მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა მთელი დღე. წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება. პროცესი გადაიდო, რათა შეძლოს აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმისი თქმა, რაც არასდროს მოუსმინეს, – ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, მზია ამაღლობელს ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ამაზე უარს აცხადებს.„დღევანდელ პროცესს ვინც უსმინა, საკუთარი თვალით ნახა და თავისი ყურით გაიგო, რა სამარცხვინო დღეშია ბრალდება. პროცესი დაასრულა ბრალდებამ, პრინციპში, თქვა, რომ აბსურდებს ითხოვს. თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთ. ან მიიღებთ სასჯელს ოთხიდან შვიდ წლამდე, ან აღიარეთ, დაიბრალეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ – აი, ეს არის საპროცესო. აქ ახალი არაფერია, პირველი დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი თანამდებობის პირი, რომ აღიარეთ, მოინანიეთ, შემდეგ ვილაპარაკოთ. მზია ამაღლობელი ამბობს, რომ არ ვითხოვ გულმოწყალებას, რაიმეს პატიებას, ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მაბრალებთ, არ არის თავდასხმა პოლიციელზე. სასამართლოს მარტივი არჩევანი აქვს, უნდა თქვას, რომ ეს არის გადაცდომა ან დანაშაული. მოსამართლეს ვუთხარი, რომ მზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი, არც დანაშაულებრივი. დღევანდელ პროცესზე ვისხედით დაწყდომამდე. მზია ამაღლობელი ერთი წამით არ დამჯდარა და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე. ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არაფერს ითხოვს, არავის არაფერს ეხვეწება, ეს არის მისი შინაგანი პროტესტი და ასე უხმოდ გამოხატავს. ფეხზე იდგა მთელი დღე, მშიერ-მწყურვალი, დილით ადრე წამოყვანილი. წარმოუდგენელი იქნებოდა, ამ დროს შესთავაზო საბოლოო სიტყვის თქმა, რომელიც ალბათ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება. ვფიქრობ, ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული ზეწოლა მზიაზე არ წაადგებოდათ. მხოლოდ ამ მოსაზრებით გადაიდო პროცესი, რომ მზიამ ადამიანურად შეძლოს მოსვლა, აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმისი თქმა, რაც მას არასდროს მოუსმინეს“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა ცხრა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დღევანდელი პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება.
ჩემი დამოკიდებულება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით რჩება იგივე, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ოპოზიცია სწორი იდეის გარშემო ერთობით გაიმარჯვებს.„დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს. ასევე მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან.ჩემი დამოკიდებულება 4-ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას, რჩება იგივე. ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მით უმეტეს, ხისტი ფორმებით.პატივისცემა, მინდა, გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფი ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ. სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა“, – წერს ხოშტარია.
ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან, მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. ამას შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა.„თუ კი ეს ასეა, ჩვენ, მაგალითად, არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის საკმაოდ აგრესიულად. ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია.სამართლებრივად ეს რამდენად ითარგმნება კონკრეტულ დარღვევაში საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა შეიძლება, ითქვას, ალბათ კომპეტენტური ორგანოები იტყვიან. დარწმუნებული ვარ, გერმანიაში არანაირი ისეთი კანონი არ არსებობს, რომელიც ასეთ უმსგავსობას უშვებს, რომ ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან ქირაობს სახლს, თანაც ხელშეკრულების გარეშე. არავინ იცის, ვინ რას იხდის და ანგარიშს ბერლინში აგზავნის. იქ რას მიუთითებს, რომ პოლიტიკურ ლიდერს ქეშით უხდის? ეს რა რაკურსით შეიძლება განხილული იყოს, ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, პოლიტიკური კორუფცია სახეზეა. თავი რომ დავანებოთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი არ არსებობს, პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების და პოზიციის გაზიარება, თან ასე აგრესიულად, ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური კორუფციაა. უფრო მეტიც, ეს კონკრეტულ ელჩი საქართველოს არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, სადაც წესები უნდა დაიცვან. არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, რომელსაც გარკვეული ტრადიცია, კულტურა აქვს. ამით შეურაცხყოფს თუ არა მასპინძელ ქვეყანას და საზოგადოებას, მისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „საინტერესო არ არის, გერმანიის ელჩი რას ამბობს“. კობახიძის თქმით, ელჩი, მას შემდეგ, რაც დაბინავდა მამუკა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა წლებია, უსამართლოდ ეპყრობა ამერიკელ ფერმერებს.„ისინი ძალიან მაღალ ტარიფებს აწესებენ ჩვენი ფერმერებისთვის. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ფერმერებს. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის სამხედრო ხარჯები.„მათ სურთ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისგან და წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენ ძირითადად ვიცავდით მათ ჩვენი სამხედროებით. ისინი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავიანთ სამხედროებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე. მისი განცხადებით, ამერიკა უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან.„ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი. ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასეთივე აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია.„როდესაც „კოვიდი“ გამოჩნდა, ბოლო, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, იყო ფრანგებისთვის, იტალიელებისთვის, ესპანელებისთვის მეთქვა, რომ ტარიფებით დაუწესდათ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.