ორშაბათი, იანვარი 26, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტები მასტერკლასებს გამართავენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ცნობილი ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტები სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე მასტერკლასებს გამართავენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესპანური კომპანია СYPE-ის ტექნიკურ დირექტორს, კარლოს ფერნანდესსა და ამავე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

“შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი ზაალ ცინაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, კომპანია СYPE-ის საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი ვისენტე კასტელი, ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი ბეკირ აბდერაჰმენი და გაყიდვების მენეჯერი საქართველოში დინა პევნევა.

ვიცე-რექტორმა სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ყველა გლობალურ ექსპერიმენტსა თუ კვლევებში, რომლებიც ხორციელდება მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის CERN-ში – შვეიცარია, KEK-სა და JPARC-ში – იაპონია, FERMILAB-ში – ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე, უნივერსიტეტის მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებთ ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

მისი თქმით, უნივერსიტეტის რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოოპერაციით, საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მისაღებად ემზადება, ხოლო ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აღნიშნული საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა და წარმატებით ახორციელებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების მომზადებას.

ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სადაც ყოველწლიურად 23 000-მდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ეუფლება საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ სპეციალობებს, უმთავრესი გამოწვევაა კონკურენტუნარიანი და მაღალ პროფესიონალიზმით გამორჩეული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეძლებენ. თამარ წერეთლის თქმით, უნივერსიტეტი, ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების მხრივ, ესპანურ კომპანიას პარტნიორად მიიჩნევს და სამომავლოდ, მასთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანური კომპანიის წარმომადგენლები სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სამდღიან მასტერკლასებს ჩაატარებენ და ქართველ კოლეგებსა და მომავალ სპეციალისტებს ამ მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. მასტერკლასების დასრულების შემდეგ კომპანია СYPE-ის პროგრამა, განახლების ფუნქციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დაინერგება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესსა და საპროექტო სამუშაოებში მოხდება.

უნივერსიტეტის კანცლერმა ცნობილ ესპანურ კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პროფესორმა კარლო კოპალიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის მომავლის პერსპექტივიდან დანახვას, ასევე, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების პრაქტიკულ ჭრილში გაანალიზებას და სასწავლო პროცესის აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული შესაძლებლობებით.

კანცლერის განცხადებით, СYPE-ს წარმომადგენელთა მასტერკლასები, რომლებიც სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს, მრავალმხრივ წაადგება როგორც სამშენებლო, ასევე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მეორე მხრივ კი, გააღრმავებს ურთიერთობებს ქართველ და ესპანელ კოლეგებს შორის.

СYPE-ის ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ფერნანდესმა, თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკისთვის, კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში დაფუძნებული კომპანია უკვე ფართოდ არის ცნობილი ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. გარდა ამისა, ის კონტაქტებს ავითარებს აზიასა და აფრიკის მიმართულებით.

როგორც კარლოს ფერნანდესმა აღნიშნა, СYPE-ი სპეციალისტებს სთავაზობს პროგრამულ გადაწყვეტილებებს არქიტექტურის, კონსტრუქციების, მექანიკის, სანტექნიკის, ენერგეტიკული პროექტების მართვისთვის. ასევე, კომპანიის მიერ შემუშავებულია BIM პლატფორმა, რომელსაც ინჟინრები მსოფლიო მასშტაბით იყენებენ. СYPE-ის ტექნიკური დირექტორის თქმით, მასტერკლასებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამას და მიიღონ კონსულტაციები, თანამედროვე მოთხოვნებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი პრაქტიკული გამოყენების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს, ესპანური კომპანია СYPE-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია საჩუქრად გადასცეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი პესკოვი – ჯერ კიდევ ადრეა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი, თუნდაც წინასწარი დასკვნების გამოტანა

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ადრეა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი, თუნდაც წინასწარი დასკვნების გამოტანა.„ეს მხოლოდ სამუშაოს დასაწყისია. ჩვენ ვსაუბრობთ ექსპერტების დონეზე მუშაობაზე და ის გაგრძელდება. არ იქნება მიზანშეწონილი ამ სამუშაოს სხვადასხვა ასპექტის ფრაგმენტულად და საჯაროდ განხილვა“, – განაცხადა პესკოვმა.ცნობისთვის, რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შედგა.შეხვედრის შემდგომ მოსკოვმა და კიევმა გამოხატეს მზადყოფნა, განაგძონ  დიალოგი. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებები მომდევნო კვირას აბუ დაბიში გაგრძელდება.

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

იაპონელი მეცნიერების თქმით, მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათი თქმით, მარხვის პერიოდში ადამიანის ორგანიზმი დაზიანებული უჯრედების მოხმარებას იწყებს - ამ პროცესს აუტოფაგია ჰქვია. ის სხეულში უჯრედულ გადატვირთვას იწვევს. ეს რაღაცნაირად შინაგანი განწმენდის პროცესს ჰგავს.როგორც მკვლევრები ამბობენ, მარხვა მეტაბოლიზმის პროცესს სრულად ცვლის. აუტოფაგია აძლიერებს უჯრედების განახლებას, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და აუმჯობესებს საერთო მდგრადობას.როდესაც სხეული არ არის დაკავებული საკვების მონელებით, ის ყურადღებას ამახვილებს მოვლა-პატრონობაზე და აღდგენაზე, დაზიანებული ნაწილების ახალ, ჯანსაღ კომპონენტებად გადამუშავებაზე.ზოგიერთი კვლევა აჩვენებს კიდეც, რომ აუტოფაგიის გააქტიურებამ შეიძლება შეამციროს დაბერებასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების რისკი.ნობელის პრემიის ლაურეატმა კვლევამ შეცვალა მეცნიერების შეხედულება მარხვაზე და ის მარტივი დიეტური ტენდენციიდან ლეგიტიმურ ბიოლოგიურ გადატვირთვად აქცია.

მოძრაობა დროებით შეიზღუდება – თბილისის მერიის განცხადება

სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.„სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება:საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე; ხოლო დიდუბის რაიონში შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ საავტობუსო ზოლში. აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში

მარკ რუტე – თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია, დაიცვას თავი აშშ-ის გარეშე, მაშინ განაგრძეთ ოცნება

თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია, დაიცვას თავი აშშ-ის გარეშე, მაშინ განაგრძეთ ოცნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.მარკ რუტეს თქმით, აშშ-ის გარეშე ევროპას მოუწევს, თავდაცვის ხარჯები 10%-მდე გაზარდოს, საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები შეიძინოს და მილიარდობით ევრო დახარჯოს.მარკ რუტეს განმარტებით, ევროპას ზუსტად ისევე სჭირდება აშშ, როგორც აშშ-ს ნატო.„აშშ-ის პრიორიტეტების ცვლილების მიუხედავად, აშშ-ის ტრადიციული ყოფნა ევროპაში ყოველთვის ძალიან ძლიერი იქნება“, – აღნიშნა რუტემ.

ხათუნა თოთლაძე – მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლების რეფორმების შედეგად საქართველომ არაერთ სფეროში რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავა

მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ არაერთ სფეროში რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავა. ჩვენ შევძელით კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა ჟენევაში, სადაც გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა მიმდინარეობს.მისივე თქმით, ეს ასახულია შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში.„მაგალითად, 2025 წლის World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საერთო ქულის საფუძველზე საქართველო მსოფლიოში 143 ქვეყანას შორის 52-ე ადგილს იკავებს. მსურს, ასევე შევეხო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 9.3 პროცენტს შეადგენს, რაც ევროპის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ეკონომიკური წარმატება განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია, ისევე როგორც რეგიონში კორუფციის ყველაზე დაბალი დონის არსებობის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სიღარიბის დონის შემცირება, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. 2024 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 9.4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2028 წლისთვის მიზნად გვაქვს დასახული მისი შემცირება ოთხ პროცენტზე ქვემოთ. ამასთან, საქართველო პირველ ადგილზეა საერთაშორისო რეიტინგებში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებაში. ანგარიშგების პერიოდში საქართველოს მთავრობამ განაგრძო ნაყოფიერი თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და მის ოფისთან, ასევე გაერო-ს ხელშეკრულებით შექმნილ ორგანოებთან და ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, მათ შორის საბჭოს სესიებში აქტიური მონაწილეობით და ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული რეზოლუციების მხარდაჭერითა და თანასპონსორობით. საქართველო რეგულარულად წარადგენს ეროვნულ ანგარიშებს გაერო-ს ხელშეკრულებით შექმნილ ორგანოებში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს UPR-ისა და ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულებას. აღნიშნული რეკომენდაციები ინტეგრირებულია მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმებში მათი ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. ასევე, გაერო-ს ყველა სპეციალური პროცედურის მიმართ გაცემული „ღია მოწვევის“ საფუძველზე, საქართველომ განაგრძო მანდატის მფლობელთა ვიზიტების მიღება. ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისადმი ჩვენი ერთგულების პარალელურად, საქართველო ორჯერ უკვე იყო ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი და მანდატის დასრულების შემდეგაც აქტიურად რჩება ჩართული მის საქმიანობაში“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.ამასთან, ხათუნა თოთლაძემ ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.„მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და მოკლედ გაგიზიაროთ საქართველოს მიერ ანგარიშგების პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებები ასახულია ეროვნულ პოლიტიკურ დოკუმენტებში, მათ შორის 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და 2024-2026 წლების შესაბამის სამოქმედო გეგმაში. აღნიშნული სტრატეგია ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გაძლიერებისთვის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. ამ მიმართულებით გატარებულია არაერთი ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა გადახდისუუნარო მსხვერპლთათვის, მხარდამჭერი სერვისები – თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვის უფლებების დაცვა. გადადგმულია ნაბიჯები ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სოციალური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე დასრულებულია მსხვილი ბავშვთა ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ჩვენი პრიორიტეტების კიდევ ერთი მიმართულებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია 2021 წელს ძალაში შესული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი, რომელიც შემუშავდა შესაბამისი ორგანიზაციების, აქტივისტებისა და თავად შშმ პირთა აქტიური მონაწილეობით. ამასთან, 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მიზნობრივ ღონისძიებებს ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

ბოლო სიახლეები