სამშაბათი, დეკემბერი 30, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საჯარო მოხსენებით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საჯარო მოხსენებით წარსდგა, რომელიც საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის მრავალწლიანი, მდგრადი და სტრატეგიული სამეცნიერო კოლაბორაციის ჩამოყალიბების ისტორიულ საფუძვლებს, ათწლეულების მანძილზე კვლევითი ურთიერთობების განვითარებას, დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სტუ-ის რექტორის საჯარო მოსმენა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. მოხსენება მოისმინეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა გიორგი ჯაფარიძემ, საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, აკადემიის პრეზიდიუმის წევრებმა – გენერალურმა მრჩეველმა გიორგი კვესიტაძემ, ხვედრი ინასარიძემ, ჯონი ხეცურიანმა, ჯაბა სამუშიამ, თამაზ შილაკაძემ და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საჯარო მოხსენებით გამოსვლისას განიხილა ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევით ცენტრის – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ჩამოყალიბების ისტორიული კონტექსტი, გლობალური მასშტაბით ფუნდამენტური კვლევების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მეცნიერების დიპლომატიის განვითარებაში მისი უნიკალური როლი, ასევე ისაუბრა CERN-ის, როგორც მსოფლიო კვლევითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე ცივილიზაციის პროგრესისთვის.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვრცლად მიმოიხილა CERN-ის სამეცნიერო ეკოსისტემაში ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობის ევოლუცია 1960-იანი წლებიდან დღემდე, ყურადღება გაამახვილა მათ ინსტიტუციურ მონაწილეობაზე მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო მიმართულებებში, ისაუბრა ქართველ მეცნიერთა წვლილზე CERN-ში მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს ექსპერიმენტებში, როგორებიცაა CMS, ATLAS და ShiP.

„1996 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაშინდელი პრეზიდენტის – აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის ინიციატივითა და ძალისხმევით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის და CERN-ის იმდროინდელი აღმასრულებელი დირექტორის – კრისტოფ ლეველინის ხელმოწერებით საქართველოს მთავრობისა და CERN-ს შორის შედგა საერთაშორისო შეთანხმება მაღალი ენერგიების ფიზიკის სფეროში. მას შემდეგ საქართველოსა და CERN-ს შორის თანამშრომლობა შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერების დიპლომატიის თვალსაჩინო და შთამბეჭდავ მაგალითად, სადაც საერთო ღირებულებები – ცოდნის თავისუფლება, საერთაშორისო თანამშრომლობა და მეცნიერების მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენება – ჰარმონიულად ემსახურება როგორც ეროვნული ინტერესების გაძლიერებას, ისე გლობალური სამეცნიერო საზოგადოების პროგრესსა და ინტელექტუალურ წინსვლას. CERN-ის მრავალმხრივ სამეცნიერო ეკოსისტემაში საქართველოსა და მისი საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციების აქტიური ჩართულობა ეფუძნება ქვეყნის სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანია ინტეგრაცია საერთაშორისო კვლევით სივრცეში, მაღალტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება და ახალგაზრდა მეცნიერებისა და ინჟინრების ჩართვა მსოფლიო დონის მეგაპროექტებში. ამგვარი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს აკადემიურ და კვლევით შესაძლებლობებს, ამაღლებს ეროვნულ სამეცნიერო კონკურენტუნარიანობას და ქმნის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ცოდნის ტრანსფერისთვის, ინოვაციური ტექნოლოგიების ადაპტაციისა და მეცნიერებაზე დაფუძნებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. სადღეისოდ, საქართველოსა და CERN-ს შორის ჩამოყალიბებული კოლაბორაცია არის მდგრადი, დინამიკურ და გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც ეროვნულ სამეცნიერო პოტენციალს ორგანულად აკავშირებს მსოფლიო მასშტაბის კვლევით ინფრასტრუქტურასთან. CERN-ი როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების გლობალური ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვაციების ერთ-ერთი უმთავრესი გენერატორი, აერთიანებს სახელმწიფოების, აკადემიური ინსტიტუციებისა და წამყვანი მეცნიერების ინტელექტუალურ რესურსს კაცობრიობის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური კითხვების გააზრებისა და გადაჭრის მიზნით“, – აღნიშნა რექტორმა.