საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) საგრანტო პროექტის – „საქართველოს ინიციატივა პარტნიორობისთვის ხელოვნური ინტელექტის დარგში“ (GAIN) – ფარგლებში, სამეცნიერო ღონისძიება – „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ (SCCAI2025) გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამდღიან კონფერენციას ორგანიზებას უწევენ „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტ GAIN-ის პარტნიორი ინსტიტუციები: პროექტის კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (DFKI – German Research Centre for Artificial Intelligence) და ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (INRIA – National Institute for Research in Digital Science and Technology, საფრანგეთი).
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრისა და საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ცნობილი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები.
SCCAI2025-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, GAIN-ის კოორდინატორმა, დოქტორმა გიორგი გიორგობიანმა გახსნეს.
ვიცე-რექტორის განცხადებით, SCCAI2025-ის მიზანია შექმნას ინოვაციური, ინტერდისციპლინური პლატფორმა, სადაც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ინდუსტრიის ექსპერტები გაერთიანდებიან ხელოვნური ინტელექტის თეორიის, ახალი მეთოდოლოგიების და სისტემების დანერგვისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობების შესასწავლად. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კონფერენცია ასევე ყურადღებას გაამახვილებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბუნებრივი ენების დამუშავების შესაძლებლობებზე AI-ის უზრუნველყოფით.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, „სამხრეთ კავკასიის კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის შესახებ“, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ კონფერენციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს. ეს სამეცნიერო ღონისძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტ GAIN-ის ფარგლებში და მისი მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელოვნური ინტელექტის მეთოდოლოგიის, სისტემებისა და პრაქტიკული გამოყენების გაფართოება-ტრანსფერია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც კოორდინაციას უწევს GAIN-ის განხორციელებას, პროექტის პარტნიორ ინსტიტუციებთან – გერმანიის DFKI-თან და საფრანგეთის INRIA-თან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინოვაციების დანერგვის სტრატეგიულ პროცესში.
საგულისხმოა, რომ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ბუნებრივი და მათ შორის სახელმწიფო ენების დაცვა „ციფრული კვდომისგან“. კონფერენციის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები განიხილავენ ქართული, აფხაზური, სომხური და აზერბაიჯანული ენების ციფრული რესურსებით უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი და მეზობელი ქვეყნების სახელმწიფო ენების დაცვა მხოლოდ ერთობლივი სამეცნიერო ძალისხმევითაა შესაძლებელი; საგრანტო პროექტი GAIN-ი და კონფერენცია SCCAI2025-ი ამ მიმართულებითაც აუცილებლად შეუწყობს ხელს სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებას. დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტ GAIN-ის ფარგლებში, უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თაოსნობით, საქართველოში უკვე დაფუძნებულია ახალგაზრდა მკვლევრებით დაკომპლექტებული ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც წარმატებით პოზიციონირებს კვლევებისა და ინოვაციების საერთაშორისო სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში ჩართულნი არიან სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის, ასევე, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრის და საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ცნობილი მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები. მინდა გადმოგცეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები და გულწრფელი იმედი, რომ “სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ სამომავლოდ რეგულარულად ჩატარდება. წარმატებას ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან ფორუმსა და მის მონაწილეებს“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი GAIN-ი, რომლის ფარგლებშიც „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ მიმდინარეობს, წარმატებით ახორციელებს საქართველოს ინტეგრირებას ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით სივრცეში. პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, AI-ის მიმართულებით სათანადოდ აპრობირებული სამეცნიერო მოდელებისა და მეთოდოლოგიების გაზიარება ასეთივე წარმატებით არის შესაძლებელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის დანარჩენი ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისთვის. როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს დღეს უკვე მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს მრავალ ცნობილ სამეცნიერო ცენტრთან, მათ შორის – გერმანიაში: ზაარლანდის უნივერსიტეტი, ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი – DFKI, ტექნოლოგიების, ინოვაციების და კვლევების ცენტრი – Steinbeis Europa Zentrum; საფრანგეთში: ინფორმატიკისა და მათემატიკური კვლევების ევროპული ცენტრი – ERCIM, ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (INRIA), ლიონის კლოდ ბერნარის უნივერსიტეტი; იტალიაში: პალერმოს უნივერსიტეტის მათემატიკისა და ინფორმატიკის დეპარტამენტი; ესპანეთში: მადრიდის კომპლუტენსეს და ვიგოს უნივერსიტეტები; ამერიკის შეერთებულ შტატებში: მიჩიგანის და უიჩიტოს სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა.
ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, პროექტ GAIN-ის კოორდინატორის, დოქტორ გიორგი გიორგობიანის თქმით, SCCAI2025-ი, რომელიც გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და შინაარსით, მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის საერთო სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას გლობალურ AI საზოგადოებაში.
„SCCAI2025-ი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და შინაარსით. ცნობილი მეცნიერები წარდგებიან საკვანძო მოხსენებებით ხელოვნური ინტელექტის უახლეს მიღწევებზე კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის დამუშავებისა და მრავალმოდალური სისტემების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, მათი გამოცდილება და კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამეცნიერო განვითარებაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დოქტორანტთა სიმპოზიუმი (Doctoral Symposium), რომელიც საქართველოში ამ ფორმატით პირველად ჩვენი კონფერენციის ფარგლებში ტარდება. ეს პანელი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მკვლევრებს წარმოადგინონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, განიხილონ ახალი იდეები და გამოწვევები წამყვან მეცნიერებთან ერთად. ეს გამოცდილება მათ მისცემს ახალ სტიმულს და ხელს შეუწყობს კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი GAIN-ი და კონფერენცია SCCAI2025-ი სწორედ ამ მიზანს ემსახურება – გააერთიანოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო ძალები, ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის შექმნას ქმედითი სამეცნიერო კვლევითი პლატფორმა და ამით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საერთაშორისო AI საზოგადოებაში“, – აღნიშნა გიორგი გიორგობიანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტის – GAIN-ის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო ღონისძიება – „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ (SCCAI2025) სამი მიმართულებით წარიმართება და მუშაობას 18 სექტემბერს დაასრულებს.