საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს (Montanuniversity Leoben) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც, სტუ-ის მხრიდან, ვიცე-რექტორებმა – პროფესორებმა თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ, ხოლო ავსტრიული უნივერსიტეტის მხრიდან, პრეზიდენტმა, პროფესორმა პიტერ მოზერმა მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რობერტ გერშნერი, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი რიაზ ხარატი.
ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ნიკო ნიკოლაძის დარბაზში მოეწერა ხელი, ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, გაცვლით პროგრამებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობას, ასევე, კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კოლაბორაციას ითვალისწინებს.
ვიცე-რექტორ თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სამთო-გეოლოგიის, მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ენერგეტიკის სფეროში წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესოა მომავალი თაობის მკვლევართა და სპეციალისტთა მომზადებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მხრივ.
„მოხარული ვართ, რომ საფუძველი ეყრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობას ევროპის ერთ-ერთ წამყვან – ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან. გვსურს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გულითადი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ ავსტრიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რობერტ გერშნერს, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ პიტერ მოზერს, ავსტრიული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელს, პროფესორ რიაზ ხარატს, რადგან რექტორი, ამჟამად, სამუშაო მივლინებით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN-ში იმყოფება.
საგულისხმოა, რომ ლეობენის უნივერსიტეტი განსაკუთრებით ცნობილია თავისი აკადემიური პროგრამებით სამთო ინჟინერიისა და გვირაბთმშენებლობის, შრომის უსაფრთხოების, ნავთობისა და გაზის მოპოვების, ბურღვის ტექნოლოგიების, მასალათმცოდნეობისა და ლითონთა გადამუშავების, მეტალურგიის, კერამიკისა და პოლიმერების, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და საწარმოო ნარჩენების მართვის მიმართულებით. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უძველესი და წამყვანი უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სკოლისთვის – საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტისთვის ავსტრიულ უნივერსიტეტთან მემორანდუმის ფარგლებში კოლაბორაცია მნიშვნელოვანია აღნიშნულ დარგებში ახალგაზრდა მაღალპროფესიონალ სპეციალისტთა და მკვლევართა მომზადების და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან სამომავლო ურთიერთობის დიდ სურვილს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ავსტრიაში, სწორედ ამ უნივერსიტეტში განათლებას იღებდა ახალგაზრდა გრიგოლ წულუკიძე – შემდგომში უკვე ცნობილი მეცნიერი, ქართული სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დამაარსებელი და პირველი დეკანი გახლდათ. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ორივე ინსტიტუციისთვის მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება და ასევე, გააძლიერებს ურთიერთობებს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის. წარმატებებს ვუსურვებთ დამეგობრებულ უნივერსიტეტებს!“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
როგორც საქართველოში ავსტრიის ელჩმა რობერტ გერშნერმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ამოქმედება ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განსამტკიცებლად მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.
„მოხარული ვარ, რომ ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტი იმყოფება საქართველოში იმ მიზნით, რომ გაღრმავდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, დიდი პატივია დავსწრებოდი ამ დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა“, – განაცხადა რობერტ გერშნერმა.
ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტის თქმით, მემორანდუმის ამოქმედების ერთ-ერთი მიზანი მინერალური რესურსების მდგრადი ათვისების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის წარმართვაა.
„ლეობენის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი მომენტია პარტნიორობის დაწყება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ამ მიზნით, ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ჩვენ დაინტერესებული ვართ კოლაბორაციით სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი კვლევითი სამუშაოები მინერალური რესურსების დაცვის გაძლიერებისა და მათი მდგრადი ათვისების მიმართულებით. მემორანდუმი მოიცავს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებსაც, მათ შორის „Erasmus+“-ის ფარგლებში. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, – აღნიშნა პროფესორმა პიტერ მოზერმა.
ცნობისათვის, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტი ერთ-ერთი სპეციალიზირებული წამყვანი უნივერსიტეტია ევროპაში, რომელიც კონკურენციას უწევს არაერთ ცნობილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მათ შორის: TU Bergakademie Freiberg (გერმანია), RWTH Aachen (გერმანია), Politecnico Di Torino (იტალია), AGH University of Scienco and TECHNOLOGY (პოლონეთი) და აქტიურად მონაწილეობს ევროპულ ინოვაციურ ქსელებში, როგორიცაა: EIT Raw Materials, რაც მის აკადემიურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ გავლენებს აძლიერებს.