სამშაბათი, მარტი 31, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU, USA) ვიცე-პრეზიდენტებს – დოქტორ უილიამ ტონგს და
დოქტორ ჰალა მადანატს შეხვდა და მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები
განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის
გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შედგა, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ
გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე
მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის
ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ადმინისტრაციის
წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან – მეცნიერების
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ჯეფრი რობერტსი და SDSU-GEORGIA-ს წარმომადგენლები.
მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების მიმდინარეობის შესახებ
იმსჯელეს და მომავალი კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო
ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, სან დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტთან პარტნიორობა ნაყოფიერი, მასშტაბური და სტუდენტებისთვის არაერთი
წარმატების მომტანი გახდა. რექტორმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობებს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, SDSU-ს და SDSU-GEORGIA-ს
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-
აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ ყურადღება გაამახვილა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, SDSU-GEORGIA სტუდენტებს
სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს
(ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს STEM დარგებში. აღნიშნული
პროგრამები საქართველოს რიგ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და ამ
პროგრამებით ახალგაზრდების დაინტერესება ყოველწლიურად მკვეთრად მზარდია.
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ
საგანმანათლებლო სისტემასთან. აღსანიშნავია უაღრესად ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი და განხორციელებული
პროექტი მოგვიტანა. თავის მხრივ, ამერიკულ უნივერსიტეტთან კოლაბორაციის პროგრამა,
უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენს ახალგაზრდებს
კი შესაძლებლობა აქვთ სამშობლოში ამერიკული განათლება მიიღონ. როდესაც შედეგებზე
ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და
მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ
საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა – ეს წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი
ნაბიჯია. ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით დაუღალავად ვაგრძელებთ მუშაობას და
კიდევ 6 საგანმანათლებლო პროგრამას ვამზადებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით
ახალ წარმატებებს მივაღწევთ, რაც ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს, ახალგაზრდა
მკვლევრებს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მეტად

ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს
ურთიერთგაგების დოკუმენტის ეფექტიან მოქმედებას, SDSU-ს აკადემიური პერსონალის
ძალისხმევას, პროფესორ ჰალილ გიუვენისა და მისი მეუღლის, ოია ატაკანის დიდ დამსახურებას,
პირადად პრეზიდენტის, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს და ვიცე-პრეზიდენტების მხარდაჭერას,
რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესების მართვაში ქმედითი
წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ
პაპუკაშვილს – სწორედ მათი უშუალო ჩართულობით ქვეყანაში ვითარდება და ძლიერდება STEM
მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენს შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიმდინარე
პროცესები გულისხმობს არა მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების
მხარდაჭერას, არამედ ზოგადად, STEM დისციპლინების განვითარებას, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში, სტუდენტებისთვის
ორდიპლომიან და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობების
ზრდას, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უმჯობესდება“, – აღნიშნა რექტორმა დავით
გურგენიძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებმა გულთბილი მიღებისთვის
მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აღნიშნეს, რომ
ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს
აქტიურად და ინტერესით ადევნებენ თვალს და თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ
ინტერნაციონალიზაციის პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს
მხარდაჭერა აღმოუჩინონ. როგორც მათ აღნიშნეს, ეფექტიანობის თვალსაზრისით, სახეზეა არაერთი
სასიკეთო ძვრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაშიც ქართველი კოლეგების
თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, დიდია თავად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
წვლილი. შეხვედრის დასასრულს, მათ გამოთქვეს რწმენა, რომ პროგრესის მომტანი კოლაბორაცია
არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ საქართველოსაც დიდ წარმატებას
მოუტანს.
სტუ-ის ინფორმაციით, რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
დელეგაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებსა და
ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1-ელ აპრილს მოლაპარაკებებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.„2026 წლის 1-ელ აპრილს მოლაპარაკებები გაიმართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის, რომელიც მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩამოვა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიდერები განიხილავენ რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებს, ევრაზიის რეგიონში ინტეგრაციულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კავშირების განვითარებას.

დონალდ ტრამპი – თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან

ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო საავიაციო საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის განადგურებაში მონაწილეობაზე, მაქვს რჩევა. პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, მოიკრიბეთ გარკვეული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ იგი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა უნდა დაიწყონ.„თქვენ უნდა დაიწყოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა. აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი“, – წერს დონალდ ტრამპი.ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, საფრანგეთი არ უშვებდა ისრაელისკენ მიმავალ სამხედრო მარაგით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიის თავზე.„საფრანგეთი უკიდურესად უსარგებლო იყო „ირანის ჯალათის“ წინააღმდეგ დახმარების კუთხით, რომელიც წარმატებით განადგურდა! აშშ დაიმახსოვრებს!!!“, – წერს დონალდ ტრამპი.

გია ვოლსკი – მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანია, რომელსაც ლაპარაკის უფლებამოსილება სახელმწიფოს მხრიდან აქვს, ასეთი პროცესი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს, ამიტომ არის არასწორი ინტერპრეტაციები

საუბარი თუ შედგა, ეს ნიშნავს, რომ ორმა მოკავშირემ ის საქმიანი ურთიერთობა აღადგინა, რაც ახასიათებდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა,მისივე თქმით, ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის საქმიანი საუბარი შედგა, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა.„საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, რას ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობები. ამ პროცესის პოზიტიური ნაწილია ის, რაც მოხდა. ზარიც არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. მარკო რუბიო ამერიკის სახელმწიფო მდივანია, რომელსაც ლაპარაკის უფლებამოსილება სახელმწიფოს მხრიდან აქვს. ეს იყო საქმიანი საუბარი, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა. ასეთი პროცესი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს არასწორი ინტერპრეტაციები, რასაც ვისმენთ.ეს გულდასაწყვეტია, რადგან ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლოთა ერთი დიდი ბრიგადა, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი საკითხი თავისი ბნელი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. თუ რაიმე პოზიტიური ხდება, ამას ინტერპრეტირებას უკეთებს, რომელიც რეალობისგან მოწყვეტილია. არც იციან, რაზეა საუბარი. ზოგადად, საუბარია რეგიონზე, მის უსაფრთხოებაზე, შავ ზღვაზე. რასაკვირველია, რეგიონის უსაფრთხოება მოწყვეტილი არ არის ახლოაღმოსავლეთის თემისგან. თუ საუბარი შედგა, ეს ნიშნავს, რომ ორმა მოკავშირემ ის საქმიანი ურთიერთობა აღადგინა, რაც ახასიათებდა.სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელი-სათაური იყო სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე და იმის იქით, შინაარსი არ იყო. ჩვენთვის საქმიანი ურთიერთობა გასაკვირი არ არის, მისასალმებელია. ჩვენთვის მეტი ტემპია მისაღები, მაგრამ ვიცით, მსოფლიო რა მდგომარეობაშია და ამ შემთხვევაში ამერიკის როლი და პასუხისმგებლობაც გასაგებია“, – განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. დეპარტამენტის ცნობით, „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“.ამასთან, ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა“.

ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს

ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს. ოპოზიციის გეგმებზე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ისაუბრა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია.მათივე თქმით, თარიღები, რომელიც გამაერთიანებელია ერის უდიდესი ნაწილისთვის, ოპოზიციას სურს დაპირისპირების ასპარეზად აქციოს.

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“.უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა.„ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები