„2022 წლის 28 იანვარს საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახდა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის სრულუფლებიანი კოლექტიური წევრი. ეს არის ქვეყნის ინტელექტუალური სუვერენობისა და ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული უნივერსიტეტები დგანან იმ პლატფორმაზე, სადაც იქმნება ევროპის განათლებისა და მეცნიერების მომავლის სტრატეგია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის – ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის რეფორმატორული ხედვა და ნაბიჯები უზრუნველყოფს ქართული უმაღლესი განათლების სისტემის სწრაფად და მიზნობრივად განვითარებას. სწორედ ამ მიდგომების შედეგად, ჩვენ ვახერხებთ განათლების სისტემის მოდერნიზებას, ინოვაციური მეთოდების დანერგვას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აქტიურ ინტეგრაციას“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომის გახსნისას განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA – the European University Association) პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი (Josep M. Garrell), EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა და საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, თავმჯდომარის რანგში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის საქმიანობა მიმოიხილა. მისი განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტებს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან მჭიდრო და სისტემატური კომუნიკაცია საშუალებას აძლევს მუდმივად იყვნენ ინფორმირებული ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში მიმდინარე ცვლილებებისა და ინოვაციების შესახებ. მიიღონ მონაწილეობა უმაღლესი დონის პოლიტიკურ თუ სტრატეგიულ დისკუსიებში და იმ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც განსაზღვრავს ევროპული განათლებისა და მეცნიერების მომავალ არქიტექტურას. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულმა უმაღლესი განათლების ინსტიტუციებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღობისძიებაში (კონფერენცია, ვებინარი, სემინარი და ა.შ.), რომელთა მთავარი მიზანი იყო უმაღლესი განათლების ხარისხის კულტურის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. სტუ-ის რექტორის თქმით, ამ ინიციატივებში ჩართულობამ უნივერსიტეტებისთვის შემდეგ შესაძლებლობებს გაეხსნა გზა: თანამედროვე ევროპული მიდგომებისა და ინოვაციური პრაქტიკების გაცნობა ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში; კოლაბორაციული ქსელების გაღრმავება ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებთან; გამოცდილების გაზიარება და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციების მიღება.
„2023–2025 წლებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ინტენსიურად ახორციელებდა საქმიანობას უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევების ანალიზისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით. კონფერენციის სხდომებში რეგულარულად მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ქვეყნის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები, რაც უზრუნველყოფდა საკითხთა მრავალმხრივ განხილვასა და გადაწყვეტილებების კოორდინირებულ მიღებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციამ განიხილა ახალი კანონპროექტები, როგორიცაა: 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები; უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტატუსის გამიჯვნა; დისტანციური უნივერსიტეტის მოდელის შემუშავება; უცხოეთში განათლების აღიარების პროცედურები. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით კონფერენციამ განიხილა სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების დანერგვა ბიზნესის ადმინისტრირებასა და ტურიზმში (IT მიმართულებაზე მსჯელობა გრძელდება); სადოქტორო პროგრამებისთვის დამტკიცდა ახალი ხარისხის სტანდარტები: უცხოელი რეცენზენტის მონაწილეობა, მინიმუმ ორი გამოქვეყნებული ნაშრომი (ერთ-ერთი ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში) და ასევე, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების მოდელი და შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების პრინციპები. კონფერენციამ განიხილა უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისა და აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები (ენობრივი მოთხოვნები, დოკუმენტების ავთენტურობა, უსაფრთხოების საკითხები). კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილებები სამუშაო ვიზიტებისა და ახალი სტრატეგიების შესახებ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით და გაჟღერდა სამინისტროს მხარდაჭერა საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი პროგრამების განვითარების საკითხში. 2024 წლის აპრილში გაიმართა სემინარი EUA-ს მონაწილეობით. ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) კვლევებისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა და COARA-ს კოალიციის დამფუძნებელმა, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა წარმოადგინა „კვლევისა და ინოვაციის დღის წესრიგი – 2027“ (EUA Research & Innovation Agenda – 2027), სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია მეცნიერებას, უნივერსიტეტის როლს კვლევასა და მეცნიერებაში, კვლევის ეთიკას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კვლევასა და ინოვაციებში“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
მოხსენების დასასრულს, დავით გურგენიძემ ღონისძიების მონაწილეებს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, 2026 წელს იგეგმება ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს საზეიმო აღნიშვნა, როგორც საერთო საუნივერსიტეტო ღონისძიება. ასევე, ახალ საფეხურზე გადავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და მოხდება განათლების სფეროში ახალი ინვესტიციების წახალისება; დაიგეგმება უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი ინტერდისციპლინური პროექტები ინტერნაციონალიზაციის, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით; გაფართოვდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის EUA-სა და COARA-ს ჩარჩოებში.
სტუ-ის ინფორმაციით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-16 სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯოზეპ გარელმა, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა, ასევე, თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ღონისძიების დასასრულ, გამომსვლელთა მოსმენის შემდეგ, დისკუსია გაიმართა.