შაბათი, მარტი 7, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიას საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექცია – „თამარის ეპოქა“ – გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნიივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციათა ციკლს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, ორგანიზებას უწევენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.

საგანმანათლებლო-შექმეცნებით ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები და მოწვეული პირები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორის განცხადებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ცნობილი ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ჯაბა სამუშიას ლექცია – „თამარის ეპოქა“ – ახალგაზრდებს შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნისა და ქართველი ხალხის ძირითადი ღირებულებებისა და თვითმყოფადობის ჩამოყალიბების პროცესზე.

„ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც იმართება სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით და ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ღონისძიებათა ციკლში შესულია ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ლექცია – „თამარის ეპოქა“. ბატონი ჯაბა, მისთვის ჩვეული შესანიშნავი თხრობის სტილით, აუდიტორიას, რომლის უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ, გულგრილს არ ტოვებს და შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხანას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ეროვნული ფასეულობების განსაზღვრაში. დღევანდელობის ჭრილში, საჯარო ლექციათა ციკლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროექტით ახალგაზრდობამდე უნდა მივიტანოთ მთავარი იდეა, რომლის გაცნობიერებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია – საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობის ნაწილია. რაც შეეხება ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს, მათ შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება – უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელმა ლექციის დაწყებამდე აღნიშნა, საქართველოში გარდამავალმა პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინების გარეშე, რაც ეროვნული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეულად გაცნობიერებას მოითხოვს.

 

ლექციით – „თამარის ეპოქა“ – აუდიტორიის წინაშე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია წარსდგა. მეცნიერმა ისაუბრა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი მონარქის – თამარის შესახებ, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თამარის ეპოქის გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ძლიერი სოციალურ-ეკონომიკური ბაზისი იყო. მეცნიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თამარის პერიოდის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებზე, რეფორმებსა და გადახდილ მნიშვნელოვან ბრძოლებზე. 

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს თამარის ეპოქაში განვითარებულ მოვლენებზე, დამატებით, არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა მიაწოდა.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ვაშინგტონ პოსტი“ – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, ირანის რეჟიმის დამხობა ფართომასშტაბიანმა სამხედრო კამპანიამ გამოიწვიოს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, ირანის რეჟიმის დამხობას ფართომასშტაბიანმა სამხედრო კამპანიამ გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ანგარიში აღნიშნულია, რომ ირანის ოპოზიცია, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს ხელისუფლების ხელში აღებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მოკლევადიანი ან ხანგრძლივი იქნება.მედიის ცნობით, დოკუმენტი მომზადდა დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ვიდრე 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.დოკუმენტში განხილულია ორი სცენარი: შეზღუდული სამხედრო ოპერაცია, რომელიც მხოლოდ ირანის ლიდერებს მიზნად ისახავს, და უფრო ფართო შეტევა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებსაც მოიცავს. ორივე შემთხვევაში დაზვერვა მიიჩნევს, რომ ირანის სამხედრო და სასულიერო ელიტა შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას.ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემთხვევაში რეჟიმი საკუთარი თავის გადასარჩენად პროტოკოლის თანახმად იმოქმედებდა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ოპოზიცია კონტროლს მოიპოვებდა.როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ექსპერტების შეფასებით, ირანის ხელისუფლების სტრუქტურები ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და საკმაოდ მყარია.

საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა.ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ცნობით, დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.„პარლამენტარები შეხვდებიან პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანის ელჩი საქართველოში ისრაელის საელჩოს პასუხობს: ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში გაიძახოდა, ირანელი ხალხის მეგობარი ვარო, მაგრამ ირანზე ორჯერ განახორციელა თავდასხმა-ირანელებმა ებრაელები ტყვეობიდან იხსნეს, თორა ხელახლა...

,,ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში გაიძახოდა, რომ ისრაელი ირანელი ხალხის მეგობარია, თუმცა მან ორჯერ პირდაპირი თავდასხმა განახორციელა ირანზე, აშშ-სა და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერით. დღეს ასევე ამბობენ, რომ ქართველი ხალხის მეგობრები არიან. მართლა?! სწორედ ირანელებმა იხსნეს ებრაელები ტყვეობისაგან. გთხოვთ, თორა ხელახლა გადაიკითხოთ''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოიკითხებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გუბაზ სანიკიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკი.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი დაიბარა, რომლებიც საკუთარი სურვილით სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან“, – განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.სუს-ში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.როგორც სუს-ში აღნიშნეს, უწყება სწავლობს განცხადებების შინაარსს და დაწყებულია გამოძიება.„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, – აცხადებენ სუს-ში.

გიორგი ვაშაძე – გვსურს, ხელი გავუწოდოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს და ქვეყანაში მოქმედ ბოროტების მანქანას ერთიანი ძალებით, სიკეთით დავუპირისპირდეთ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, რომლებიც წელიწადზე მეტია, უწყვეტად იდგნენ და მონაწილეობას იღებდნენ პროტესტში, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრამდე განაცხადა.მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედ ბოროტების მანქანა სიკეთის ძალით უნდა დამარცხდეს.„ამ ხალხთან ბევრი საერთო გვაქვს, ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, გვინდა, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში უსამართლობა და აღდგეს სამართლიანობა. გვსურს, ხელი გავუწოდოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს და იმ ბოროტების მანქანას, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, ერთიანი ძალებით დავუპირისპირდეთ. დავუპირისპირდეთ არა ბოროტებით, არამედ სიკეთით, რადგან ბოროტებას მხოლოდ სიკეთე ამარცხებს და ეს არის ჩვენი შინაგანი განწყობა. დღეს, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯია ამ ტიპის შეხვედრის, მოვისმენთ მოსაზრებებს, მოვისმენთ მათ პოზიციებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ამ შეხვედრაზე არიან; იმ ადამიანებთან, ვინც წელიწადზე მეტია, უწყვეტად იდგნენ და მონაწილეობას იღებდნენ იმ პროტესტში, რომლის საბოლოო მიზანიც არის ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი საქართველო“, – განაცხადა ვაშაძემ.

ბოლო სიახლეები