შაბათი, სექტემბერი 27, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენების ევროპული დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენების ევროპული დღე (European Day of Languages), საერთაშორისო გზავნილით – „ენები ხსნიან გულსა და გონებას“ (Languages Open Hearts and Minds) სამეცნიერო ღონისძიებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

ღონისძიებაში, რომელიც უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სტუ-თან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, წელს, ენების ევროპულ დღეს ევროპის საბჭო აღნიშნავს ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოწოდებით – „ენები ხსნიან გულსა და გონებას“. როგორც რექტორმა აღნიშნა, ამ საუკუნის პირველი მეოთხედის მიწურულს, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე, რაც მათი სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვას გულისხმობს, ხოლო მკვლევრები აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ერთიანდებიან.

„დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ერი დგას სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე. ეს გამოწვევა გლობალური და უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც. საქართველოში ორი სახელმწიფო ენა მოქმედებს – ქართული და აფხაზური. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ტექნოლოგიური ანბანების არმქონე ენები განწირულნი არიან ციფრული კვდომისთვის, რაც ქმნის საფრთხეებს, რომ უძველესი კულტურის მქონე არაერთმა ენამ დაკარგოს კულტურის მატარებელი და მაწარმოებელი ენის სტატუსი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. პირველი – ეს იყო სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი – „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ (SCCAI2025) „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტი GAIN-ის ფარგლებში. ამ პროექტის კოორდინატორი და კონფერენციის ორგანიზატორი ჩვენი უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტია, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრთან (DFKI) და საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნულ ინსტიტუტთან (INRIA) პარტნიორობით. მეორე – ეს იყო პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) 55-ე საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში. ორივე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმმა წარმოადგინა ისეთი თემები, როგორიცაა ბუნებრივი ენების, მათ შორის სამხრეთკავკასიური ენების დამუშავების შესაძლებლობები AI-ის უზრუნველყოფით, განიხილა ენების ციფრული კვდომის საფრთხეები, მისი დაძლევისა და გლობალურ AI საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობები და რაც ასე მნიშვნელოვანია, იმსჯელა საერთო სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს – ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტს, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად მინისტრს – გივი მიქანაძეს, რომელთა ქმედითი მხარდაჭერითა და ძალისხმევით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც უკვე მუშაობს სახელმწიფო ენების დაცვისა და განვითარების მიმართულებით. საგულისხმოა, რომ კვლევებში ჩართულნი არიან ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები. ინსტიტუტი და მისი ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხეების არიდების მიმართულებით სერიოზული სამუშაოებს ატარებს,“ – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მარიამ ლაშხმა ქართული და აფხაზური ენების ციფრული საფრთხებისგან დაცვისა და ციფრული ტექნოლოგიების საერთაშორისო სივრცეში საქართველოს სახელმწიფო ენების ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერაზე სახელმწიფო ენების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული საკითხების მოსმენა უახლოეს მომავალში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში იგეგმება.

სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრმა, პროფესორმა კონსტანტინე ფხაკაძემ დამსწრე საზოგადოებას ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები გააცნო. მისი თქმით, ინსტიტუტი სტუ-თან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა და მუშაობას აგრძელებს ორ გრძელვადიან პროექტზე: „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა ალექსანდრე რუსეცკიმ მეტაკოგნიტური ლინგვისტიკის ქართული სკოლის განვითარების პერსპექტივები განიხილა, ხოლო ახალგაზრდა მკვლევარმა, დოქტორანტმა რაფაელ კალანდაძემ თავისი კვლევა – „დიდი ენობრივი მოდელები მწირერესურსიანი ენებისთვის“ წარმოადგინა. მოხსენებების დასრულების შემდეგ, ღონისძიებამ ინტერაქციურ ფორმატში გაგრძელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე

კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი.სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზოუკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

27 სექტემბერი ჯვართამაღლებაა – რას და რატომ ვდღესასწაულობთ ამ დღეს?

27 სექტემბერი საუფლო დღესასწაული - ჯვართამაღლებაა; რას და რატომ ვდღესასწაულობთ ამ დღეს;ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ, ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმინდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართინა.კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“.მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი - კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმინდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმინდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული.იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი  - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა.ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმინდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმინდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ“, კრძალვით თაყვანს სცემდა მას.წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს).წმინდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული, ახალი სტილით კი მას 27 სექტემბერს ვდღესასწაულობთ.

