სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა კოლექციის გასაცნობად იწვევს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით და ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სპეციალურად სტუდენტებისთვის ქართველთა უმთავრესი ტექსტის – ადრეული აღორძინების ხანის უმნიშვნელოვანესი ქართული ლიტერატურული ძეგლის, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრის – „ვეფხისტყაოსნის“ – სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და ცნობილ მხატვართა ილუსტრაციებით გაფორმებული ბეჭდური გამოცემები გამოიფინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ექსპოზიცია, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკაშია მოწყობილი, „ვეფხისტყაოსნის” 6 ენაზე დასტამბულ 65 გამოცემას, მათ შორის იშვიათ ეგზემპლარებს მოიცავს. მათ გაცნობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე შეძლებენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, შოთა რუსთველის პოემა არა მხოლოდ ქართული სიტყვაკაზმულობის და ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალია, არამედ უდიდესი კულტურული სიმბოლო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ქართველებს და ეროვნული თვითმყოფადობის გრძნობას აღვივებდა.

„ვეფხისტყაოსანი” ქართველი ერის სულიერ სიღრმეებშია ფესვგადგმული. ეს უმთავრესი ტექსტია, რომელიც ასახავს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეთიკურ და ფილოსოფიურ ღირებულებებს. მასში გადმოცემულია სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება და თავისუფლებისკენ სწრაფვა. ეს არის წიგნი, რომელიც საუკუნეების მანძილზე სულ უფრო მეტად აქტუალური გახდა და თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სწორედ ამ მოსაზრებით, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა – მომავალმა სპეციალისტებმა, ინჟინრებმა, მეცნიერებმა და არქიტექტორებმა – კიდევ ერთხელ შეიგრძნონ ამ უდიდესი ნაწარმოების მნიშვნელობა, როგორც ეროვნული კულტურის ფუნდამენტისა და ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებლისა. დარწმუნებული ვარ, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა კოლექციის გაცნობა მათ მოტივაციასა და შემოქმედებით ხედვას გააძლიერებს,“ – განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სტუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ვაჟა პაპასკირი აღნიშნავს, „ვეფხისტყაოსნის” კოლექცია, რომელიც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ფონდსაცავებშია დაცული, ათწლეულების მანძილზე ივსებოდა. წარმოდგენილ 65 გამოცემას შორის უძველესი – ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის რედაქციით შესრულებული წიგნი – 1888 წლით თარიღდება. ვაჟა პაპასკირის თქმით, გამოფენილ გამოცემებს შორისაა სხვადასხვა დროს შესრულებული თარგმანებიც.

„ექსპოზიციას ამშვენებს ჩვენი ბიბლიოთეკის სიამაყე, ნამდვილი სამკაული – 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ის ორ ვარიანტად გამოიცა: თხელი ყდით და ქსოვილით. რედაქტორები იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. წიგნს ამშვენებს ცნობილი მხატვრის – მიხაი ზიჩის ილუსტრაციები, რომლებშიც ყველა პერსონაჟი რეალური ადამიანია. მოგეხსენებათ, რომ სტამბური წესით „ვეფხისტყაოსანი” პირველად 1712 წელს, ვახტანგ მეექვსის რედაქციითა და კომენტარებით დაიბეჭდა. ეს გამოცემა „ვახტანგისეულის” სახელითაა ცნობილი. მისი ზუსტი ასლი კი, რომელიც გამოფენილია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, გამოიცა თბილისში, 1931 წელს, რუსთაველის ინსტიტუტის მიერ. ეს ერთ-ერთი უნიკალური გამოცემაა და როგორც „ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის” პირველი ასლი, იშვიათობას წარმოადგენს.

საინტერესოა „ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საიუბილეო გამოცემა, 1937 წელს რუსულ ენაზე შესრულებული შალვა ნუცუბიძისეული თარგმანით, რომელიც შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაიბეჭდა მცირე შესწორებებით. ასევე, უაღრესად საინტერესოა „ხალხური ვეფხისტყაოსანი”, რომელიც სულ ორჯერ გამოიცა მოკლე და ვრცელ ვერსიებად; მასში ტარიელის შვილთაშვილის ამბავიც კი არის გადმოცემული. „ხალხური ვეფხისტყაოსანი” მიჰყვება ფაბულას და ამასთან ერთად, განავრცობს კიდეც მას.

წარმოდგენილია არაჩვეულებრივი გამოცემები როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე: ილია ჭავჭავაძის მეგობრების – მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცნობილი თარგმანი; აქვეა რუსი სიმბოლისტი პოეტის – კონსტანტინ ბალმონტის თარგმანი, რომელიც ერთ-ერთი ძველი და ძვირფასი გამოცემაა. ბალმონტი “ვეფხისტყაოსანს” უორდროპისეული თარგმანით გაეცნო და აღფრთოვანდა კიდეც ქართული ლიტერატურული შედევრით; 1971 წლის ვენერა ურუშაძისეული თარგმანი ინგლისურ ენაზე, ასევე, ფრანგულ ენაზე შესრულებული სხვადასხვა გამოცემები – მათ შორის ყველაზე ცნობილია 60-იან წლებში პროფესორ გასტონ ბუაჩიძის მიერ შესრულებული თარგმანი; საინტერესოა 1937 წლის აზერბაიჯანული გამოცემაც; დამთვალიერებლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს პავლე ინგოროყვასეული იშვიათი გამოცემა, რომელიც 1938 წელს დაისტამბა და რომელშიც ინგოროყვამ ბევრი სტროფი არ შეიტანა, რადგან მიაჩნდა, რომ არ ეკუთვნოდა რუსთველს; წარმოდგენილია 1966 წლის უკრაინული გამოცემა, 1939 წლის კონსტანტინე ჭიჭინაძისეული თარგმანი, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი მისივე შესანიშნავი წინასიტყვაობით, 1977 წლის გიორგი ცაგარელისეული გამოცემა, „ვეფხისტყაოსნის“ კომპიუტერული ვერსია, სხვადასხვა ენაზე პროზაული თარგმანები, 800 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მცირე ზომის სასაჩუქრე „ვეფხისტყაოსნები“ და ასე შემდეგ.

წარმოუდგენელია დამთვალიერებელი არ მოიხიბლოს „ვეფხისტყაოსნის” გამოცემების მდიდრული კალიგრაფიული თუ პოლიგრაფიული გაფორმებით, ცნობილ მხატვართა ილუსტრაციებით – ამ გამოცემებს რომ ამშვენებს, რუსთველის პორტრეტებით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს XVI-XVII საუკუნეების ცნობილი მხატვრის – მამუკა თავაქალაშურის მიერ აღმოსავლურ სტილში შესრულებული ნახატები, მიხაილ ზიჩის, მოსე თოიძის თუ სხვათა ილუსტრაციები. ვფიქრობთ, ახალგაზრდები დიდი ინტერესით გაეცნობიან და ჯეროვან შეფასებას მისცემენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის წიგნსაცავში დაცული „ვეფხისტყაოსნის” მდიდარ კოლექციას,” – განაცხადა ვაჟა პაპასკირმა.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური და რარიტეტული გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს; კერძოდ: XVIII, XIX და XX საუკუნეების ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები ტექნიკურ, საინჟინრო და ჰუმანიტარულ სპეციალობებში, საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის წარმოსადგენად. ფონდში შეხვდებით ბროკჰაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომელიც აღჭურვილია წიგნებისა და ჟურნალების სრულყოფილი ელექტრონული ბაზით, დანერგილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა KOHA (http://opac.gtu.ge/), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურის მოძიება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დევიდ ბექჰემი რაინდი გახდა

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ - მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, - განაცხადა ბექჰემმა.პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.

მარტა კოსი – საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

ევრკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშები წარუდგინა.მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია მკვეთრად დამძიმდა.„კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლა ამ დონემდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს მოქალაქეთა ევროპული მომავლის მოთხოვნას. ევროპული საბჭოს ბოლო წლების დასკვნების თანახმად, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და მას შემდეგ ქვეყნის მიერ დემოკრატიული საფუძვლების დარღვევის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მარტა კოსმა.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩეინის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულება, გულისა და სისხლძარღვების ავადმყოფობა გახდა.დიკ ჩეინი 1941 წლის 30 იანვარს ნებრასკის ქალაქ ლინკოლნში დაიბადა. 1975-1977 წლებში ის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1989-1993 წლებში ჩეინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტს იკავებდა. 2001-2009 წლებში ჩეინი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო – ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამასთან, აღნიშნულია რომ ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო),მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო),მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ვოლსკი – კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ დანაშაულებს ახორციელებს

შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ დანაშაულებს ახორციელებს.„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემოქმედებაა ის კანონი, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს. მაშინ, იყვნენ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები და ჩართული ამ საკითხებში. შემდეგ ის კანონი გააძლიერეს, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს ეხება. „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და შემდეგი მოქმედება, რომელიც უპირისპირდება ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს მართვის სისტემას, არასწორი, დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს, კონსტიტუციური მმართველობის დამხობას. შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებიდან. სამწუხაროდ, დანაშაულები ჩვენ თვალწინ ხდებოდა. ახალგაზრდებს ის უზარმაზარი ტკივილი არ უნახავთ, რაც ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურად არაერთმა ქართულმა ოჯახმა განიცადა. აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაც არსებობს, კონკრეტული დადგენილება, კონკრეტული ფორმულირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ბოლო სიახლეები