პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს უნივერსიტეტის განვითარების მხარდამჭერ პროცესებზე ესაუბრა, რაც უმაღლესი სასწავლებლის ყველა ფაკულტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარეობს.

რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამები ეტაპობრივად იცვლება, ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან კოლაბორაციით, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მათთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს ახალი მიმართულებები აამოქმედოს და კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოამზადოს.

„ახალი ტრანსდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები აქტიურად მუშაობენ. პარალელურად, ხდება არსებული პროგრამების მოდიფიცირება. უნივერსიტეტში, ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით, უკვე მოქმედებს სასწავლო პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში კი ჩვენი პარტნიორები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები არიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად დაინერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რაც თავისთავად ნიშნავს სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერას. ეს პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისას კრეატიულ მიდგომებს, ინოვაციური მექანიზმების გამოყენებას, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიების გახსნას, პრაქტიკის კომპონენტის, ტრენინგების, კვლევების გააქტიურებას და ასევე, უნივერსიტეტსა და ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირის გაძლიერებას. მთელ ამ პროცესსა და ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვას უნივერსიტეტი აუცილებლად მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადება, რომლებიც მათ წინაშე არსებულ მზარდ გამოწვევებს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით დაძლევენ“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, რექტორმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერებინა.

„მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტმა, დოქტორმა შირო ნაკატამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ტემპი და მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა. როგორც დოქტორმა შირო ნაკატამ აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კონკურენტული ინოვაციის ფონდის სტრატეგის მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის სწრაფ მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას, რათა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა სტრატეგიული განვითარების გეგმების განხორციელება და ამასთან ერთად, სწავლებისა და კვლევების პროცესში ინოვაციების დანერგვა ეფექტიანად და მოკლე ვადაში შეძლონ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს უნივერსიტეტის აკადემიური და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო მიღწევები გააცნო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს, როგორ აღმოჩნდა, ერთ ლარად, გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს, როგორ აღმოჩნდა, ერთ ლარად, გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი.დავით გურგენიძე აცხადებს, რომ საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს, რაც საგამოძიებო კომისიის ანგარიშშიც გამოიკვეთა. კიდევ ერთი მოთხოვნა გამოძიების პროცესში ქონების დაყადაღება და მისი ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დაბრუნებაა."არის იმის ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, იქ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არცერთი კაპიკი არ მიუღია. მან საქართველოს ბიუჯეტში გადაიხადა თუ არა, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. ეს არის უდიდესი ტერიტორია - ისტორიულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია, ეს დაახლოებით 22 000 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობებია. ეს არის სპორტული მოედნები, სტადიონები, ლაბორატორიები, ეს იყო უახლესი აშენებული, სადაც ფაქტობრივად ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იმ წუთში შევიდნენ. ამისთვის, მაშინ უნივერსიტეტს გაუჩერდა ავტორიზაცია, გადადგა რექტორი, აკადემიკოსი ბატონი რამაზ ხუროძე. შემდგომ, ასევე გადადგა მეორე რექტორი არჩილ მოწონელიძე და თან ეს იყო ომის პერიოდი, როდესაც ეს ფართები იყო მიტაცებული.ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა დაუბრუნდეს ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს. ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება და კვლავ უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება აუცილებლად იყოს დაყადაღებული, ასევე ვითხოვთ, რომ ეს ქონება უნდა იყოს დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისათვის. ასევე, ვითხოვთ, რომ ის მიღებული მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ მიიღო, დაინიშნოს ექსპერტიზა და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს", - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი – „ქართული ოცნება“ იღებს რეპრესიულ ზომებს, რომლებიც შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით, ეს არ დარჩება შეუმჩნეველი, ვმუშაობთ სანქციებზე

ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ქართული სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად.„„ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს იღებს, ზომებს, რომელიც ცხადად შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. რა თქმა უნდა, რაც იქ ხდება, ეს არ არის შეუმჩნეველი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ სანქციებზე. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფული არ წავიდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, ჟურნალისტების და ყველას დასახმარებლად, ვინც მშვიდობიანად მუშაობს უკეთესი მომავლისთვის და უარს არ ამბობენ იმედსა და ღირებულებებზე, რასაც ევროპა განასახიერებს“, – განაცხადა ჰიპერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.მისივე თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.„განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს, საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ სამძებრო ღონისიძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოვახსენებთ“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

თამარ ჩიბურდანიძე: უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს – მადლობა პრემიერს და განათლების მინისტრს ამ საუკეთესო ცვლილებებისთვის

ვინც გუშინ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმას უსმენდა, ალბათ, ჩვენსავით იტყოდა ერთ სიტყვას - „ვეღირსეთ!“. დიახ, ეს ნამდვილად არის საუკეთესო სიახლე უმაღლესი განათლების სისტემისთვის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.მისი თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს.„ყველა ის საკითხი, რაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო საუნივერსიტეტო სფეროში, გათვალისწინებულია ახალ რეფორმაში, თუმცა, შესაძლოა იყოს საკითხები, რომელიც მოითხოვს კიდევ უფრო მეტ დამუშავებას ამ სფეროს წარმომადგენლებთან ერთად. პრემიერის განცხადებით, ეს კომუნიკაცია აუცილებლად შედგება.წარდგენისას ჩანდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ეხება რეფორმა, სიღრმისეულად იყო შესწავლილი. საუბარია უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხზე, პროფესორების ანაზღაურებაზე, სწავლების ვადებზე, სამეცნიერო კვლევების ბიუჯეტის გაზრდაზე და მათ ჩართულობაზე დარგობრივი პოლიტიკების შემუშავებისას. ამ საკითხებზე მთავრობის მხრიდან მანამდეც ხდებოდა აპელირება, მაგრამ, საინტერესო იყო დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება განათლების რეფორმაში.საქმე ეხება შიდა და გარე მიგრაციას, დემოგრაფიულად აქტიური თაობის გამოდინებას რეგიონებიდან და გადინებას უცხოეთში. ცნობილია, რომ მიგრაციული თაობის დიდი ნაწილი მიგრაციაში რჩება, განსაკუთრებით, ახალგაზრდები. სწორედ ამ უდიდესი პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზები შემოგვთავაზა მთავრობამ. სწავლების ხარისხის გაზრდა და რეგიონული გადანაწილება ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებშიც და ქვეყანაშიც.მაგალითისთვის, მსურს მოვიყვანო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მის კურსდამთავრებულებზე ერთგვარი ნადირობაა გამოცხადებული საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებიდან. ამ ახალგაზრდებს არ სჭირდებათ ნეპოტიზმი და ვინმეს დახმარება, თავად ეძებენ დამსაქმებლები. ეს კი შედეგია იმ მაღალხარისხიანი სწავლებისა, რასაც ეს უნივერსიტეტი იძლევა.როგორი განხილვებიც არ უნდა წარიმართოს უმაღლესი განათლების რეფორმაზე, მჯერა, დემოგრაფიული პოლიტიკის გათვალისწინებას არავინ შეეხება.უმაღლესი განათლების რეფორმა პასუხობს როგორც განათლების, ასევე, დემოგრაფიულ გამოწვევებს. მადლობა პრემიერს და განათლების მინისტრს ამ საუკეთესო ცვლილებებისთვის. ველით ასეთივე რევოლუციურ ცვლილებებს სასკოლო განათლების სფეროშიც, რომელიც არის განათლების საძირკველი. სამწუხაროდ, უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, ესეც გადაგვიგვარეს და გაგვინადგურეს.არ გავიმეორებ ბანალურ სიტყვებს, რომელიც შეიძლება ვიღაცას ყურს სჭრიდეს. საქართველოს ექნება არა მხოლოდ ევროპული დონის განათლების სისტემა ყველა საფეხურზე, არამედ ქართული, რომელიც მოიცავს ჩვენს საუკუნოვან გამოცდილებას განათლებაში და ასევე მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის სიმძლავრემ 2.3 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

ბოლო სიახლეები