მეუფე შიო – ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს – იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში

ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს. იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. წმინდა ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლი არ იყო მხოლოდ მისი პიროვნული გმირობა, მან მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან, მთელ ხალხს შთაჰბერა და შეუნარჩუნა სულიერი სიმტკიცე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს ალავერდის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ქეთევან დედოფლის მოწამეობა არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის დიდი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის, რომ მივბაძოთ მის სიმტკიცეს, მის სიმამაცეს, მის ქრისტესადმი სიყვარულსა და ერთგულებას.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ამბა ალავერდელო მიტროპოლიტო დავით, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ წმინდა დიდმოწამე ქეთევან კახეთის დედოფლის ხსენებას.გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას.წმინდა დიდმოწამე ქეთევანი თავისი ღვაწლით გამორჩეულია არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის, არამედ მთელი საქრისტიანოს ისტორიაში.როგორც იცით, შარშან შესრულდა 400 წელი მისი მოწამებრივი აღსასრულიდან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მთელი წელიწადი მიეძღვნა მისი ღვაწლის აღნიშვნას. ეს თარიღი წინ უძღვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს, რომელიც გაისად, 2026 წელს, უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ ამ თარიღისთვის მზადება უკვე დაწყებულია.დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდმოწამე ქეთევანის ღვაწლი და შევავედროთ მას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია.წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ წმინდა მოწამეები ყოველგვარ ციურ სხეულსა და ათას მზეზე უფრო მეტად ბრწყინავენ და ანათებენ. მათგან გამომავალი სინათლე იმდენად ძლიერია, რომ ეშმაკსაც კი უბრმავებს მზერას, ბოროტი სულები სადაც ნახავენ წმინდა მოწამეების სხეულებს, მათ ნაწილებს, მაშინვე გარბიან იქიდან, რადგან ისინი უმზერენ არა ადამიანის მომაკვდავ, უფრო სწორად, კაცობრივ მოკვდავ ბუნებას, არამედ ისინი ხედავენ ქრისტეს გამოუთქმელ დიდებას, რომელიც მოქმედებდა წმინდა მოწამეებში.ამდენად, ვინც მონაწილეობს მოწამეთა დღესასწაულში, ისინი თავისუფლდებიან სულიერი შფოთისგან, ცუდი აზრებისგან, რაც მომდინარეობს ეშმაკებისგან. ვინც აქ დამწუხრებული მოდის, შინ გამხნევებული და დამშვიდებული ბრუნდება, რადგან აქ ტოვებს ყოფითი სიმძიმეების უღელს, - ასე გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი.ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს. იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც გარეშე მტრის ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქართველთა შორის მრავალი ღალატობდა სარწმუნოებას და მაჰმადიანობას იღებდა. ბევრმა ეროვნებაც შეიცვალა, მრავალი ადამიანი კი ბრძოლის ველზე დაეცა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. აი, სწორედ ამ დროს მოევლინა ჩვენს ხალხს წმინდა დედოფალი ქეთევანი ქრისტეს რწმენის და სიმტკიცის მაგალითად.მთელი მისი ცხოვრება სავსე იყო განსაცდელებით ახალგაზრდობიდანვე, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო მისთვის მისი შვილიშვილების მოწამებრივი აღსასრული და როდესაც შაჰ აბასმა მას შესთავაზა რჯულის გამოცვლა და მაჰმადიანობის მიღება. მისი ცხოვრების ბოლო წლები, რომლებიც მან ტყვეობაში გაატარა, სასტიკი წამებით დასრულდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი სიმტკიცე ვერანაირმა წამებამ და ტანჯვამ ვერ შეარყია.როგორც მოგვითხრობენ მისი წამების თვითმხილველნი და თანამედროვენი, შაჰის მსახურებმა თავიდან ტკბილი საუბრით სცადეს მისი დაყოლიება, რომ შეებრალებინა თავისი თავი და მიეღო მაჰმადიანობა; შაჰის სახელით ბევრ სიკეთეს ჰპირდებოდნენ: სიმდიდრეს, პატივს, მაგრამ შეუდრეკელმა დედოფალმა მიუგო, რომ ვერც სიმდიდრე, ვერც ვერანაირი დანაპირები, ვერც შიში და მუქარა, ვერც სიკვდილი, უარს ვერ ათქმევინებდა ქრისტეს რჯულზე.შაჰის მსაჯულები აღფრთოვანდნენ მისი ასეთი სიმტკიცით, მაგრამ მაინც სცადეს, ერჩიათ, რომ შეეცვალა რჯული, ვინაიდან ასეთი ურყევი და მტკიცე გადაწყვეტილება აუცილებლად წამებამდე მიიყვანდა მას. მათ უთხრეს, რომ შაჰმა ბრძანა, უსასტიკესად ეწამებინათ იგი.საოცარია დედოფლის სიტყვები, რომელსაც გადმოგვცემს იმჟამად იქ მყოფი კათოლიკე ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში: დედოფალმა უთხრა რომ ასეთ წმინდა და სამართლიან საქმეში რჩევა ზედმეტიაო და სთხოვა, მალე აღესრულებინათ შაჰის დავალება. მე მზად ვარ და ყოველგვარი მოცდა საქმის გაჭიანურებად მიმაჩნიაო. აი, რა საოცარი სულისა და სიმამაცის ადამიანი იყო! შემდეგ იგი სასტიკად აწამეს...წმინდა ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლი არ იყო მხოლოდ მისი პიროვნული გმირობა, მან მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან, მთელ ხალხს შთაჰბერა და შეუნარჩუნა სულიერი სიმტკიცე. ამიტომ მისი მოწამეობა, ის დღე, რომელსაც აღვნიშნავთ, არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის დიდი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის, როგორც ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომ ქეთევან დედოფლის მოწამეობის საოცარმა მაგალითმა გვიჩვენა, როგორ უნდა იცავდეს ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას - მართლმადიდებლობას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და მომავალშიც გადაარჩენს.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. წმინდა ქეთევან დედოფლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, სრულიად საქართველო.უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და საჭეთმპყრობელი მისი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II. მადლობა ვუთხრათ მას მისი ღვაწლისთვის, რომ დაგვიბრუნდა ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის ერთ-ერთი წმინდა ნაწილი. ეს არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დიდი ღვაწლისა და ავტორიტეტის შედეგი.ღმერთმა დალოცოს ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება, სამონაზვნო დასი და მრევლი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ამბა ალავერდელის, დავითის წინამძღოლობით, რომელიც ასე ღირსეულად უძღვება ამ ეპარქიას და ასევე, ამასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების საბჭოს, რითაც მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მონაწილეობს და დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან ერთად.დიდი მადლობა, ძვირფასო მეუფე, თქვენი ღვაწლისთვის, ასეთი თბილი მიღებისთვის, დახვედრისა და ძმური სიყვარულისთვის, რომელიც ყოველთვის გახასიათებთ.კიდევ ერთხელ აღტაცებას ვერ ვფარავთ ქეთევან დედოფლის პიროვნებით, მაგრამ მან აქ შეგვკრიბა, ძვირფასო ძმებო და დებო, არამხოლოდ იმისთვის, რომ გავოცდეთ მისი გმირობით, არამედ, პირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ მივბაძოთ მის სიმტკიცეს, მის სიმამაცეს, მის ქრისტესადმი სიყვარულსა და ერთგულებას. სწორედ ასეთი უნდა იყოს მოწამეების თაყვანისცემა. ამიტომ ვეცადოთ, ასეთნაირად თაყვანი ვცეთ დიდმოწამე ქეთევანს და მაშინ, მივბაძავთ რა მის გზას, მოწამეთა შესაფერისი გვირგვინებიც მოგვეცემა უფლისგან, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი პატივი, დიდება და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

თეა წულუკიანი – ბიძინა ივანიშვილი როდესაც პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, ყოველთვის უხსნიდა დიპლომატიურ კორპუსს, რომ წითელი ხაზი იყო ეროვნული ინტერესი და არავის დაარღვევინებდა

ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრჯერ დაუცავს წითელი ხაზი და ყოველთვის უხსნიდა მაშინდელ დიპლომატიურ კორპუსს, როდესაც ჩვენი პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, რომ წითელი ხაზი იყო საქართველოს ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხის ინტერესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.წულუკიანის თქმით, ივანიშვილი ამ ინტერესს არავის დაარღვევინებდა.„ჩვენი მმართველობის პირობებში, პირველივე წლებში ვერ შევძელით ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა. არაერთ შემთხვევაში იყო ხოლმე მიღებული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესს არ აზიანებდა, მაგრამ სასურველი არ იყო. პირადად ბიძინა ივანიშვილს, მოწმე ვყოფილვარ ამის, რომ ძალიან ბევრჯერ დაუცავს წითელი ხაზი, როგორც ის უწოდებდა ხოლმე და ყოველთვის უხსნიდა მაშინდელ დიპლომატიურ კორპუსს, როდესაც ჩვენი პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, რომ წითელი ხაზი იყო საქართველოს ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხის ინტერესი. შესაბამისად, არავის დაარღვევინებდა ამ ინტერესს. სწორედ ივანიშვილის რესურსის და გადაწყვეტილებების წყალობით „ქართული ოცნების“ სხვადასხვა დროის ხელისუფლება ახერხებდა, რომ ეს წითელი ხაზი არავის გადმოელახა. ამ წითელი ხაზის აქეთ, მათ შორის მეც, როგორც მინისტრს, დაგვითმენია, მოგვითმენია. დღეს ქართველი ხალხი ძალიან ღიად ხედავს, თუნდაც გერმანიის ელჩის ამპარტავან ქცევებს, ძალიან კულტურულად რომ ვთქვა. წარმოგიდგენიათ, დახურულ კარს მიღმა ასეთი ადამიანები როგორ შეიძლება იქცეოდნენ? ეს წარმოუდგენელია. არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ ადამიანზე, მისი მაგალითი მომყავს ილუსტრირებისთვის, თუ რა შეიძლება ხდებოდეს დახურულ კარს მიღმა, როცა მათ იციან, რომ თქვენნაირი ჟურნალისტი ან კამერა არ უყურებს ან არ გახმაურდება. შეიძლება იყოს უზრდელობაც, შეურაცხყოფაც და მიჩნევა იმისა, რომ შენ არ ხარ თანასწორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, არავის უნდა გვეწყინოს და უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რესურსის, მისი ძალის დამსახურებაა. ჩვენ შევძელით, როგორც პოლიტიკურმა გუნდმა, რომ ეს წითელი ხაზი არავის გადმოვალახინეთ. მეც მომისმენია სიტყვები „ქართული ოცნების“ პირველი პრემიერის, ივანიშვილის მხრიდან, რომ ეს წითელი ხაზი იყო ეროვნული ინტერესი – ამას ნუ შევეხებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორობისთვის მზად ვართო“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი – დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფი ვერ მოახერხებს არეულობას, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგია არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების, ომიანობის

სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის მტკიცე, შეუვალი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს არავითარი არეულობის მოთმენას და ვერავითარი არეულობა ვერ იქნება ვინმეს გეგმაში, თუმცა მათი ქცევა, განცხადებებით დაწყებული და განცხადებებზე დაფუძნებული ქცევები, არაერთ შემთხვევაში სავარაუდოდ, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ასეთი პოლიტიკური განაცხადი სამართლებრივად, რისთვის ემზადება ოპოზიცია და რა სცენარისთვის არის მზად სახელმწიფო.„ასე იყო მაგალითად, ბატონი ხაბეიშვილის შემთხვევაში. ახალგაზრდებს, იმ პატარა ჯგუფს, რომელიც ქუჩაში შემორჩა, მესმის, რომ რაღაცის სჯერათ, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად, როდესაც განცხადებებს აკეთებენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება, დამხობის ორგანიზება, იქნება ეს მშვიდობიანი, თუ ნაკლებად მშვიდობიანი, ტერმინოლოგიის დონეზე, თუმცა დამხობა მშვიდობიანი არ არსებობს, რა თქმა უნდა, შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში სხვა გარემოებასთან ერთობლიობაში შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, ახალგაზრდებს პირველ რიგში, სიფრთხილე ჰმართებთ და ბოლომდე ნუ მიენდობიან პოლიტიკოსებს, რომლებიც გაცვივდნენ, რომლებსაც ერთადერთი გეგმა აქვთ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ისევ ის აკეთონ, რაც კომისიის დასკვნაშია მოყვანილი“, – განაცხადა წულუკიანმა.მისი თქმით, ვინც ჩამოტვირთავს პარლამენტის ვებგვერდიდან ჯერჯერობით, ელექტრონული სახით არსებულ დასკვნას, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე წიგნის სახით იქნება მზად და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება მატერიალური სახითაც, ნახავს ამ დასკვნაში, რომ არაერთი გვერდი ეთმობა „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს.„ამ გვერდებს როდესაც წაიკითხავთ, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება, გვახსოვდეს და ვიცოდეთ, პროცესი, რაც ვითარდება 2012 წლიდან დღემდე, ერთი-ერთში ემთხვევა იმ გეგმებსა და სცენარებს, რაც განვითარდა „ვარდების რევოლუციის“ დროს და, რომელიც ამ დასკვნაში დახასიათებულია, როგორც გადატრიალება და არა როგორც რევოლუცია. ეს დასკვნა ამითაც არის პირადად ჩემთვის ღირებული, რომ ამ დასკვნით ფაქტებზე დაფუძნებით ვაჩვენეთ, რომ „ვარდების რევოლუცია“ იყო სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა წულუკიანმა.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, 4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილის გეგმებსაც რომ თავი დავანებოთ, ამ დასკვნაში აღწერილია რევოლუციისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის, სულ მცირე, რვა მცდელობა.„ეს ყველაფერი აღწერილია ფაქტებით, მოქმედებებით და მტკიცებულებებით. შესაბამისად, ჩვენ 4 ოქტომბრამდე პერიოდში ვიმყოფებით იმავე სცენარის პირობებში. ეს არის მათი სურვილი და სცენარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და ეს უბრალოდ, ვერ მოხდება. სახელმწიფო არის შეუვალი და უფრო მტკიცე, ვიდრე 2003 წელს იყო; ჩვენ იმ შევარდნაძის გამოცდილებაც გვაქვს, რომელმაც დაუშვა შეცდომები და ამ დასკვნაში წერია მისი ციტატები, სადაც ის ამბობს, რომ როდესაც მიხვდა, რომ უნდა გადადგეს, მან დაუშვა შეცდომები. ის ამბობს ამას და იმ ვიდეო არქივში, რომელიც ამ დასკვნას დანართად აქვს, მისი ინტერვიუც არის, როდესაც ის დილით ამბობს, რომ ნამდვილად არ დაუთმობს ამ სახელმწიფო გადატრიალებას, მერე მოვლენები ვითარდება და საღამოს ის ამბობს, რომ მან ბევრი წლის განმავლობაში შეცდომა დაუშვა და ამბობს – „მე ესენი გავათავხედე“. ჩვენ არ ვაპირებთ არავის გათავხედებას. დღეს უფრო ძლიერია სახელმწიფო, ვიდრე ვთქვათ, 5-6 წლის წინ და არავისზე რომ არ ვთქვა, ჩემ თავზე ვიტყვი, რომ დავასრულეთ ზოგიერთი ელჩის დაკრულზე ცეკვა. ეს ჩვენ ვერ შევძელით მანამდე, პირველ წლებში სახელმწიფო მმართველობის დროს, მაგრამ ეს ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, რადგან გავძლიერდით, ბევრი გამოცდილება მივიღეთ და რეალურად, ვერაფერი ვერ მოხდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მიზეზი, რის გამოც დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფი ვერ მოახერხებს არეულობას. მთავარი არის აქ ის, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის წინააღმდეგი არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების, ომიანობის, სისხლის ღვრის და დესტაბილიზაციის. სწორედ მათი ნების შესაბამისად იქცევა სახელმწიფო, რომელსაც პლუს, უკვე აქვს ამის უნარი და გამოცდილება. შესაბამისად, ამ სხვადასხვა ფაქტორის თანხვედრა, რაც სახეზეა, უბრალოდ გამორიცხავს არეულობას, მეორე მხარეს თუ ლოგიკა შერჩენია; თან, ვინც რუსთავში ბრძანდება, მათ მეტი ფიქრის დრო და სიმშვიდეც აქვთ, რომ 5 ოქტომბერი განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, მე მათზე ვერ ვინერვიულებ, მაგრამ თეორიულად, პოლიტიკურად და პოლიტოლოგიურად თუ შევხედავთ ამ პროცესებს, ძალიან სანერვიულოა, რას უპასუხებენ ისინი 5 ოქტომბერს იმ საკუთარ მომხრეებს, ვინც შემორჩათ. იმიტომ, რომ ისინი ძალიან მძიმე დაპირებებს დებენ, რომლებსაც აღსრულება არ უწერია“, – განაცხადა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები