ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, შემოქმედებითი ენერგია და თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ სწავლაა პიროვნული განვითარების საფუძველი, ხოლო განათლებული და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდა კი ქვეყნის პროგრესს უყრის საფუძველს, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერითა და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი, 2025-2026 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა 103-ე ნაკადის მიღება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მე-3 და მე-4 სასწავლო კორპუსების მიმდებარე ღია საუნივერსიტეტო სივრცეში მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობა სტუ-ის სამივე საფეხურის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს. საუნივერსიტეტო სივრცეში გამოფენილი იყო სტუ-ის მეცნიერთა და სტუდენტთა კვლევითი და აკადემიური მიღწევების ამსახველი ფოტოკოლაჟები, ასევე, ექსპოზიციები სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრებით.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სტუდენტებსა და განსაკუთრებით პირველკურსელებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – კანცლერს, სტუ-ს სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს და ვიცე-რექტორებს – ფაკულტეტების დეკანებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ პირველკურსელებო – თქვენ იმ ინტელექტუალური სივრცის ნაწილი გახდით, სადაც ინჟინერია, დიზაინი, არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესტექნოლოგიები, სამთო-გეოლოგია და მთის მდგრადი განვითარება, აგრარული და ქიმიური მიმართულებები, სამართალმცოდნეობა, სოციალური მეცნიერებები, ინფორმაციული სისტემები და ახალი ტექნოლოგიები ინოვაციურ აზროვნებაში ერთიანდება; თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს შეგასწავლიან გამოჩენილი მეცნიერები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც ცხოვრება მიუძღვნეს ახალი თაობების აღზრდას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

ახალგაზრდობა ის პერიოდია, როცა გონება უფრო გამჭრიახია, აღქმის უნარი უფრო მძაფრი, შემოქმედებითი პოტენციალი – უდიდესი; ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, შემოქმედებითი ენერგია და თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ სწავლაა პიროვნული განვითარების საფუძველი, ხოლო განათლებული და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდა კი ქვეყნის პროგრესს უყრის საფუძველს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერია იმით, რომ აქ იბადება აზრი, რომელიც ქმნის მატერიას; თქვენი თაობა ცხოვრობს ეპოქაში, სადაც ცოდნა ინტელექტუალური პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, გისურვებთ იფიქროთ მეტი, წაიკითხოთ და გაითავისოთ, ეძიოთ და იპოვოთ. ჩვენ, თქვენი მასწავლებლები, როგორც პარტნიორები თქვენ გვერდით ვიქნებით იმ დიდ გზაზე, რომელიც განათლებასა და მეცნიერებაზე გადის. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა მხოლოდ მაშინ, როცა მას მიზანთან და პასუხისმგებლობასთან შეაზავებთ.

ახალგაზრდებო, სწავლასთან ერთად თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ საუნივერსიტეტო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში, რითაც სტუდენტურ ცხოვრებასაც გაიმრავალფეროვნებთ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი ტრადიციების გამგრძელებლებიც გახდებით.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას, სტუდენტებთან ერთად, ვულოცავ პედაგოგებსა და მეცნიერებს – ჩვენს კოლეგებს, რომელთაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში! წარმატებას გისურვებთ მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას,” – განაცხადა დავით გურგენიძემ.

დავით გურგენიძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა თითქმის 90%-მა პირველ უმაღლეს სასწავლებლად სტუ მიუთითა და არჩევანიც შესაბამისი გააკეთა, რაც ქვეყნის განათლების სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე მიუთითებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, ახალგაზრდები თავიანთ არჩევანში არ შემცდარან, რადგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში უძველესი და ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც 170 საგანმანათლებლო პროგრამაზე 23 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. დავით გურგენიძის თქმით, ახალ აკადემიურ წელს უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება და სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, მათ შორის ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირველკურსელებს არაერთ სიახლეს სთავაზობს.

