი იყოს, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ ერთ ან ორ თვეში მაინც უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ არ სჯობს, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან და იქ გავმყარდეთ? მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, – აღნიშნა პუტინმა.ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის – 2027 წლის სექტემბრიდან.

თეიმურაზ მღებრიშვილი – დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი.მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

„რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის“...

"ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს ამ გამოწვევებს უპასუხოს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს.შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოში სომხეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს."რას ნიშნავს ინტერესი, სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ზუსტად იგივე ამოცანები, რაც საქართველოს აქვს. ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი მოსახლეობისთვის. ჩვენთან ცალკე არის კიდევ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ვხედავთ დღეს სომხეთის პოლიტიკას. ჩვენი ადგილობრივი უცხო ქვეყნების დროშების მოფრიალე ხალხი რომ გვყავს, დააკვირდნენ სომხეთის პოლიტიკას, რომელიც დსთ-ს წევრიც არის და ევროკავშირთანაც ურთიერთობას აძლიერებს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება უნდა, საომარ მოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობის წარმომადგენლები ირანში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ასე რომ ეს ჩვენი ადგილობრივი პანიკიორები, რომლებსაც ყველაფერზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ხოლმე, დააკვირდნენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას და ნახონ, რა გამოწვევების წინაშეა სომხეთი და როგორც ცდილობს, ამ გამოწვევებს უპასუხოს.რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ინტერესი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამ საერთო ინტერესის ნაწილია მათ შორის, სატრანსპორტო დერეფანი, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ხდება შესაძლებელი. პირიქით, რაც უფრო სტაბილური იქნება გარემო რეგიონში, მით უფრო მიმზიდველი იქნება ტრანსპორტირებისთვის და მით უფრო ტვირთიც მოიმატებს. რეგიონში ყველა სახელმწიფო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა. ისინი ვერ ხედავენ თუ არ უნდათ რომ დაინახონ, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონული სტაბილურობისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დიდ დიღომში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები