ორშაბათი, აგვისტო 10, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გუნდები „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისთვის ემზადებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე, მოსწავლეთა გუნდების მიერ, შესრულებული ექვსი პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“, ფინალისტია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამარჯვებულებს, ხვალ, 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოავლენს. ერთი დღით ადრე კი, სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრში ექვსივე ჯგუფის მოსწავლეები, მენტორებთან ერთად, ბოლო ექსპერიმენტებს ატარებენ. ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია გაეცნენ.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე არსებული მოსწავლეთა გუნდები ყოველწლიურად მონაწილეობენ კონკურსში – „ლეონარდო და ვინჩი” და უმეტეს შემთხვევაში საპრიზო ადგილებზე გადიან. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, ფინალში გასული პროექტებია: SMART ლიფტი – ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა (მოსწავლეთა გუნდი: დავით ოსეფაიშვილი, ვახტანგ მგელაძე, მაკინე თოდუა); ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდით (მოსწავლეთა გუნდი: ნიკოლოზ კარბელაშვილი, ნინო სულამანიძე, იაკობ ავთანდილაშვილი); მდინარეების მონიტორინგის სისტემა (მოსწავლეთა გუნდი: საბა გულბიანი, გიორგი გაბელია, ანდრია კოსტავა); მებაღე რობოტი (მოსწავლეთა ჯგუფი: დავით ვახტანგაძე, ლადო ადამია, მარიამ ვახტანგაძე); წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი (მოსწავლეთა გუნდი: ზვიად ფრუიძე, ლუკა ფორჩხიძე, ელენე ქაჩიბაია, ლუკა წოწორია და ანა სალდაძე) და ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა (მოსწავლეთა გუნდი: გიორგი გობაძე, ალექსანდრე ჯელია, ნიკა აბულაძე, მართა თოდუა, ელისაბედ გეგეშიძე).

„კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ასევე მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და იგი ხორციელდება ორი – სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ქიმია, ბიოქიმია, ასტრონომია, კოსმოლოგია, ფიზიკა, საინჟინრო მექანიკა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა. ამ კონკურსში მონაწილეობა თითოეული გუნდისთვის დიდი პატივია, ფინალში გასვლა კი, უკვე გამარჯვებაა, თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეები, ტრადიციულად საპრიზო ადგილებზე გავლენ. წარმატებებს ვუსურვებ ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის ექვსივე გუნდს, რომელთა უმრავლესობა STEM აკადემიის მოსწავლეებიც არიან, ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით სონღულაშვილს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტს, კონკურსის მონაწილე გუნდების ერთ-ერთ მენტორს უტა კილასონიას”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ფინალისტი ჯგუფის წევრმა ვახტანგ მგელაძემ (SMART ლიფტი – ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა) საკუთარ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიფტი შშმ პირებზეა მორგებული და უბედური შემთხვევის პრევენციაზეა გათვლილი.

„ლიფტი ასრულებს მგზავრის ხმოვან ბრძანებას და აჰყავს მითითებულ სართულზე. ჩვენ განვაახლეთ საევაკუაციო გეგმა, რომელიც შშმ პირებზეა ადაპტირებული. ვთქვათ, ლიფტი გაჩერდა სართულებს შორის, ან გაითიშა ელექტროენერგია, ან ხანძარი გაჩნდა, ავტომატურად ირთვება ალტერნატიული ენერგია, რომელსაც ლიფტი აჰყავს ახლო სართულთან და ავტომატურად იხსნება კარი”.- განაცხადა ვახტანგ მგელაძემ.

ადრეული წყალდიდობების შეტყობინების სისტემაზე ისაუბრა ფინალისტი ჯგუფის წევრმა ანდრია კოსტავამ (მდინარეების მონიტორინგის სისტემა).

„შევქმენით ადრეული წყალდიდობების შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდება მდინარეში, გარკვეული ინტერვალებით. როდესაც წყლის დონე იმატებს, ავტომატურად იკვრება წრედი, ინფორმაცია გადაეცემა და ეკრანზე გამოდის მონაცემები. ასევე, გვაქვს აპლიკაცია გაკეთებული, რომელიც მოსახლეობას მომენტალურად უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. ჩვენი მოწყობილობა იძლევა წყლის დონის მუდმივი კონტროლის საშუალებას და არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას”.- განაცხადა კოსტავამ.

კიდევ ერთი პროექტის ავტორმა მარიამ ვახტანგაძემ მებაღე რობოტის ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება.

„რობოტი უვლის მცენარეებს, თუმცა აქამდე არსებულისგან ძალიან განსხვავებული მოდელია. რობოტი ინდივიდუალურად უვლის ნარგავებს. ანუ, მას გამოიძახებს მცენარე, რომელსაც სჭირდება, ვთქვათ, წყალი. მცენარე, ხელსაწყოს მეშვეობით შეტყობინებას უგზავნის რობოტს, რომელიც პოულობს მას და წყლის იმ დოზას აწვდის, რაც მცენარეს სჭირდება. ასევე, მცენარეს და რობოტს ერთმანეთთან დიალოგი აქვთ, საუბრობენ”. – განაცხადა მარიამ ვახტანგაძემ.

ერთ-ერთი ფინალისტი პროექტი ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს.

„იდეა ჩვენი გუნდის წევრის, იაკობ ავთანდილაშვილისაა. ჩვენი მოდელი მაგრდება ქვევრის თავზე, ღვინოსთან შეხება არ აქვს. მისი საშუალებით ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე, დისტანციურადაა შესაძლებელი ღვინოში მიმდინარე პროცესის გაკონტროლება. ქვევრებისთვის მსგავსი მოწყობილობა არ არსებობს, ეს სიახლეა”.- განაცხადა ნიკოლოზ კარბელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს, – ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. კალაძის განცხადებით, ბლოგერმა მას აუხსნა, რომ თბილისზე აკეთებდა სიუჟეტებს. შესაბამისად, მის შეკითხვებს უპასუხა და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაუსვა ხაზი.„არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში ყავის საყიდლად შევედი. აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს. მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და შეკითხვები დამისვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ახლაც ვიტყვი, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა. რუსი იქნება, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და სასიამოვნო დღეების გატარება. ისინი დახარჯავენ ფულს, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას და იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რატომ საუბრობს ბლოგერთან ინტერვიუში ქართულ სამზარეულოზე, კახა კალაძე პასუხობს:„შეკითხვა შეეხებოდა სტუმარმასპინძლობას და მეც ვუპასუხე. რა თქმა უნდა, ტრადიციული საჭმელების გარდა, ჩვენ ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო და ამიტომ აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ინტერესი. მათ შორის ჩვენი სამზარეულო და ქართული ღვინო სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის, ადათ-წესების ნაწილი“, – აღნიშნა კალაძემ.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 7 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 ცალი ხემცენარისა  და 318 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული სამართალდარღვევის შედეგად დაკისრებული ფულადი სანქცია, საერთო ჯამში 291 800 ლარს შეადგენს.სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ გავრცელებული ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით, იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი.“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ. პირველ რიგში, განვმარტავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ არსებულ გარემოებებს: მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.აღნიშნული პირები, სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 02:00 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.ასევე, დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი, შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა. ასევე, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება.გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქმის შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას”, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:გთავაზობთ 2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში:• მათემატიკა (VII-XII) • გეოგრაფია (VII-XII) • გეოგრაფია (VII-XII) (აზერ.) • გეოგრაფია (VII-XII) (სომხ.) • ფიზიკა (VII-XII)• ქიმია (VII-XII) • მუსიკა • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (აზერ.) • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (სომხ.) • აზერბაიჯანული ენა • სომხური ენა • საბაზო უნარები (სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის)საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.

სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2000 წლის წინანდელი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს

სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2000 წლის წინანდელი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. II-I საუკუნეებს მიეკუთვნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, გემი ადგილობრივი მოსახლეობის შეტყობინებების საფუძველზე აღმოაჩინეს. ის დასავლეთ სიცილიაში, მაძარა დელ ვალოს სანაპიროდან დაახლოებით 5,6 კილომეტრის დაშორებით, 46 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.გემის შიგნით ასობით ამფორა და ღუზების ნაწილები იპოვეს.„როიტერის“ ცნობით, ზღვის არქეოლოგიის სამსახური შეისწავლის და დაცვის ქვეშ მოაქცევს ზღვის ფსკერს, სადაც გემის ნაშთები აღმოაჩინეს.

ბოლო სიახლეები