კვირა, აპრილი 12, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამით „სატყეო საქმე“, საერთაშორისო პროექტში – DUGEOR მონაწილეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტში DUGEOR მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, DUGEOR ოთხწლიანი პროგრამაა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებების და ბიოსისტემების ფაკულტეტი სატყეო საქმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამითაა ჩართული.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიგა ქვარცხავას თქმით, საერთაშორისო პროგრამაში ჩართვა დუალურ სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს. შესაბამისად, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ხარისხის სამსახური „სატყეო საქმის“ საბაკალავრო პროგრამაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობს.

„დღეს ჩვენ სტუდენტს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის განათლებას ვაძლევთ,თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ უნდა გავჩერდეთ. DUGEOR -ზე მუშაობა წელს, იანვარში დავიწყეთ. პროგრამის შემუშავებას ოთხი წელი დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, დუალური სწავლის მეთოდი სტუდენტს დღევანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთეს შედეგზე გაიყვანს. როდესაც დამიკავშირდნენ, გვკითხეს რომელი პროგრამით ვისურვებდით DUGEOR -ში მონაწილეობას. ფაკულტეტს რამდენიმე კარგი პროგრამის წარდგენა შეეძლო, მაგრამ კოლეგებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო „სატყეო საქმე“. ამ ეტაპზე სატყეო მიმართულება არის ის წერტილი, სადაც საერთაშორისო ჩართულობა, სხვა პროგრამებისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებია. ადამიანური და მატერიალური რესურსი, ასევე საქართველოში არსებული უნიკალური ტყის საფარი, „სატყეო საქმით“ DUGEOR -ში ჩართვის საშუალებას გვაძლევს. ეს არის მიმართულება, რომლის სტუდენტების 100% შეგვიძლია პრაქტიკებზე გავანაწილოთ. ადგილზე პრაქტიკით მივაღწევთ იმ შედეგს, რაზეც პროგრამაა ორიენტირებული. ჩვენი პარტნიორები ამ პროექტში არიან ავსტრიის, გერმანიის და სერბეთის უნივერსიტეტები, სადაც ეს პროგრამა უკვე დანერგილია,“ – აცხადებს გიგა ქვარცხავა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტი და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი პარტნიორებთან ერთად ნაყოფიერად მუშაობენ DUGEOR-ის პროგრამაში.

„პროექტის – „დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)“, მიზანია: დუალური განათლების დანერგვა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში; დუალური განათლების საშუალებით სტუდენტებისთვის მეტი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ათვისების შესაძლებლობა; საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა დუალურ განათლებასთან ადაპტაციის მიზნით; დუალური განათლების ზოგადი მოდელის შემუშავება (DUGEOR მოდელი) საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად სტუდენტებისთვის, კომპანიებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და უმაღლეს სასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებას დუალური განათლების განსახორციელებლად. პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის, 4 უცხოური (სერბეთი, ავსტრია, გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია. კონსორციუმის წევრია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ეს არის მომავლის პროგრამა და შემთხვევითი არაა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია ჩართული. უნივერსიტეტს აქვს ყველა საშუალება პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ინფორმაციისთვის, „დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში (DUGEOR)“, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში. პროექტი 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები – გადმოცემები წინაპრებისგან

სააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი მოიგო (3:2, 5:4, 5:1, 7:2). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი ვატო დადვანმა (5) გაიტანა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), იოვან სარიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ბესარიონ ახვლედიანი (1), გიორგი მესხი (2), ველიკო ტანკოსიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1).ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი – სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.ასევე, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები