შაბათი, აპრილი 4, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოხსენებით წარდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით – „კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური დარგების განვითარება საქართველოში“ – წარდგა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მოხსენებაში მეცნიერმა განიხილა თავისი კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური დანიშნულებისა და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები და კომპლექსები; ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია – საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისთვის საინჟინრო მომზადება, საბრძოლო მოქმედებების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა და სამხედრო თეორია.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აღნიშნავს, ელგუჯა მეძმარიაშვილის მოხსენებაში ყურადღება იყო გამახვილებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და კოსმოსური ტექნიკის განვითარების პერსპექტივებზე. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისთვის საინჟინრო მომზადება, ასევე სხვა მიმართულებები ეროვნული უსაფრთხოების სისტემის და სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გაძლიერებაში. რექტორის შეფასებით, ელგუჯა მეძმარიაშვილი იმ იშვიათ მეცნიერთა შორისაა, რომელთა საქმიანობა თანაბრად აერთიანებს ფუნდამენტურ მეცნიერებას, საინჟინრო პრაქტიკას და ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიულ ინტერესებს. მისი თქმით, კოსმოსური ტექნიკის მიმართულებით მეძმარიაშვილის კვლევები არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის ნაწილია, არამედ ეროვნული მნიშვნელობის ამოცანებსაც პასუხობს.

„აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კოსმოსური და სპეციალური დანიშნულების სისტემების განვითარებაში. მის მიერ დამუშავებული კონცეფციები და საინჟინრო მიდგომები ქმნის მყარ თეორიულ და პრაქტიკულ საფუძველს საქართველოში კოსმოსური ტექნოლოგიების ეტაპობრივი განვითარებისთვის. ეს არის სფერო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოების ხარისხსა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. ელგუჯა მეძმარიაშვილის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორიის განვითარება, რაც თანამედროვე სამხედრო-საინჟინრო აზროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტია და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიის საინჟინრო მომზადებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიულ რეაგირებას.

დღეს, როდესაც უსაფრთხოების გარემო დინამიკურად იცვლება და ტექნოლოგიური გამოწვევები სულ უფრო კომპლექსური ხდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სამეცნიერო სკოლა, რომელიც აერთიანებს სამხედრო თეორიას, საინჟინრო უზრუნველყოფას და მაღალ ტექნოლოგიებს. ელგუჯა მეძმარიაშვილმა სწორედ ასეთი სამეცნიერო მიმართულება ჩამოაყალიბა და განავითარა“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

რექტორის შეფასებით, ელგუჯა მეძმარიაშვილის საქმიანობა სცილდება ინდივიდუალური კვლევის ფარგლებს და ინსტიტუციურ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს. მის მიერ ჩამოყალიბებული სამეცნიერო სკოლა ზრდის ახალგაზრდა მკვლევართა ახალ თაობას, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც კოსმოსური ტექნიკის, ისე სამხედრო-საინჟინრო და სპეციალური სისტემების კვლევასა და პრაქტიკულ დანერგვაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს, რომ მის აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობს მეცნიერი, რომლის ნაშრომები და ინიციატივები პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას. კოსმოსური ტექნიკის განვითარება, სპეციალური დანიშნულების ნაგებობებისა და სისტემების შექმნა და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სამეცნიერო საფუძვლების გაღრმავება ეს ის სტრატეგიული მიმართულებებია, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალს როგორც ტექნოლოგიურად განვითარებული და უსაფრთხო სახელმწიფოსი“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს იმ კვლევით და ტექნოლოგიურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კოსმოსური ტექნიკის განვითარებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას.

