სამშაბათი, თებერვალი 10, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საუნივერსიტეტო საზოგადოება ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად ჩამოყალიბების შესახებ”.

როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, სწრაფად ცვალებადი გლობალური რეალობა, შრომის ბაზრის მოთხოვნები და ინოვაციური ეკონომიკის განვითარება თანამედროვე, მოქნილ და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას მოითხოვს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალით სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს კონსტრუქციული, ღია და პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს როგორც აკადემიური საზოგადოების პოზიციას, ისე ქვეყნის გრძელვადიან საგანმანათლებლო ინტერესებს: ტექნიკური უნივერსიტეტის – როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების ცენტრის – თვითმყოფადობის შენარჩუნება და მისი სამეცნიერო-ტექნიკური პროფილის გამოკვეთა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკის ფორმირებისთვის.

მიღებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების სისტემის დივერსიფიკაციის, სპეციალიზაციისა და ინსტიტუციური იდენტობის განმტკიცების საერთაშორისო პრაქტიკასთან.

გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების, ციფრული ტრანსფორმაციისა და შრომის ბაზრის სტრუქტურული გარდაქმნების პირობებში, განათლების სისტემის რეფორმა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. რეფორმის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ინსტიტუციური რეორგანიზაცია, არამედ საგანმანათლებლო პროცესის შინაარსობრივი განახლება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და უმაღლესი განათლების მჭიდრო კავშირი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან. ამ კონტექსტში ტექნიკური განათლება განიხილება როგორც კომპონენტი ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, სისტემურად და აქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. უნივერსიტეტი ფლობს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, აკადემიურ და სამეცნიერო რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მას მონაწილეობა მიიღოს რეფორმის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე. უნივერსიტეტის ხედვა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მართვას, სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციას, ინოვაციური პედაგოგიური მოდელების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

სტრატეგიული განვითარების პერსპექტივაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტები მოიცავს ტექნიკური და საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციას, კვლევითი და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებას, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის გაღრმავებას და ტექნოლოგიური ტრანსფერის მექანიზმების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაფართოებას და ახალგაზრდა მკვლევრებისა და ინჟინრების პროფესიულ განვითარებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განიხილავს საკუთარ მისიას როგორც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთიან პლატფორმას, რომელიც ემსახურება ეროვნული და რეგიონული განვითარების მიზნებს. სახელმწიფოსა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების პარტნიორობა ამ პროცესში განიხილება კრიტიკულ ფაქტორად რეფორმის ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტი მზად არის, გააგრძელოს პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განათლების სისტემის იმგვარი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.

დარწმუნებული ვართ, სახელმწიფოსა და აკადემიური საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ისეთი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს და მომავლის საჭიროებებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრული აზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში“, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

ინფორმაციისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ” უნივერსიტეტად. სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები მილევად რეჟიმში გადავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია მეორე მრევლს მიმართავს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან, სადაც ის ბრძანებს და მრევლს მოუწოდებს, ილოცონ და ელაპარაკონ გარდაცვლილი მშობლებს.„ვისაც მშობლები გარდაცვლილი გყავთ, უნდა გქონდეთ მათი სურათები, სურათებთან საკურთხი უნდა დაუდგათ და ელაპარაკოთ როგორც ცოცხლებს. მათ ესმით თქვენი, ისინი შეისმენენ თქვენს საუბარს. ლოცვა კურთხევა მშობელთა იყოს თქვენზე და ყოველ ადამიანზე",- ბრძანებს პატრიარქი.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ დოკუმენტები მზადაა

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ დოკუმენტები მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.„მიმდინარე კვირაში თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენი პოზიცია საკმარისად იქნება წარმოდგენილი ევროპაში და იგივე იქნება ამერიკის შემთხვევაშიც. ჩვენი მომლაპარაკებლების ჯგუფი პრაქტიკულად ყოველდღე მუშაობს დოკუმენტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც შეუძლიათ შედეგების მოტანა მომავალ შეხვედრებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობის შესანარჩუნებლად და რუსების მიერ შეთანხმებების ნებისმიერი სახის თავდასხმით ან ჰიბრიდული ოპერაციით ჩაშლის თავიდან ასაცილებლად.„უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტები მზადაა. უსაფრთხოების ალტერნატივა არ არსებობს. მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენის ალტერნატივა არ არსებობს. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ირაკლი კობახიძე – მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები

რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეკრებს საპარლამენტო კომისია მთავრობასთან ერთად და ეს მოგვცემს საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული,  რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში საზოგადოების თვალწინ წარიმართება უფრო ხანგრძლივად დებატები და საზოგადოება მიიღებს ძალიან ფართოდ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება.„კანონმდებლობას რაც შეეხება, ამ საკითხზე პარლამენტარებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ანტიმონოპოლიური მიმართულებით შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება. ამ საკითხებს ვამუშავებთ და საბოლოო ჯამში, ისევ პარლამენტს მივუბრუნდებით, იმიტომ, რომ მათი მისაღებია კანონი. რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებაზეც შეიძლება ფიქრი, რომ უფრო ქმედითად ამუშავდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხედავს გარკვეული კარტელური გარიგებების ნიშნებს. ორივე მიმართულებით, როგორც აღსრულების, ასევე კანონმდებლობის მიმართულებით, აქტიურად ვიმუშავებთ. სწორია, რომ კომისიები ხშირად საზოგადოებას აღიზიანებს კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი მიმართულებით შექმნილა წლების მანძილზე კომისიები და საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის მთავარია, შედეგი დაინახოს. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, რომ უკვე მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები და აპრილის შემდეგ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიკვეთოს პრობლემის გადაწყვეტის გზები.  საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში საზოგადოების თვალწინ წარიმართება უფრო ხანგრძლივად დებატები, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ ამის საშუალება. საზოგადოება მიიღებს ძალიან ფართოდ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება. ამიტომ, ერთი, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის იქნება ძალიან საინტერესო საპარლამენტო კომისიის მუშაობა და გარდა ამისა, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეკრებს საპარლამენტო კომისია მთავრობასთან ერთად და ეს მოგვცემს საბოლოოდ  პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი – ხელისუფლების პოლიტიკაა, ბალანსით, დიალოგით სწორი გამოსავალი მოიძებნოს სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის

ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მუდმივად ემყარება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების საკითხი კი განსაკუთრებულად პრობლემურია ჩვენი მოქალაქეებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამ თემაზე ძალიან ღიად საუბარი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში  პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა.ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ძალიან სწორი და მისასალმებელი ფორმატია აღნიშნული დებატები, რადგან, სხვადასხვა პოზიციისა და მოსაზრების მიუხედავად, ყველა მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ საკითხი, რასაც დებატები ეხება, ნამდვილად პრობლემაა და აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური ანალიზი, თუ რა იწვევს ფასების ზრდას და მედიაშიც ღიად ვისაუბრეთ, რომ დაახლოებით 86-პროცენტიან ფასნამატზეა საუბარი, ასე ვთქვათ, საზღვრიდან თარომდე. ძალიან კონკრეტულად გვაქვს იდენტიფიცირებული ის ცხრა პუნქტი, რომელიც პირდაპირ აისახება ფასნამატზე. ეს ცხრა პუნქტი, მათ შორის, ის საკითხებია, რომლებიც დადასტურებულია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობას. მისი თქმით, შეხვედრები შედგა, ფაქტობრივად, ყველა მოთამაშესთან, ვინც დაკავშირებულია და ფასწარმოქმნის ჯაჭვში მონაწილეობს.„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ქსელური მარკეტების სახით, წარმოდგენილია ცხრა ტიპის გადასახადი. რომ შევადაროთ, სახელმწიფოს, ჯამში, ექვსი გადასახადი აქვს, თუ ჩავთვლით ქონების გადასახადსაც“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის მოსაზრებით, ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად ისახება ფასების ზრდაზე.„არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ნაკლებად გვხდება ქართულ ქსელურ მარკეტებში და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა უპირველესად არის ის, რომ ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი მოიძებნოს იმისთვის, რომ გაიაფდეს სამომხმარებლო პროდუქცია და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და განვითარებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი

"ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად" - ამის შესახებ, "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა."ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად. მარტივად რომ ავხსნა - 95 წელს რომ ლარი შემოიღეს, სულ ბრუნვაში იყო 112 მილიონი ლარი, ახლა არის 34 მილიარდი ლარი, ანუ, 300-ჯერ მეტი ფულია ბრუნვაში. ოღონდ, ეკონომიკა ამ დროს გაიზარდა სულ 5-6-ჯერ. მერე ლარი უფასურდება, ეს კი გამოიხატება იმაში, რომ ძვირდება ზეთი, პური და ა.შ.34 მილიარდიდან, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს 30 მილიარდი დაიბეჭდა. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი და სანამ ამას არ შეეხება მთავრობა და ყურადღებას არ მიაქცევს მოსახლეობა, არაფერი არ ეშველება ფასებს.კომისია, რომელიც ბატონმა ირაკლი დააარსა, თავისი შინაარსით, ფარსია, რადგან იმ ნაწილსაც კი არ ეხება, რომელიც მთავრობის მხარეს არის. მაგალითად, ავიღოთ გადასახადები. მთავრობამ რომ დაწიოს ის გადასახადები, რომელიც ყველაზე ღარიბ ხალხს ეხება - აქციზი სიგარეტზე, ბენზინზე, - ეს ფასებზე შეიძლება დიდად არ აისახოს, მაგრამ მეტი ფული დარჩება ღარიბ ადამიანს ჯიბეში და უფრო მარტივად გაუმკლავდება გაზრდილ ფასებს. თუ მთავრობა არც რეგულაციებს არ აუქმებს, არც გადასახადებს ამცირებს, ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდვას აგრძელებს - მაშინ ფასებს არაფერი ეშველება და მაქსიმუმ, რასაც მთავრობამ შეიძლება მიაღწიოს, მორჩილ ბიზნესმენებს რამდენიმე პროდუქტზე ფასი დემონსტრაციულად შეამცირებინოს," - აცხადებს რაქვიაშვილი.პოლიტიკური დებატები, თემაზე - მაღალი ფასნამატი: კარტელური გარიგება თუ ობიექტური რეალობა? - გაიმართა.

ბოლო სიახლეები