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელიც საუკუნეზე მეტია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს, ბოლო წლებში განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან აკადემიურ, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ წარმატებას მიაღწია. როგორც სტუ-ის კანცლერმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც დასაქმების ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან, წარმატებით საქმდებიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიულ საწარმოებში.

საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ახალგაზრდებს წარმატება უსურვეს სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, ვიცე-რექტორებმა – თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღია საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი სასწავლო წლისა და ახალი სტუდენტური თავგადასავლების დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა. სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგნენ სხვადასხვა ჟანრის საუნივერსიტეტო სტუდენტური მუსიკალური ჯგუფები: Music Art House, დუეტი – Sounds like Love, გოგონათა ვოკალური ტრიო – DayDream, მომღერალი – ნუცა ხუჯაძე, ბენდი – Next station, ეთნოჯგუფი „მარე“; საკონცერტო პროგრამის მეორე ნაწილი სტუ-ის კურსდამთავრებულს – DJ ლაშა სულთანიშვილს დაეთმო, რომელმაც ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა. სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

სტუ-ის ინფორმაციით, რექტორის მხარდაჭერით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 2025-2026 წელს ჩარიცხულ ყველა პირველკურსელს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ზოგადად პოლიტიკას და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკას შესთავაზა ახალი ფორმატი – ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო...

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები აღარ იქნებიან ქართულ პოლიტიკაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური ფლანგი ბუნებრივად შეივსება, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, პარტია „ხალხის ძალამ“ ქართულ პოლიტიკაში თავისი კვალი უკვე დატოვა. პარტიამ ზოგადად პოლიტიკას შესთავაზა ახალი ფორმატი, რომლის თანახმადაც ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში.„ოპოზიციურ ფლანგზე დღეს ვინც არ უნდა მოისურვოს სერიოზული ოპერირება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველას შეჭამს. ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტია არ უნდა არსებობდეს, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. უნდა არსებობდნენ ისეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ექნებათ ჯანსაღი კრიტიკის სურვილი.ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა პარტია „ხალხის ძალა“ ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, გავერთიანდით რამდენიმე ადამიანი და შევძელით საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა იდეა - ჩვენ შეგაიარაღებთ სიმართლით და გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღეთ. ანუ ქართულ პოლიტიკაში ჩვენ ჯერ საქმეები ვაკეთეთ და შემდეგ შევქმენით პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალა“. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკაში „ხალხის ძალამ“ თავისი კვალი უკვე დატოვა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას. ყველაზე მთავარი, რაც შევძელით არის ის, რომ საზოგადოება ჩავრთეთ პროცესებში, რის გარეშეც ნამდვილად გაუჭირდებოდა ქართულ სახელმწიფოს იმ პერიპეტიების გადალახვა, რაც გავიარეთ. ყველას კარად გვახსოვს, რომ უდიდესი წნეხი და ზეწოლა იყო საქართველოზე - პირდაპირ ცდილობდნენ ომი გაესაღებინათ მშვიდობად.„ხალხის ძალამ“ ზოგადად პოლიტიკას და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკას შესთავაზა ახალი ფორმატი - ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ელენე ხოშტარია – ხელისუფლებამ ვერცერთი ხრიკით ვერც ლეგიტიმაცია მოიპოვა და არც პროვოკაცია გამოუვიდა, ასეთივე უიმედოა გახარიას პარლამენტში შესვლა – წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს...

წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა!, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს და მოქალაქეებს 26 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია „ვერცერთი ხრიკით“ ვერ მოიპოვა და გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაც მათთვის „ასეთივე უიმედოა“.„ხელისუფლებამ ვერცერთი ხრიკით ვერც ლეგიტიმაცია მოიპოვა და არც პროვოკაცია გამოუვიდა. რას არ ხლართავენ, მაგრამ ვერა და ვერა. ზუსტად ასეთივე უიმედოა გახარიას პარლამენტში შესვლა.მთავარია, წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა! მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, 26 ოქტომბერი, 19:00 საათი“, - წერს ელენე ხოშტარია წერილში, რომელიც „დროას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ დუნდუა სსფ-ის პროგნოზში საქართველოს პოზიციაზე: ეს ეფუძნება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს – დაბალი გადასახადები, კეთილსინდისიერი მმართველობა, კარგი გარემო ბიზნესსექტორისა და ინვესტიციებისათვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა.კერძოდ, როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2030 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს შედეგი ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ეფუძნება.„საქართველოს აქვს გამორჩეული პოზიცია მსოფლიო რეიტინგში ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით როგორც 2024-2025 წლებში, ისე 2024-2030 წლების განმავლობაში, როგორც ამას სავალუტო ფონის პროგნოზი გვეუბნება. 2024-2030 წლებში რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით საქართველო არის ევრაზიაში პირველ ადგილზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ეფუძნება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს - დაბალი გადასახადები, ხელსაყრელი ბიუროკრატია, კეთილსინდისიერი მმართველობა, კარგი გარემო ბიზნესსექტორისა და ინვესტიციებისათვის. საბოლოო ჯამში ეს ბუნებრივია, აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.მაგალითად, კარგი მთავრობის ინდექსის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჩანდლერის ინსტიტუტის მიერ, ინვესტიციების მიზიდვით საქართველოს მთავრობა არის მეოთხე პოზიციაზემსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში.როდესაც ყველანაირ პირობას ქმნი ეკონომიკური განვითარებისათვის, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, სხვა გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ვიდეო რგოლი, ასევე ფოტოები, სადაც გამოსახულია ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც თითქოს უთქვამს შემდეგი:  -,, ღარიბაშვილის დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოვშლი “ქართულ ოცნებას” ერთი ვიდეო ჩანაწერით...გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ  აღნიშნული გახლავთ სიცრუე, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი და არავითარი შეხება აღნიშნულ ვიდეო რგლოთან, ფოტოსურათებთან ან ტექსტთან ოთარ ფარცხალაძეს  არ გააჩნია. მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ავრცელებს მსგავს სიცრუეს, სოციალურ ქსელებსა თუ მედია საშუალებებში, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და არასწორი, ცილიმწაბელური ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩვენ ვემიჯნებით მომავალში მსგავსი ცილისმწამებლური შინაარსის ინფორმაციას და ვაცხადებთ, რომ არც ახლა და არც მომავალში რაიმე სახის შემხებლობა მსგავს ფეიკი-ნფორმაციასთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნდა და არც ექნება!"

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ბრაუზერი წარადგინა

ამერიკულმა კომპანიამ OpenAI საკუთარი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბრაუზერი ChatGPT Atlas წარმოადგინა.კომპანიაში განმარტავენ, რომ ბრაუზერის მომხმარებლები სხვადასხვა ამოცანის შესრულებას ChatGPT-ს მეშვეობით შეძლებენ. კერძოდ, ჩატ-ბოტის „გამოძახება“ შესაძლებელია ნებისმიერ ვებგვერდზე გვერდითა პანელიდან. ის შეაჯამებს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, შეძლებს სხვადასხვა პროდუქტის შედარებას ან მონაცემების ანალიზის ჩატარებას. ჩატ-ბოტი ასევე ჩნდება დოკუმენტებში, ელექტრონულ წერილებში ან კალენდარში ჩანიშნულ მოსაწვევებში ცალკეული სიტყვების მონიშვნისას.მანამდე Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ახალ ბრაუზერს რესტორნებში მაგიდების დაჯავშნა და ვებგვერდებზე ფორმების ავტომატურად შევსება შეუძლია.ბრაუზერი ChatGPT Atlas უკვე ხელმისაწვდომია macOS-ისთვის, Windows, iOS-ისა და Android-ის ვერსიები კი უახლოეს მომავალში გამოვა.

ბოლო სიახლეები