საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი საგრანტო პროექტის – „მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების გამოყენება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზისთვის”, ფარგლებში, მდინარე რიონზე კვლევას ატარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგრანტო პროექტს ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის გეოეკოლოგიური მონიტორინგის განყოფილების უფროსი, პროექტის ხელმძღვანელი დიმიტრი აბზიანიძე, მეცნიერ-თანამშრომლები: ნინო კეზევაძე, თინათინ ძაძამია, ვერა აბზიანიძე, ქიმიკოსი – ლაშა ხვიჩია და ლაბორანტი გვანცა ზადიშვილი ახორციელებენ.
დიმიტრი აბზიანიძის თქმით, პროექტის მიზანია მდინარე რიონის ეკოლოგიური მდგომარეობის ღრმა შესწავლა და არსებული გარემო ფაქტორებისა და ეკოსისტემის მდგრადობის შეფასება.
„მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება მდინარის ჰიდროლოგიური და ეკოლოგიური პარამეტრების ანალიზი, რომელიც ხელს გარემოს დაცვისა და მდგრადი მართვისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას შეუწყობს. კვლევის ფარგლებში განვახორციელებთ ჰიდროგეოლოგიურ დაკვირვებებს, სივრცით მონაცემთა ანალიზს და შევიმუშავებთ გარემოზე ზემოქმედების თანამედროვე შეფასების მეთოდებს. შედეგები მნიშვნელოვანი იქნება როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ისე სახელმწიფო უწყებებისთვის და ადგილობრივი თემებისთვის, მდინარე რიონის რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებაში.
ეკოლოგიური მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მოითხოვს როგორც დიდ მატერიალურ ხარჯებს, ისე დიდ ადამიანურ რესურსებს. ეკო-გეოლოგიური სისტემის ანალიზისთვის მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების გამოყენება საშუალებას მოგვცემს ავიცილოთ შრომატევადი და ძვირადღირებული სამუშაოების ნაწილის ჩატარება. ანალიზის საფუძველზე შეიქმნება დღეისთვის ძალიან აქტუალური – ეკოლოგიური მდგომარეობის და პროცესების მათემატიკური იმიტაცია. რაც მთავარია, მოდელის აგება ბაზირდება მინიმალურად შესაძლებელ მონაცემებზე (რაც დღეისთვის ძალიან აქტუალურია). ამის მაგალითია ჩვენი მიმდინარე კვლევები, ანუ როგორ შეიძლება მინიმალური ხარჯებით და მცირე რაოდენობის მკვლევართა მიერ შრომატევადი სამუშაოების წარმოება”,- განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი აბზიანიძემ.
სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი კვლევისას მათემატიკური მოდელირების ანალიზურ და ემპირიულ მეთოდებს გამოიყენებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მათემატიკურად აღიწეროს – ობიექტი მისი პარამეტრების ფართო დიაპაზონით ცვლილებისას.
„წყალი არის არსებობის აუცილებელი და ყველაზე მთავარი წყარო, მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე და მით უმეტეს, ეკონომიკის განვითარება. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის შემოწმება და მისი ეკოლოგიური მდგრადობის დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. იმისათვის, რომ წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური კრიზისის დაძლევაში, ჩვენმა მეცნიერებმა შეარჩიეს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარის რიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. რიონის მიმართ მეცნიერთა ინტერესი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მდინარე ინტენსიური ანთროპოგენური ზემოქმედების ობიექტია, ვინაიდან მის აუზში მრავლად არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და სოფლები, სადაც განლაგებულია მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ობიექტი. რიონის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადია – მდინარე ლუხუნი, სადაც განლაგებული იყო დარიშხანის საბადო, მარცხენა შენაკადის მდინარე ყვირილას ეკოლოგიური პრობლემები მანგანუმის მადნის საბადოს ექსპლუატაციის დაწყების დღიდან დღემდე ყოველთვის იყო და რჩება განხილვის საგნად. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი მდინარე და აქედან გამომდინარე, მოსახლეობა საკმაოდ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. აღსანიშნავია, რომ 2020-2022 წლებში გეოეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებდა მდინარეების – ლუხუნისა და ყვირილას ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლას და ნაწილობრივ დაწყებული იყო რიონის შესწავლა (აღებული იყო ნიმუშები და გამოკვლეული იყო მდ. რიონის მდგომარეობა აღნიშნული შენაკადების შეერთების წერტილებში). კვლევების სხვა შედეგებთან ერთად, მეცნიერებს ექნებათ პასუხი, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს შენაკადები რიონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
მდინარე რიონის მაგალითზე განხორციელებული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი გარემოსდაცვითი საკითხების ანალიზში აერთიანებს თანამედროვე მათემატიკურ და კარტოგრაფიულ მიდგომებს. ასეთი ინტერდისციპლინარული მიდგომა საშუალებას იძლევა მივიღოთ უფრო ზუსტი და კომპლექსური ინფორმაცია მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს კვლევა არამხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისითაა ღირებული, არამედ პრაქტიკულ მნიშვნელობასაც ატარებს – მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს მდინარის რესურსების მდგრად მართვას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვასა და ეკოსისტემის გრძელვადიან შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები საქართველოში გარემოს დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის საფუძველს ქმნის“,- განაცხადა მიხეილ ჯანიკაშვილმა.