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, 2023 წელს, სტუ-სა და თსუ-ის ჩართულობით საქართველო-CERN-ს შორის გაფორმდა ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ამჟამად საქართველოს CERN-ში წარმოადგენს ქართველი მეცნიერი, სტუ-ის კვანტური ფიზკისა და საინჟინრო ტექნოლოგების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ხოლო 2024 წელს სტუ-სა და CERN-ს შორის „მომავლის წრიული კოლაიდერის“ (Future Circular Collider) კვლევითი ინიციატივის ფარგლებში გაფორმდა სამეცნიერო პარტნიორობის ახალი, უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია 2040-2045 წლებში. რექტორის თქმით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეგიონში ამ მასშტაბის სამეცნიერო ხელშეკრულება ჯერ მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არის გაფორმებული, რაც გზას უხსნის ქართულ სამეცნიერო პოტენციალს უმსხვილეს მეგაპროექტებში ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები აქტიურად არიან ჩართულნი CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტებში და ასრულებენ საკვანძო ამოცანებს მსოფლიოს უდიდესი ექსპერიმენტების წარმატებით რეალიზაციისთვის. ჩვენი უნივერსიტეტიდან CMS ექსპერიმენტის წევრები არიან: ზვიად წამალაიძე, არსენ ხვედელიძე, იური ბაღათურია, დავით ჩოხელი, ალექსი მესტვირიშვილი, ირაკლი ლომიძე, დავით ლომიძე, თენგიზ ტორიაშვილი, გიორგი ადამოვი, თამარ ლომინაძე, ოთარ კემულარია, სანდრო მელქაძე, ანა ფალავანდიშვილი და სხვები, მეც მათ შორის; ATLAS ექსპერიმენტის წევრები კი არიან: ბესიკ კეკელია, საშა ალიხანოვი, ნიკა ცუცქირიძე, ელა ადამოვი და სხვები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის SHiP ექსპერიმენტის სრულფასოვანი წევრი 2025 წლიდან, მსოფლიოს 20 ქვეყნის 48 უნივერსიტეტს შორის. ჩვენ აქტიურად ვერთვებით ShiP-ის ძირითადი ამოცანების შესრულებაში. აქ საგულისხმოა 20 მმ დიამეტრის, სტროუ ტრეკული მილების წარმოება ექსპერიმენტისათვის. უნივერსიტეტში უკვე შექმნილია სტროუების წარმოების ლაბორატორია, რომელმაც წარმატებით აწარმოა 10 მმ-იანი სტროუ მილები COMET ექსპერიმენტისათვის, რომლებიც უკვე გაგზავნილია იაპონიაში, KEK-ში. ჩვენი მეცნიერები წარმატებით აწარმოებენ დეტექტორების აწყობას, ტესტირებას და ინსტალაციას ექსპერიმენტის პირველი ფაზისთვის. გარდა ამისა, ჩვენ სამეცნიერო ჯგუფი შესანიშნავადაა ინტეგრირებული მიონური დეტექტორის, ადრონული კალორიმეტრისა და მაღალი გრანულების კალორიმეტრის (High Granularity Calorimeter) კოლაბორაციებში, თანმიმდევრულად აფართოებს კვლევით არეალს და მიზნად ისახავს გამოწვევებზე ორიენტირებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გამოსვლის ბოლოს, შეჯამების მიზნით განაცხადა, CERN-თან მრავალწლიან უწყვეტ თანამშრომლობასა და ხელშესახებ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ შედეგებთან ერთად, იმ ქმედითი მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც ქართულ სამეცნიერო-აკადემიურ ინსტიტუციებს აქვთ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახისძისგან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრ გივი მიქანაძისგან, უკვე ჩამოყალიბებულია ობიექტური წინაპირობები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღების საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად. დავით გურგენიძის განცხადებით, CERN-ის ასოცირებული წევრობა საქართველოსთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უნიკალური შესაძლებლობა, რითაც ქვეყანას საშუალება მიეცემა სრულფასოვნად, სისტემურად და ინსტიტუციური პასუხისმგებლობით ჩაერთოს როგორც ფუნდამენტური ფიზიკის უახლეს კვლევებში, ისე გამოყენებითი ფიზიკისა და საინჟინრო მეცნიერებების მაღალტექნოლოგიურ მიმართულებებში.

