შაბათი, დეკემბერი 28, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა­ და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი“ – გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), სასულერო პირები, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების თეოლოგიის მიმართულების მკვლევრები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა და ერის სულიერი მამის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს – მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს საფუძველი ჩაუყარეს და თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრი დააარსეს.

რექტორმა ყურადღება გაამახვილა წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, შეეხო მის კვლევით წიაღსვლებს, რაც მეცნიერებისა და სარწმუნოების ტოლერანტული თანაარსებობის ბრწყინვალე დადასტურებაა.

„ჩვენს დღევანდელ, ტურბულენტურ სამყაროში, რაც ერთნაირად ეხება ყველა ერსა და ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქართული საზოგადოება ინარჩუნებს ტოლერანტობას, პატივს სცემს ყველა აღმსარებლობას, თუმცა ჩვენთვის უპირველესი მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელსაც უკვე 47 წელია სათავეში უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ძნელბედობა მუდამ თან სდევს ჩვენს ქვეყანას – უხსოვარი წარსულიდან დღემდე, საქართველოს უახლესი ისტორიაც ხომ ამის ნათელი დადასტურებაა. განსაცდელის ჟამს ჩვენი პატრიარქი ერის, საქართველოს მომავალი თაობის გვერდით იდგა მუდამ – უდიდესი სიყვარულით, მოყვასისადმი თანაგრძნობის უსათუთესი გრძნობით, თავისი მოწინავე სამეცნიერო მსოფლმხედველობითა და განუზომელი სულიერებით. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1977 წლის 25 დეკემბერიდან მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში სრულიად ახალი ხანა დაიწყო. პატრიარქის პირველ წლებს განსაკუთრებით ამძიმებდა საბჭოთა რეპრესიების გამო ჩარაზული ეკლესია-მონასტრებისა თუ მკვეთრად შემცირებული მრევლის არსებობა. ეს იყო უმძიმესი წლები, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ, ერის სულიერი მამის ლოცვა-კურთხევით, გაუძლო და გაძლიერდა.

კონფერენცია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების 47-ე წლისთავს უძღვნის, თავისი თემატიკით – „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე – საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი” – მრავალმხრივ ეხმიანება ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. გაბრიელ ქიქოძე, რომელიც თავდადებით იღწვოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და რომელიც თავისი სამეცნიერო წიაღსვლებით მეცნიერებისა და სარწმუნოების სრულფასოვანი თანაარსებობის აუცილებლობას ქადაგებდა, წმინდა სინოდმა სწორედ ილია მეორის წინამძღოლობით, 1995 წელს შერაცხა წმინდანად. გაბრიელ ქიქოძის დაწყებული საქმის ხორცშესხმა კი – ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება – უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შესძლო.

დიდი ილია ჭავჭავაძე სარწმუნოების გამეცნიერებისა და მეცნიერების გასარწმუნოების აუცილებლობაზე მიუთითებდა. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დღესაც აქტუალურია, უნივერსიტეტებმა უნდა იტვირთონ. ვფიქრობთ, კონფერენცია ამ თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. მომავალმა თაობამ სიღრმისეულად უნდა შეიმეცნოს ღვთისა და სამშობლოს მსახურებით, ასევე, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით გამორჩეული ამ განსაკუთრებული მამულიშვილების – წმინდა გაბრიელ ქიქოძისა და ილია მეორის ღვაწლი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გულითადად ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და დღეგრძელობასა და მზეგრძელობას ვუსურვებთ”, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, მეუფე ანანიამ, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილნმა, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, შინდისის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, პოეტმა, ფილოსოფოსმა და პედაგოგმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე). გამომსვლელებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტსა და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მრავალმხრივ საინტერესო კონფერენციისთვის მადლობა გადაუხადეს.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მეორე ნაწილი წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მოღვაწეობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომებს დაეთმო. მოხსენებებით ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ბესიკ ბოგველი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ლია მეტრეველი, ნანა ბოკუჩავა, ირმა ხურცია, სტუ-ის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე და სხვა მკვლევრები წარსდგნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვატო შაქარიშვილი – ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს

ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ხოლო ივანიშვილი, რომელმაც საქართველო გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი. „ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია და განადგურებისთვის გაწირა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა და გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს. ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი“, – წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

თოვის გამო, მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, იაპონიის საზღვრის სიახლოვეს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა წყნარ ოკეანეში, იაპონიის ჩრდილოეთით, იუჟნო-სახალინსკიდან 643 კილომეტრის დაშორებით. შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 16:47 საათზე. ამ დროისთვის ინფორმაცია მსხვერპლისა და ზიანის შესახებ არ გავრცელებულა. რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მსგავსი მიწისძვრები ხშირია, რადგან ეს ზონა ტექტონიკურ ფირფიტებზე მდებარეობს და სეისმურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.

იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?

2025 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის დოკუმენტშია აღნიშნული. უფრო კონკრეტულად, იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსიას, ასევე 35 ლარით გაიზრდება და განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პენსიონერები უკვე მომავალი წლიდან 420 ლარს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, იანვრიდან პენსიის შედარებით მცირე ოდენობით გაზრდა იყო დაგეგმილი. ეს ეხებოდა მხოლოდ 70 წლამდე პენსიონერებს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებს პენსია თავდაპირველადაც 35 ლარით უნდა გაზრდოდათ. რაც შეეხება 70 წლამდე პენსიონერებს იგეგმებოდა რომ მათი სახელმწიფო გასაცემელი 20 ლარით, 335 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 400 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. შესაბამისად, სწორედ ამ კატეგორიის პირთათვის შეიცვალა ოდენობა და საბოლოოდ, ბიუჯეტის დამტკიცებულ ვარიანტში აისახა, რომ იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვისაც 35 ლარით გაეზრდებათ სახელმწიფო გასაცემელი. ამასთან, 2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდაც 35 ლარით.

ირაკლი კობახიძე – ხელოვანების ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, ვინც ზუსტად იმავე მეთოდებით მოქმედებს, როგორც საუკუნის წინ ქართველი ბოლშევიკები

ბულინგი, რაც ხორციელდება ხელოვანი ხალხის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები. „ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც სამწუხარო მოვლენაა. ეს არის გარედან თავსმოხვეული მოვლენა და ზუსტად ისევე მოგვახვიეს თავს ეს უმძიმესი იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ თავს მოგვახვიეს ბოლშევიზმი. ბოლშევიზმი და ლიბერალური ფაშიზმი არ განსხვავდება დიდად ერთმანეთისგან და დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც ერთი საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები. თანამედროვე ლიბერალურ ფაშისტებსა და 100 წლის წინ მოქმედ ბოლშევიკებს შორის არავითარი განსხვავება სინამდვილეში არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები