საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმ თამარ წერეთელმა და შპს „ემ ეს სი ჯორჯიას” მმართველმა დირექტორმა ალქან ალიჯიქმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული გამოცდილება მიიღონ. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, გლობალური ლოგისტიკურ გიგანტთან, MSC-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ და საზღვაო სატრანსპორტო კომპანია Mediterranean Shipping Company (MSC) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ MSC აქტიურად იწყებს ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას, რაც თანამედროვე ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს ახალი კადრები, სტუდენტებს კი რეალურ პროფესიულ გარემოში მუშაობის შანსი ეძლევათ. ერთობლივი კვლევითი პროექტები და აკადემიური რესურსების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ ეფექტიან გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. გარდა ამისა, პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, რაც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის მოდერნიზაციას, რაც უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები დაეუფლონ იმ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საბოლოო ჯამში, მსგავსი ინიციატივები ქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, ზრდის პროდუქტიულობას, ინვესტიციების მიმზიდველობას და აძლიერებს ქვეყნის პოზიციებს გლობალურ ბაზარზე“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა.