„CERN-ში ასოცირებული წევრობა სცდება მხოლოდ აკადემიურ თანამშრომლობას და იძენს ეროვნული განვითარების ინსტრუმენტის მნიშვნელობას: ეს არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს სამეცნიერო და აკადემიურ პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ქმნის რეალურ და მდგრად წინაპირობებს მიღებული ცოდნის, კვლევითი შედეგებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ტრანსფორმაციისათვის ეროვნულ ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ განვითარებაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე დარგების განვითარებას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ გამოსვლის დასასრულს.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საჯარო მოხსენება და მასში წამოჭრილი საკვანძო საკითხები, როგორც ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების საუკეთესო საშუალება, მაღალ დონეზე შეაფასეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და აკადემიკოსებმა. CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ საკითხის დაყენების თაობაზე მოსაზრებები გამოთქვეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ. როგორც შეხვედრაზე საჯარო მოხსენების ავტორმა, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, სასურველი და აუცილებელია, რომ აღნიშნულ პროცესებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წარმომადგენლობითად და აქტიურად იყოს ჩართული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც იყო მიმართული

ეს ტერორისტული აქტია, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლისკენ არის მიმართული, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით სცადა.პესკოვის თქმით, ეს ქმედება არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც იყო მიმართული.„ეს მართლაც ტერორისტული აქტია, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლისკენ არის მიმართული. მინდა, გავიხსენო ზელენსკის საშობაო მიმართვა, რაც მან პუტინის და ასევე, ტრამპის წინააღმდეგ თქვა. ეს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობას, პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად“, – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი და აღნიშნავს, რომ „ტერორიზმის აქტი“ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ნდობის დონეს ვერ შეამცირებს.ამასთან, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევის რეჟიმის ქმედებების დიპლომატიური შედეგები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოლაპარაკებებში უფრო მკაცრი პოზიციის ჩამოყალიბება იქნება.„ბუნებრივია, პოზიციას საჯაროდ არ გამოვაცხადებთ. რუსეთი არ ტოვებს მოლაპარაკებების პროცესს და რა თქმა უნდა, გააგრძელებს მოლაპარაკებებსა და დიალოგს, პირველ რიგში ამერიკელებთან. რაც შეეხება პრეზიდენტის ადგილსამყოფელს, ამჟამინდელ პირობებში, ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი არ არის“, – აღნიშნა პესკოვმა.ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, 28-29 დეკემბერს კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ ვლადიმერ პუტინისგან შეიტყო – „ეს კარგი არ არის, სულ სხვა რამაა მის სახლზე თავდასხმა“.ამასთან, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, მტკიცებულება, რომ უკრაინამ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა, არ არსებობს.

მარიამ ქვრივიშვილი – ენერგეტიკის სექტორისთვის ჯარიმების პატიება არის ამ დარგის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმის აღიარებაც, რომ შესაძლებელია, სახელმწიფოს მხარესაც არაერთი გამოწვევა იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯარიმების პატიებით და ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ახალი,  სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს  ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის. ამ საკითხებზე მინისტრმა განახლებადი ენერგეტიკის სექტორის  წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2025 წლის შედეგები შეაჯამა.„სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სექტორია ენერგეტიკა, მათ შორის, ეს არის აღიარებაც, რომ, შესაძლებელია,  სახელმწიფოს მხარესაც იყო არაერთი გამოწვევა, მათ შორის, გვქონდა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ძალიან პასუხისმგებლიანი ინვესტორი მიმართავდა შესაბამის უწყებებს, მხოლოდ მხარდაჭერის გადავადებისთვის ან რიგი საკითხებისათვის და ამაზე რეაგირება ან დროული არ იყო, ან საერთოდ არ იყო. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სადაც გავითვალისწინეთ ენერგეტიკის დარგის სწრაფი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ბარიერი, რასაც სექტორისგან ვისმენდით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის შეფასებით,  სექტორთან მუშაობის პროცესში  იდენტიფიცირებული, მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც ენერგეტიკული პროექტების უდიდესი ნაწილი შეფერხებული იყო.  მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ,  რაც ჯარიმების პატიებით ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბარიერი  მოიხსნა, ბოლო რამდენიმე კვირაა, სამინისტრო აქტიურად ამუშავებს დიდი ოდენობის მომართვიანობას შესაბამისი კატეგორიის მემორანდუმების გაფორმებაზე, რომლებიც ეხება ენერგეტიკული პროექტების კვლევას, მშენებლობას და სხვა.„ენერგეტიკის სექტორთან ძალიან აქტიურად იმუშავა სამინისტროსა და მის სისტემაში შემოსულმა ახალმა გუნდმა იმისთვის, რომ სწორი შეფასებები გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია მოხუცებულთა სახლ „იმედიდან“ დაიწყო, სადაც 35 ბენეფიციარს პროდუქტები, პირველადი დახმარებისა და ჰიგიენის ნივთები გადასცეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმულთა მხარდაჭერას, ტრადიციულად იმართება. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ პანსიონატ „იმედის“ ბენეფიციარებს ჰუმანიტარული პაკეტები გადასცეს.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსგავსი აქტივობებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიური საზოგადოების როლს საზოგადოებრივი სოლიდარობის გაძლიერებასა და ჰუმანური ღირებულებების დამკვიდრებაში. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოციალური ჩართულობის კულტურის განვითარებას, საქველმოქმედო ღონისძიებები კი იქცევა განათლებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ურთიერთკავშირის მნიშვნელოვან მაგალითად. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საქველმოქმედო ღონისძიებები არ წარმოადგენს ერთჯერად აქტივობას, არამედ ის არის უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის სისტემური გამოხატულება. მსგავსი, უკვე ტრადიციად ქცეული ინიციატივა ემსახურება როგორც მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების ღირებულებათა ერთიანობის გაძლიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა, რადგან სწორედ ამ გზით ყალიბდება მათში სოციალური პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა და მოქალაქეობრივი თვითშეგნება. უნივერსიტეტი, როგორც საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ვალდებულია იყოს აქტიური მონაწილე იმ პროცესებში, რომლებიც ადამიანურ ღირსებასა და სოლიდარობას ეფუძნება. მადლობას ვუხდი თითოეულ სტუდენტს, თანამშრომელს აქციაში ჩართულობისთვის, რექტორს კი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა პროფესორმა თალიკო ჟვანიამ.როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სტუ-ის ფაკულტეტები, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებენ.„ქალთა ასოციაციისთვის მსგავსი შეხვედრები მხოლოდ დახმარების გაწევა არ არის - ეს არის ადამიანური ურთიერთობის, ყურადღებისა და თანაგრძნობის გამოხატვა. ხანდაზმულ ადამიანებთან პირადი კონტაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის არანაკლებ ფასეულია სითბო, ვიდრე მატერიალური დახმარება. წინასაახალწლო პერიოდში ასეთი ინიციატივები გვახსენებს, რომ საზოგადოებრივი ერთიანობა იწყება თითოეული ადამიანის მიმართ ზრუნვით. სწორედ ეს არის ქალთა ასოციაციის მთავარი მისია. მადლობა მინდა გადავუხადო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს თანამშრომლობისთვის, რექტორს კი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ქალთა საუნივერსიტეტო ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ.სტუ-ის ინფორმაციით, საქველმოქმედო ღონისძიებები გაგრძელდება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე იქნება ორიენტირებული.

ეროვნული ბანკი – 2025 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა და მშპ-ს 2.1 პროცენტს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.„აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც.რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა  6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.„წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია“, შესაბამისად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას აკადემიკოს სერგი ჯიქიას ოჯახმა მეცნიერის წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის - სერგი ჯიქიას წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდის გამოფენა მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, აკადემიკოს სერგი ჯიქიას წიგნების უნიკალური ფონდი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას მისმა ოჯახმა გადასცა, რაც მნიშვნელოვანი წვლილია ქართული სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია აკადემიკოს სერგი ჯიქიას პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი, რომელიც მოიცავს იშვიათ გამოცემებს, სამეცნიერო ნაშრომებსა და აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ლიტერატურას.პროფესორ ვაჟა პაპასკირის განცხადებით, ფონდი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს როგორც მკვლევართათვის, ისე სტუდენტებისა და ფართო აკადემიური საზოგადოებისათვის.„აკადემიკოს სერგი ჯიქიას წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისთვის გადმოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. აღნიშნული კოლექცია არა მხოლოდ ასახავს ქართველი მეცნიერის მრავალწლიან სამეცნიერო მოღვაწეობას, არამედ წარმოადგენს ღირებულ წყაროს აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის სფეროში მომავალი კვლევებისთვის. მსგავსი ფონდების დაცვა, კვლევითი პროცესისთვის ხელმისაწვდომობა და მათი ინტეგრირება აკადემიურ გარემოში ბიბლიოთეკის ერთ-ერთ უმთავრეს მისიას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს როგორც ეროვნული სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ისე მისი შემდგომი განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას”, - აცხადებს ვაჟა პაპასკირი.როგორც დიდი მეცნიერის შვილიშვილი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ანა ჯიქია აღნიშნავს, ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინიციატივას - უნივერსიტეტში ჩამოყალიბდეს აკადემიკოს სერგი ჯიქიას სახელობის უნიკალური ფონდი, რომლის საფუძველსაც მისი პირადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოადგენს.„სერგი ჯიქია იყო არა მხოლოდ ქართული თურქოლოგიის ფუძემდებელი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, არამედ მეცნიერი, რომელმაც ქართული და თურქული აკადემიური სივრცეები ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. მისი მიერ მომზადებული და გამოცემული „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩება საქართველოს ისტორიის, ოსმალური ადმინისტრაციული სისტემისა და კავკასიის ისტორიული პროცესების კვლევისთვის. მიმაჩნია, რომ აკადემიკოსის უნიკალური ბიბლიოთეკის უნივერსიტეტისთვის გადაცემა და მის საფუძველზე სპეციალური ფონდის შექმნა იქნება არა მხოლოდ მემორიალური, არამედ მკვეთრად პრაქტიკული და კვლევითი მნიშვნელობის მქონე ნაბიჯი. ამ ფონდის ფარგლებში „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ რამდენიმე ფურცლის ჩვენება ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და მკვლევრების უშუალო კონტაქტს პირველწყაროებთან და გააძლიერებს ისტორიულ-დოკუმენტურ ცნობიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფონდი უნივერსიტეტისთვის გახდება შინაარსობრივი პლატფორმა თურქ კოლეგებთან აკადემიური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. სერგი ჯიქიას ნაშრომები თურქოლოგიისა და ოსმალური კვლევების სფეროში დღესაც ავტორიტეტულ და საყრდენ წყაროდ მიიჩნევა, რაც ქმნის ბუნებრივ საფუძველს ერთობლივი კვლევების, პროექტებისა და სამეცნიერო დიალოგისთვის. ჩემთვის ეს ინიციატივა პირადი მნიშვნელობის მატარებელიცაა: მე ვარ აკადემიკოს სერგი ჯიქიას შვილიშვილი, რომელმაც სწავლა, აკადემიური ხარისხის დაცვა და შემდგომი სამეცნიერო საქმიანობა სწორედ ამ უნივერსიტეტში განახორციელა. უნიკალური ფონდის შექმნა ამ სივრცეში ჩემთვის სიმბოლურადაც და პროფესიულადაც ასახავს აკადემიური ტრადიციის, თაობებს შორის უწყვეტობისა და უნივერსიტეტის ღირებულებების თანხვედრას. ვფიქრობ, რომ აკადემიკოს სერგი ჯიქიას სახელობის ფონდი გახდება უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის გამაძლიერებელი, მისი აკადემიური იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის ღირებული საყრდენი“, - აცხადებს ანა ჯიქია.

ბოლო სიახლეები