ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამერიკელმა სპეციალისტებმა ABET აკრედიტაციის მაძიებელი რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის მზაობის შესახებ დასკვნა წარმოადგინეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შემაჯამებელ შეხვედრამდე ABET ჯგუფს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შეხვდა და, ამერიკელ ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად, ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შესრულებული სამუშაო განიხილა და მოსალოდნელ პერსპექტივებზე იმსჯელა.

საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთდროულად ხუთ ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას ამზადებს: ენერგეტიკის ფაკულტეტის „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო ინჟინერია“, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული ინჟინერია“, „კომპიუტერული მეცნიერებები“ და „ბიოსამედიცინო ინჟინერია“.

შემაჯამებელ შეხვედრაში სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, კლემსონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჯო ტერნერი, სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების (აშშ) პროფესორი ფრენსის ედვარდ ნოელი, მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი უილიამ ჰენრი ჰაითერი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების ხელმძღვანელები და ხარისხის მართვის მენეჯერები მონაწილეობდნენ.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის სამუშაო ვიზიტის მისია საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და ABET საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისთვის უნივერსიტეტის საინჟინრო პროგრამების მზადების პროცესის კონსულტირება, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების ABET სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვა და ამ მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა იყო.

ვიზიტის ფარგლებში ABET ჯგუფმა საკონსულტაციო შეხვედრები ჩაატარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ABET მოსამზადებელ ჯგუფებთან და აკადემიურ პერსონალთან. განიხილეს საბაკალავრო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშები, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტური მასალები და დეტალურად გაეცნენ სასწავლო ინფრასტრუქტურასა და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას. ABET ექსპერტ-კონსულტანტების შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები უდავოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს.

როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე ABET ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯო ტერნერმა აღნიშნა, წინასწარი დასკვნის საფუძველზე, სავსებით შესაძლებელია 2026-2027 ABET შეფასებების ციკლისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე წარდგენა.

„დასაფასებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური კორპუსის ძალისხმევა და მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ხუთმა საგანმანათლებლო პროგრამამ, ახლო მომავალში, ABET აკრედიტაცია მოიპოვოს. ჩვენ უკვე, სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩატარდა მოცულობითი სამუშაოები, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და დიდი იმედი მაქვს, 2026-2027 წლებში ხუთივე პროგრამა ABET აკრედიტაციას მოიპოვებს. მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი ჩაერთვებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამაში“, – განაცხადა ჯო ტერნერმა.

სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, იმს ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

„ABET ექსპერტ-კონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული პროგრამისთვის და მათი განმახორციელებელი პერსონალისთვის, ასევე, ზოგადად, უნივერსიტეტისთვის, რადგან ეს საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტების მხრიდან გაცემული აკადემიური პროგრესის შემაჯამებელი შეფასებაა. საგულისხმოა, რომ 2023 წელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, პირველად ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში, მოიპოვა ABET აკრედიტაცია, რაც დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგი იყო. ამ რთულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვართ, 2026 წელს უნივერსიტეტი სრულად იქნება მზად საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად და შესაბამისად, ხუთივე პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამების კომისიებში“, – ამბობს ირინე გოცირიძე.

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ახალგაზრდობის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გახსნისთვის. ვიცე-რექტორის თქმით, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გაიღო, კეთილშობილურ მიზანს ემსახურება.

„ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მიღებით, გზას ვუხსნით ჩვენს ახალგაზრდებს, რათა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და პრაქტიკული უნარები, რაც მათ მსოფლიო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან პირობებში დააყენებს და ღირსეულად დასაქმებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ ABET ჯგუფთან შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიული ბაზა არ ჩამოუვარდება ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ ათეულში შესული უნივერსიტეტების ლაბორატორიებს. ეს ჩვენი უნივერსიტეტის უდიდესი მიღწევაა. ამ მიმართულებით დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის წვლილი, ვინც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამართული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება უზრუნველყო. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, გვინდა მადლობა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს – მათი მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვართ, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ და ვიმედოვნებთ, ხუთივე პროგრამა – რექტორის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროგრამის ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით – საერთაშორისო აკრედიტაციას ღირსეულად მოიპოვებს. შედეგი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოზიციებს გააძლიერებს, ჩვენი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლებისა და საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობებს გაზრდის, რითაც ჩვენი ახალგაზრდების მომავალი გარანტირებულად უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვართ, ორ წელიწადში შევძლებთ თამამად განვაცხადოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებს, ერთდროულად ამდენ საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლას შესთავაზებს“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.

ცნობისათვის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ინჟინერიის, საინჟინრო ტექნოლოგიების, გამოყენებითი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების განათლების ხარისხის მონიტორინგზე, შეფასებასა და სერტიფიცირებაზე. ABET-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 180 000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს, მათ შორის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – არავის განადგურება არ გვინდა, ჩვენი მიზანია, მოქმედებდეს ძლიერი პარტიული სისტემა, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების გარდა, იქნებიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები

არავის განადგურება არ გვინდა. ჩვენი მიზანია, საქართველოში ძლიერი პარტიული სისტემა მოქმედებდეს, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების გარდა, ძლიერი ოპოზიციური პარტიები იქნებიან და რადიკალურ, დესტრუქციულ ჯგუფებს მონოპოლიზებული არ ექნებათ ოპოზიციური ფლანგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.კახიანის თქმით, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.„სწორედ ამ მიზნით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ სარჩელს, ინფორმაცია არ მაქვს, გასაჩივრებული რა აქვთ, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ მათი საქმიანობა კანონმდებლობით დარეგულირებადია და მათი დარღვევები იმას გამოიწვევს, რის მიღწევასაც საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით ვცდილობთ. რადიკალური ჯგუფებისთვის კანონმდებლობა მხოლოდ იმ ნაწილში არსებობს, რაც, მათი აზრით, შეიძლება, პარტიულ ინტერესებს შეესაბამებოდეს. ისინი არ აღიარებენ არც კანონმდებლობას და არც სხვა რამეს. ამ ძალისთვის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას. მზად არიან, ამ გზაზე ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლური ნაბიჯები გადადგან და მათ საქმიანობაში ღალატიც ყოფილა“, – განაცხადა კახიანმა.

შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს – ივანე ჩხაიძე საუბრობს

მიმდინარე პერიოდში სეზონური ვირუსები აქტიურდება. მშობლებისთვის კი ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგანაც ვირუსი საბავშვო ბაღსა და სკოლებში უფრო სწრაფად ვრცელდება.ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს - რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს და ზოგადად, რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:- ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.იხილეთ გადაცემა ვრცლად: 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – საჭიროა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება

საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა უნდა დაუბრუნდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხისას ჟურნალისტებს განუცხადა.„ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რასაც ერთი წლის წინაც მოვუწოდებდით. საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და ამის შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ პროცესების დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინები, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ“, - აღნიშნა მინისტრმა.მისი თქმით, იმედი აქვს, მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და რომ „ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველოს ადგილი“.„როცა ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ეს ახლა უდიდესი კითხვაა, მათ შორის თბილისშიც - სად ვართ ახლა. მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნით", - აღნიშნა ბუდრისმა.

გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, არც მალავენ, რომ რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ, საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ

პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აღარ არსებობს. თავის თავს რაც არ უნდა უწოდონ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს, რათა მათ სალაპარაკო ჰქონდეთ“.„არ შეიძლება, მუდმივად რევოლუციური სცენარი მოქმედებდეს. არც მალავენ, რომ პოლიტიკური სუბიექტებიდან რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამის კონსტატირება უნდა მოახდინოს. საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ. თავადვე აღიარებენ და იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ არ არსებობენ, როგორც პარტია და არსებობენ, როგორც რევოლუციური კომიტეტები. სტრასბურგის სასამართლოს თავად აქვს ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და მათი მეთოდებით ქვეყნის მართვა სისტემური იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ფავლენიშვილი – 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ბოლო სიახლეები