სტუ-ის ინფორმაციით, ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო და საპროექტო კონცეფციით, სამხედრო-სამრეწველო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში აშენდა კოსმოსური ნაგებობების აგებისა და სრულმასშტაბიანი გამოცდების უნიკალური სასტენდო კომპლექსი საგურამოში და ბორჯომის რაიონის მთიან ზონაში აიგო მიწისზედა ტრანსფორმირებადი ნაგებობების ექსტრემალურ პირობებში გამოცდების პოლიგონი. ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ რეალიზებულ სამუშაოებში უმნიშვნელოვანესია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი „რეფლექტორი“, რომელიც ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე 1999 წ. 23-28 ივლისს წარმატებით გაიშალა, გამოიცადა და შემდეგ მოძრაობა გააგრძელა დამოუკიდებელ, დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. საქართველოში 23 ივლისი, საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის მოვლენის აღსანიშნავად, დაწესდა „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ”. ამასთან, ობიექტის კოსმოსში გაყვანა და ორბიტაზე წარმატებული გამოცდა, როგორც ფაქტი და მოვლენა, შეტანილია კოსმონავტიკის ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში; აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველომ გამოსცა საფოსტო მარკები. აღსანიშნავია გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ შექმნილი: თავდაცვითი დანიშნულების და ექსტრემალური პირობების მობილური, სწრაფად ასაგები 48-მეტრიანი სიგრძის სამხედრო ხიდი; საქართველოს სამგანზომილებიანი სამხედრო-საინჟინრო რუკა; საქართველოს ტერიტორიის და მასზე განლაგებული სამხედრო-საინჟინრო ობიექტების კატალოგები; სახელმწიფო, სამხედრო-საინჟინრო და მიზნობრივი პროგრამები; სპეციალური რაიონების მაღალი სიზუსტის კოსმოსური გადაღებების მონაცემთა ციფრული ბანკი და სხვა. განსაკუთრებულია ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის 1995-2025 წლებში შესრულებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამუშაოები: Daimler Bens Aerospace – გერმანია, Alenia Aerospazio – იტალია, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპული კოსმოსური სააგენტო – ESA და EOS Data Analytics – აშშ კონტრაქტებით, მათ შორის, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტენდერში გამარჯვებული პროექტი (2001), ახალი თაობის დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური ევროპული რეფლექტორული ანტენების შესაქმნელად. ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო სამუშაოების ბაზაზე შეიქმნა ახალი დისციპლინა „ტრანსფორმირებადი ნაგებობები“, რომელიც 2009 წლიდან, როგორც ძირითადი საგანი იკითხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2011 წელს, საქართველოში პირველა აამოქმედა სადოქტორო პროგრამა სამხედრო მეცნიერების დარგში. ელგუჯა მეძმარიაშვილი 2016 წლიდან ასევე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაარსებული სამხედრო ჟურნალის – „სამხედრო მეცნიერება. საქართველო“ − რედაქტორი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის...

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.„ერთი კვირის განმავლობაში მუდმივი კონტაქტი მქონდა სასულიერო პირებთან და ისინიც განცვიფრებული იყვნენ, რა ხდებოდა საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ეს აჩვენებს, რა ძალა ჰქონდა ამ უდიდეს პიროვნებას. გარდა ამისა, დავინახეთ ხალხის განწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ. შეცდომების გარეშე ვერცერთი ხელისუფლება ვერ არსებობს. ბოლო წლების მოვლენებს კარგად თუ გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის უსმენს ხალხს და ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო – დღეს ერი და ბერი ერთად დგას და სწორედ ამას ვიცავთ.ყველამ დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. აქ პოლიტიკური განსხვავება არ იყო, ეს იყო ეროვნული საკითხი – რომ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, რწმენას, ენას, კულტურას და ტრადიციებს. ეს იყო გამოხატული ბოლო წლებში ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მიერ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო ვიბრძვით პოლიტიკურ ველზე. გუშინდელი ჩემი შეხვედრაც ამ თემებს ეხებოდა. რა თანხვედრა გვაქვს, რას იცავს სლოვაკეთი – ეროვნული ინტერესები, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა ქვეყანას აწუხებს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებთან.ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების.„არავის დავიწყებია, როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც თავად პატრიარქი საუბრობს მასთან დაპირისპირებასა და ბრძოლაზე, როგორ უნდოდათ მაშინდელ ძალებსა და ხელისუფლებას ჩვენი სამოციქულო ეკლესიის დაკნინება. სწორედ ის ხალხი აკეთებდა ამას, ვინც დღეს ოპოზიციაში გაერთიანდა. პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების. ვერასდროს ვერაფრით აკნინებდნენ ჩვენი პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტს. საპატრიარქოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტზე მეტი ენდობოდა და მათთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორმე დაეზიანებინათ საპატრიარქოს ეს მაღალი მაჩვენებელი.თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა, ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რომ ვერ ვიცავდით ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს მაშინ, როდესაც შეურაცხყოფებს აყენებდნენ ეს ადამიანები ან მათი პარტნიორები. გაიხსენეთ გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. წარმოუდგენელ რამეს აკეთებდა, პირდაპირ მხარს უჭერდა ოპოზიციას და თქვა, რომ თქვენი პრობლემა არის თქვენი რწმენა, საპატრიარქოო. ასეთი ადამიანები არიან კოლეგები ამ ახლად შექმნილი თუ ძველი რადიკალური ოპოზიციის. როგორ შეიძლება, საქართველოში ეჭვი შეეპაროს ვინმეს, რომ ესენი არ არიან ერთი ძალა?! საქართველოს მოქალაქემ როგორ უნდა მისცეს თავს უფლება, ამ რადიკალურ ფრთას გაჰყვეს ან მხარი დაუჭიროს?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დაწყებული გაქვს პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესი, რაც არცთუ ისე ცუდად მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა არსებობდნენ განსხვავებული შეხედულების პარტიები, მაგრამ ეროვნულ პლატფორმაზე აუცილებლად უნდა იყვნენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მეუფე სტეფანე – პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს – ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ – პატრიარქის გარეშე...

პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს - ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს და პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.„პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი პატრიარქი ამდენი წელია ჩვენთვის ასე ზრუნავდა, გამოარჩია მოსაყდრე. ვხედავთ მის საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ. მე რასაც ვაკეთებ, ეს არ არის არჩევანის ფარულობის დარღვევა, მე უბრალოდ ასეთი აზრი მაქვს და არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე პოლემიკაში შევიდე“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ მოსაყდრეს აქვს ორი ხმა ან პატრიარქის ერთი, მაგრამ გადამწყვეტი ხმა, მეუფე სტეფანე პასუხობს: „არა... ვინ თქვა რომ გადამწყვეტია? ერთი ხმა აქვს, უბრალოდ უწმინდესისგან წარდგენილია როგორც მოსაყდრე“.„პატრიარქს მიაჩნდა, რომ ამ პიროვნებას მისგან უნდა ესწავლა ძალიან ბევრი რამ და თითქმის 9 წელი გვერდით ჰყავდა. მე ვიცი, რომ მეუფე შიო ყველა მოქმედებას პატრიარქთან ათანხმებდა. მხოლოდ იმ ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც პირადად მის კომპეტენციაში შედიოდა. რასაც ჰქვია ეკლესიის მართვა, პატრიარქის გარეშე მას არაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ მაქვს მისი ნდობა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრეზე – ცოტა სირცხვილი მაინც ჰქონდეს და უფლის მიმართ შენდობა ითხოვოს თუ პატრიარქის წინაშე არ ითხოვს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხი უკვე გადაწყდა მაშინ, როცა წმინდა სინოდის წევრობიდან გარიცხეს და დღევანდელ სინოდზე მისი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არ განხილულა. ამით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიტროპოლიტი სტეფანე მეუფე პეტრე ცაავას მიერ სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნას გამოეხმაურა.მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს წერილის შესახებ ინფორმაცია აქვს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს და მისი გადასაწყვეტია ვინ გასცემს პასუხს.„სინოდის სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა იმიტომ, რომ სინოდის სხდომის განხილვის საკითხი ეს არ იყო. გადაწყდა ადრე, სინოდის წევრი აღარ არის. მეუფე შიოსთანაა ეს ინფორმაცია. ჩვენ კი ვიცით, რომ ასეა, მაგრამ ვინ გასცემს პასუხს, მეუფე შიოს გადასაწყვეტია, ჩვენ სინოდზე ეს საკითხი საერთოდ არ განგვიხილავს.ჩემ პირად დამოკიდებულებას ვიტყვი, როდესაც პატრიარქს აბრალებდნენ სოდომურ ცოდვას, დრო გამოაჩენსო, გამოაჩინა დრომ? პატრიარქი ღმერთმა განადიდა. ამდენი ხალხმრავლობით და ცრემლნარევი შინაგანი სიმშვიდით და სიხარულით, რომლითაც გაერთიანდა ხალხი. ეს არ იყო რაღაც ზოგადი განწყობა, ეს იყო კონკრეტულად პატრიარქთან მიმართებაში.მე დიდი იმედი მქონდა, რომ მეუფე პეტრე ამას დაინახავდა. ცოტა სირცხვილი მაინც ჰქონდეს და უფლის მიმართ შენდობა ითხოვოს თუ პატრიარქის წინაშე არ ითხოვს. ასეთ სიბინძურეს აბრალებდა პატრიარქს და უფალმა გამოაჩინა, თუ ვინ არის ჩვენი პატრიარქი. ვინმეს ეჭვი ეპარება პატრიარქის სიდიადეში? პეტრეს თუ ეჭვი ეპარება, თავის ეჭვთან ერთად იყოს სადაც უნდა და სინოდში ნუ ეტენება, ეს მისი საქმე აღარ არის. განდიდდა უწმინდესი ყველას წინაშე და განულდა პეტრე. სულიწმიდის მადლმა გამოავლინა სულ სხვა რამ და ის სულ სხვა რამეს ცდილობს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.ინფორმაციისთვის, ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვს. მისი მიმართვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირისა და წმინდა სინოდისადმი, 3 აპრილს, იღუმენია თამარ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა…“ – მამა შალვა კეკელია

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა, აღდგომა სულ სხვა რამეა“, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა "360 გარდუსში" განაცხადა.მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობასა და დამახინჯებულ ხალხურ ტრადიციებზე ისაუბრა.„ადამიანები წითელ კვერცხს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და პასკის გამოცხობას, ვიდრე მსახურებაზე დასწრებას, ჯვარცმის მსახურებას. ეს არ არის სწორი. ეშმაკს უნდა, რომ ეს სიხარული, რაც აღდგომაა, სხვანაირად შეცვალოს. შენს ეკლესიაში მისვლას მაშინ აქვს ძალა, როდესაც იქ შენ მორიდებით და მოწიწებით დადგები და მსახურებას მთელი გულით მოუსმენ. მინდა ხალხს ვთხოვო, ვინც აღდგომას ტაძარში მოვა, იმისთვის არ წამოვიდნენ ტაძარში რომ ილაპარაკონ“,- ამბობს მამა შალვა კეკელია.

მეუფე ნიკოლოზი – გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან.მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, სად სჯობს, ჩატარდეს გაფართოებული კრება.„მთავარი საკითხი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, არის პროცედურული საკითხები. ბევრი წვრილმანი, ნიუანსია, რის გამოც გაგრძელდა დიდხანს წმინდა სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დავიღალეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, დაწყებული იქიდან, სად სჯობს, ჩატარდეს კრება. გაფართოებულ კრებაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი.ამხელა კრების ჩატარება არ არის მარტივი ტექნიკური თვალსაზრისით. ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს. ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი არ იყო. ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ ამას დასჭირდება თავისი შეზღუდვები, დაცვა, ყველაფერი. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, პროცედურა როგორი იქნება. დღევანდელი სინოდის შემდეგ კიდევ ერთი სინოდი იქნება, რომელზეც გამოვირჩევთ კანდიდატებს. ვფიქრობ, ესეც დიდხანს გაგრძელდება. სათითაოდ განვიხილავთ, ვინც შეიძლება, რომ იყოს კანდიდატი. კენჭისყრა იქნება სათითაოდ ყველა კანდიდატისთვის. ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს, ის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი გაფართოებულ კრებაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.კითხვაზე, როდის გაიმართება წმინდა სინოდის შემდეგი სხდომა, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: „საერთოდ 60 დღე გვაქვს. ალბათ ეს იქნება პატრიარქის ორმოცამდე ან ორმოცის შემდეგ მალევე, რადგან კრებაც უნდა მოესწროს“.რაც შეეხება გაფართოებულ კრებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნული კრება პროცედურული საკითხებით არ არის დატვირთული და შესაძლებელია, ერთ დღეში დასრულდეს.„იმედია, ერთ დღეში დასრულდება, რადგან გაფართოებული კრება იმდენად პროცედურული არ არის, რამდენადაც არის საჯაროობისათვის. ყველა ეპარქიებიდან იქნებიან წარმომადგენლები, ოღონდ არა ხმის უფლებით, არამედ სათათბირო ხმის უფლებით. აქ მოხდება სამი კანდიდატიდან ერთის გამორჩევა.  ყველა საკითხზე ვიმსჯელებთ შემდეგ სინოდზე. პროცედურებზე ვსაუბრობდით და არა კანდიდატებზე. კანდიდატებზე, ასაკზე, განათლებაზე – ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ შემდეგ სინოდზე. შესაბამისი პროცედურებით დავადგენთ, ვინ შეიძლება საერთოდ იყოს კანდიდატი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.ამასთან, როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია.„დებულების შეცვლა ამ ეტაპზე არის გამორიცხული, რადგან დებულება დაადგინა გაფართოებულმა კრებამ. დებულებაზე ზემდგომი კანონი არ არსებობს. არსებობს გაფართოებული კრება, ოღონდ ის არა, რომელიც ახლა იქნება. შემდეგ კრებას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი თუ მოიწვევს და ალბათ მოიწვევს, ალბათ ბევრი საკითხი იქნება გასაახლებელი, რადგან რამდენიმე ხანი გავიდა 1995 წლიდან. ახლა ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.კიდევ ერთ კითხვაზე, მრევლის წევრები როგორ მოხვდებიან გაფართოებულ კრებაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ და ხომ არ იღებს ეს ფორმალურ ხასიათს, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა:„მეც ეგ ვკითხე ყველას, ყველა მაგას კითხულობს, რომ საერთოდ რა აზრი აქვს გაფართოებულ კრებას, მაგრამ უფრო საჯაროობისთვის არის ეს. შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის ისეთი მოხსენება, რომელმაც შემდეგ სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა. ჩვენ ყველას ვუსმენთ. შესაძლოა, რაღაც ისეთი გავიგოთ ამ კანდიდატებზე, რაც მანამდე არ ვიცოდით –  კარგი ან ცუდი. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი“.

ბოლო სიახლეები