საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სტუდენტური კლუბების ერთობლივი ღონისძიება – პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, მასტერკლასი, სტუ-ის ნიკო ნიკოლაძის სტუდენტური კლუბის ინიციატივით, პირველად ეწყობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ღონისძიების ბენეფიციარები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები არიან. პროექტის მხარდამჭერია თსსუ-ის სტუდენტური კლუბი – „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“.
როგორც ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტი მარიამ კაკაურიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანია, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით მიაწოდოს საბაზისო ცოდნა, რომლის გამოყენებასაც პროექტის ბენეფიციარები პრაქტიკაში შეძლებენ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის კლუბი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის და, ასევე, ჩვენი პედაგოგებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასების ჩატარებას. ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები აკეთილშობილებს საზოგადოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სოციუმის კეთილდღეობაზე აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანატოლების მხრიდან დაინტერესება დიდია. ეს გვაძლევს მოტივაციას და იმის საფუძველს, რომ პროექტი გაცილებით მასშტაბური გავხადოთ“, – ამბობს მარიამ კაკაურიძე.
თსსუ-ის სტუდენტური კლუბის – „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, თორნიკე ფუტკარაძის თქმით, პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი მასტერკლასი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება, მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, სიტუაციურ ანალიზსა და შეფასებებს, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით. როგორც თორნიკე ფუტკარაძე განმარტავს, მასტერკლასის გავლის შემდეგ ახალგაზრდები პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და გადაუდებელი დახმარების გაწევას შეძლებენ.
„დაზარალებული ადამიანი შეიძლება შეგვხვდეს ქუჩაში, სამსახურში, თავშეყრის ადგილებში. ის შეიძლება იყოს უცნობი, ჩვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი. დროულად და სწორად აღმოჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარება ზრდის ადამიანის სიცოხლის ხანგრძლივობას. ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანიც ეს არის – ახალგაზრდებმა სამედიცინო მიმართულებით შეიძინონ კრიტიკული მდგომარეობის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და შეძლონ ნებისმიერი მოქალაქისთვის პირველადი დახმარების გაწევა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, ანუ იქამდე, ვიდრე პაციენტის მდგომარეობის მართვაში პროფესიონალი მედიკოსები ჩართვებიან”, – აღნიშნავს თორნიკე ფუტკარაძე.
პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ორდღიანი მასტერკლასის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, გაიარეს გადაუდებელი შემთხვევების ანალიზისა და მართვის პრაქტიკული სავარჯიშოები, შეისწავლეს სხვადასხვა ტრავმისას სისხლდენის სწრაფად და ეფექტურად შეჩერების, ჭრილობაზე ნახვევის სწორად დადების, ინტოქსიკაციისა და გულყრის შემთხვევების მართვის, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის, ასევე, გულზე მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების მეთოდები.
სტუ-ის ინფორმაციით, სამომავლოდ, პროექტის ორგანიზატორები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბები – პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასის გაფართოებას და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებას გეგმავენ.