ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, ხელი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ზოგადად, საავტომობილო დარგის განვითარებას შეეწყობა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია და ის განათლების სფეროში სტუდენტთა კარიერულ განვითარებისთვის მჭიდრო სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, ასევე, საავტომობილო დარგში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავებას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საერთო მისიის შესასრულებლად, რაც მიზნად განათლების, კვლევისა და პრაქტიკული სწავლების გაძლიერებას ისახავს, ტრანსპორტისა და საავტომობილო ინჟინერიის სფეროში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის ინოვაციებისა და აკადემიური სრულყოფის ერთგული. დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას, სტუდენტები ცოდნით, უნარებითა და პროფესიული კომპეტენციებით უზრუნველვყოთ, რომლებიც ტრანსპორტის სექტორის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია.

ტრანსპორტის სფერო სწრაფი ცვლილებების პროცესშია, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და შესაბამისად, ახალი რეგულაციები განაპირობებს. ქვეყნის საავტომობილო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ფონზე, კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალურია. აღნიშნული მემორანდუმით ჩვენ ვქმნით მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რომელიც არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას უზრუნველყოფს, დარგში მომავალი ლიდერობისთვის.

აკადემიური სწავლების პრაქტიკულ საჭიროებებთან ადაპტირებით, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს პრაქტიკული სწავლების, სტაჟირებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტებისთვის. ეს თანამშრომლობა ხელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმას შეუწყობს, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები აღიჭურვონ როგორც თეორიული საინჟინრო ცოდნით, ისე პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული უნარებითა და პროფესიული გამოცდილებით.

ამასთან ერთად, ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს საერთო ხედვას მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით. ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შევიტანთ წვლილს, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საავტომობილო სტანდარტების ამაღლებაში, ასევე, მხარს დავუჭერთ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.

მადლობას ვუხდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობის სურვილისა და ტრანსპორტის სფეროში მომავალი პროფესიონალების ფორმირებაში მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს მემორანდუმი მნიშვნელოვან პროგრესს და გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა თამარ წერეთელმა.

უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებენ ურთიერთობათა განვითარებას განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

„თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საჭიროებისთვის სპეციალისტთა ერთობლივი მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას დარგის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოფს ახალი მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება-შეთავაზებას სააგენტოს თანამშრომლებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარია ზახაროვა – რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა

რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.„ხმეიმის რუსულმა ავიაბაზამ გაუღო კარი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც განადგურებისგან ხსნას ეძებდნენ. ისინი ხსნას ეძებდნენ და ესმოდათ, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენმა სამხედროებმა შეიფარეს რვა ათასზე მეტი სირიელი, ეს გუშინდელი დღის სტატისტიკაა, შესაძლოა, ცხრა ათასამდე სირიელი. საუბარია ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე სირიელების ბედში ჩვენს რეალურ წვლილზე“, – თქვა ზახაროვამ.მისი თქმით, რუსეთი შოკირებულია სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით.„მსხვერპლი გახდა უდანაშაულო მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია. ის არ შეიძლება, რამით იყოს გამართლებული. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სირიაში მოვლენების განვითარებით და მტკიცედ ვგმობთ მასობრივ ანგარიშსწორებას“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი“ ასევე იტყობინება, რომ ხმეიმიში მდებარე რუსულ ავიაბაზას ათასობით ალავიტმა შეაფარა თავი. ორგანიზაციის ცნობით, 6 მარტს სირიის ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს, რომელთა უმეტესობა ალავიტია. ალავიტების სექტა, რომელსაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი წარმოადგენს, შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის“ ცნობით, ძალადობას გამოქცეულმა მოსახლეობის ნაწილმა – რუსულ ავიაბაზას, ზოგმა კი მთებს შეაფარა თავი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა.მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. იგი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ ტყუილია, რაც დაკავების ოქმში წერია, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. მათი განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის.დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო, 173-ე მუხლით დააკავეს.საწინააღმდეგოს აცხადებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დაკაავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. დაიკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები. მათი განცხადებით, ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ.მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ელენე ხოშტარია – ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.მისივე თქმით, დღეს საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობს.„დღეს საქართველოში რეჟიმის მხრიდან ხდება საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები. მათ აქვთ საკუთარი აზრი, არიან მაღალი კვალიფიკაციის და უბრალოდ აგდებენ სამსახურებიდან. თან ამას სისტემური ხასიათი აქვს. ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ კოალიციამ მათ შესთავაზოს კონკრეტული მხარდაჭერის ბერკეტები, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ვიდრე რეჟიმი შეიცვლება, ასევე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.„საჯარო მოხელეების მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზენტაციას მართავს.

მარიამ ქვრივიშვილი – ყაზახეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მოთხოვნის გამო, „ეარ ასტანა“ ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს

27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს – ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ატირაუ-თბილისს შორის ავიამიმოსვლის დამატება  ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია.„ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა საქართველოსთვის, აქტიურად ხდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ყაზახეთიდან კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსაყვანად და აღსანიშნავია, რომ  ძალიან წარმატებული იყო გასული წელი ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების კუთხით. სასიხარულოა, რომ „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“ დაფრინავენ როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში და გვემატება ახალი მიმართულება ატირაუდან, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178 930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია,   ყაზახური ავიაკომპანიების წილმა კი ბაზრის 3,9 % შეადგინა.„ყაზახური ავიაკომპანია ახალ მიმართულება ამატებს და დამატებით სიხშირეებს განახორციელებს გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადებს, შემოიტანს მეტ ტურისტულ დანახარჯებს და გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ მცირე, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ  ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში ცხრა სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.სამინისტროს ცნობით, ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს. Air Astana ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს ხუთი ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.ატირაუ-თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.

სერგეი ლავროვი – 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, ირკვეოდა, რომ გვატყუებენ, ევროპელებს თუ სურთ, უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, ტრამპის ადმინისტრაცია გაერკვევა ყველაფერში

უკრაინაში 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.„როგორც 2014 წლიდან ისტორია გვაჩვენებს, დროებით ზავი უკვე გამოცხადებულა არაერთხელ. ეს არის მინსკის შეთანხმებებიც და ის შეთანხმებებიც, რომლებიც 2014 წლის პუტჩით დაირღვა, და შეთანხმებები სტამბოლშიც. ყველაფერი ეს ზავის გამოცხადებასთან იყო დაკავშირებული. მუდმივად, ყოველ ჯერზე, ასეთი შეთანხმებების მერე ირკვეოდა, რომ ჩვენ გვატყუებდნენ. გვატყუებდნენ უკრაინელები ევროპიდან თავიანთი პარტნიორების მხარდაჭერით“, – თქვა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება მდგრადი, მუდმივი მშვიდობა, რომელიც ეყრდნობა უკრაინაში ამჟამინდელი სიტუაციის გამომწვევი პირველადი მიზეზების აღმოფხვრას.„ახალ ევროპელებს თუ სურთ, გააკეთონ ისე, რომ უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, მაშინ, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ყველაფერი მშვენივრად ესმის და ყველაფერში გაერკვევა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ბოლო სიახლეები