სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბოსნია დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში ასპარეზობა მოგებით დაიწყო.

ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ნინო ბუხრიკიძემ, შეტევა კი გოლით კესო მეტონიძემ დააგვირგვინა.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 19-წლამდე გოგონებმა პირველი მატჩი მოიგეს. ჩვენი ჯგუფის მეტოქეებიდან უელსმა ლიეტუვა 4:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში 29 ნოემბერს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო 2 დეკემბერს – ლიეტუვას. ორივე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

პირველი რაუნდის შემდეგ A ლიგაში B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ენტონი ბლინკენი – აშშ აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას

აშშ აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განლაგება, შეშფოთების საგანი იყო „დიდი შვიდეულისთვის“ და ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს, რას აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის ამის სანაცვლოდ. „აშშ აგრძელებს დახმარების გაზრდას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის ესკალაციაზე რეაგირებას, განსაკუთრებით ახლა, ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების ჩართულობის ფონზე. ნება მომეცით, ვთქვა, რომ ეს არის დიდი შეშფოთების საკითხი „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრისთვის, იმის გამო, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის, იმის გამოც, რას ნიშნავს ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის, ასევე იმის გამო, რას ნიშნავს ეს ინდო-წყნარი ოკეანესთვის. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა ორმხრივი გზაა. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე ყურადღებით ვუყურებთ, რას აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის, მათ შორის პოტენციურად გაზარდოს მისი სარაკეტო და ბირთვული შესაძლებლობები“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

პაატა ბურჭულაძე: უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, პირველად, მარტის თვეში იყო პატარა შეტაკება „რუსულ კანონზე“, სიმღერით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს

ცოტა უფრო რადიკალური ზომებია საჭირო, საქართველოს ჰიმნის სიმღერა არ ჭრის. ხომ ხედავთ, ამ ადამიანებზე არაფერი არ მოქმედებს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არ სურს ჩხუბისა და შეტაკებებისკენ მოუწოდოს საზოგადოებას, მაგრამ „გამჭვირვალობის კანონის“ პირველი ინიციირების დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე იყო შეტაკებები, რის გამოც ხელისუფლებამ უკან დაიხია. შესაბამისად, ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა რაიმე რადიკალური გზა უნდა შესთავაზონ ხალხს. „ამათ ბატონებო, უკან დასახევი გზა არ აქვთ, მაგრამ შემოგვხედეთ ჩვენც - ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს, უკან ვერ დავიხევთ, საქართველო არის ერთი ჩვენთვის, ჩვენი სამშობლო. ეს ხალხი, რომელიც ასიათასობით გამოდიოდა ქუჩაში, მადლობა ღმერთს, ჯერ არ წასულა საზღვარგარეთ. ისე ბევრს აქვს უკვე წასასვლელად და გასაქცევად საქმე, ესენი კიდევ აქ არიან, ამიტომაც ჩვენ უნდა შევთავაზოთ, უფრო სწორად, პოლიტიკოსებმა, რაღაც ცოტა რადიკალური. მე არ მინდა ჩხუბის და შეტაკებებისკენ მოვუწოდო, მაგრამ იყო პატარა შეტაკება პირველად შარშანწინ მარტის თვეში „რუსულ კანონზე“. მე იქ ვიდექი, ახალგაზრდები იდგნენ, ევროპული დროშით გოგონა რომ გვყავს ახლა ჩვენ. იყო დაიხია უკან , იმიტომ რომ რაღაც რეაგირება მოხდა. სიმღერა-სიმღერით სიარულით და დროშების ფრიალით ამათთან ვერ გავალთ ვერაფერს.“ - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ პირთა შრომას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ ახალ პენიტენციურ კოდექსზე ისაუბრა. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ  იურიდიულმა კომიტეტმა 2022 წელს ახალ პენიტენციურ კოდექსზე  იმუშავა, რომელიც 2023 წელს პარლამენტმა მიიღო. „2022 წელს, როდესაც დაინიცირდა პენიტენციური კოდექსი, აქტიურად ვიმუშავეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში და პარლამენტმა ეს კოდექსი მიიღო 2023 წელს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა და შესაბამისი  სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა მათთვის, ვინც პენიტენციურ სამსახურში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სწორედ ამ საკანონმდებლო პაკეტით გაიზარდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, ასევე, გაიზარდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები; მსჯავრდებულებს მიეცათ ხანგრძლივი პაემნის უფლება, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში  მოთავსებულ მსჯავრდებულებს ‒ ვიდეოპაემნის უფლება. ყველა სახის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს კი ‒ უმაღლესი განათლების მიღების უფლება. ამ პაკეტით, ასევე,  გაფართოებულია სახალხო დამცველის მანდატი. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდის ხელწერა, ჰუმანურობის პრინციპზე დაფუძნებით ადამიანის უფლებათა პატივისცემა და ეს მიდგომა სრულად შენარჩუნდება“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ნიკა გვარამია: ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით და არ ვითვლით, ასე ვთქვათ, მოკვეთილ თავებს, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მივდივართ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

საზოგადოება დაიღალა, დაკარგა იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვის პასუხად განაცხადა. ნიკა გვარამიას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „ჩემი შეკითხვა ეხება საპროტესტო აქციებს. რაც ვნახეთ ჩვენ გაზაფხულზე, რაც ვნახეთ დაახლოებით ერთი წლის წინ, ამას ვერ შევადარებთ იმ ყველაფერს, რაც ამჟამად ხდება თბილისში. რა არის ამის მიზეზი?“ „ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ვართ და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი, სპონტანური პროტესტი, რომელიც არ არის ორკესტრირებული ოპოზიციის მიერ ქვეყანაში. მეორე ფაქტორი, რა არის განსხვავება? განსხვავება არის ის, რომ საზოგადოება დაიღალა, საზოგადოებამ დაკარგა იმის იმედი, რომ ჩატარდება რეალური არჩევნები, აღარ სჯერა დემოკრატიის და კარგავს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საქართველოში. სწორედ ასე მოქმედებს ქვეყანაზე რუსული ოლიგარქია, რუსული ავტორიტარიზმი. და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე სწორედ ასეთი გავლენა აქვს, ევროკავშირის წევრების ჩათვლით. შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით და ჩვენ არ ვითვლით, ასე ვთქვათ, მოკვეთილ თავებს, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მივდივართ წინ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამ მიწისძვრამ, შესაძლოა, ზღვის დონის უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვიოს. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის შედეგად ცვლილებები არც ატომურ ელექტროსადგურებზე დაფიქსირებულა.

ბოლო სიახლეები