საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN-ის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ჟენევაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრში – ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN – the European Organization for Nuclear Research) სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორს, პროფესორ მარკ თომსონს, სამეცნიერო დირექტორს, პროფესორ გოტიე ამელ დე მონშენოს, CERN/ATLAS კოლაბორაციის სპოუქსპერსონს – სტეფან ვილოქს, CERN/CMS კოლაბორაციის ლიდერს და სტუ-ის პროფესორს – ტიციანო კამპორეზის შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და CERN-ის თანამშრომლობის გაფართოების გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებში, როგორიცაა მაღალი და ზემაღალი ენერგიების ფიზიკა, ნაწილაკთა ამაჩქარებლების ტექნოლოგიები, ინოვაციური მასალები და კომპიუტერული მოდელირება. გარდა ამისა, იმსჯელეს სტუ-ის სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრების საერთაშორისო კვლევით პროგრამებში ჩართვის ახალ შესაძლებლობებზე, რაც მათ მისცემს უნიკალურ გამოცდილებას მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებში მონაწილეობისთვის. სტუ-ის რექტორის თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევის მეთოდების დაუფლებას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა უფრო მეტად გააძლიერებს საერთაშორისო პარტნიორობას და გახსნის ახალ გზებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს CERN-თან თანამშრომლობას, რადგან ეს არის ის პლატფორმა, სადაც ყალიბდება თანამედროვე მეცნიერების გლობალური დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მივცეთ შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთონ ისეთ ექსპერიმენტებსა და კვლევებში, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს ფიზიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინფორმაციული მეცნიერებების განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტია, გახდეს ეროვნული და რეგიონული სამეცნიერო ჰაბი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო პარტნიორებს და შექმნის მყარ საფუძველს ახალი თაობის მეცნიერთა ჩამოყალიბებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, პროფესორ მარკ თომსონთან ჩემი პირველი შეხვედრა ნაყოფიერი და პერსპექტიული აღმოჩნდა. განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, განსაკუთრებით ერთობლივი კვლევითი პროექტები, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო პროგრამებში უფრო მეტად ჩართულობის პერსპექტივები და საგანმანათლებლო ინოვაციების განვითარება. ვფიქრობ, რომ ამ დიალოგს ექნება საფუძვლიანი გაგრძელება, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრების, არამედ მთლიანად ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახუროს.
დღეს ჩვენ თამამად ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებასა და გაფართოებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული და ევროპული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის უფრო მეტად დაახლოებასა და ქართული განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქვეყნის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრს გივი მიქანაძეს. მათი მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ქართულმა უნივერსიტეტებმა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან, განავითარონ ინოვაციური პროექტები, აღზარდონ ახალი თაობის მეცნიერები და გახადონ საქართველო რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევითი შესაძლებლობების ცენტრი“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CERN/CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს და შესაბამისად, სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს აძლევს საშუალებას ჩაერთონ არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის HL-LHC -ს მასშტაბურ ფაზაში, არამედ, მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC) ფიზიკური პროგრამის განხორციელებაშიც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ CERN-ის მოწინავე ექსპერიმენტული ფიზიკის პროექტებში, განსაკუთრებით CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის RPC და HGCAL ჯგუფებში. 2025 წლის თებერვლის თვეში მათ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს – წარმატებით დასრულდა 80 უახლესი iRPC კამერისა და მათთვის საჭირო ახალი თაობის ელექტრონიკის შექმნა, რაც CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.