სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი საჯაროდ გავრცელებული განცხადება გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი წერილის მტკიცებულების სახით
დართვა მოითხოვეს. საუბარია, იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკოს განმარტებით, აღნიშნულმა მტკიცებულებამ დასაშვებობის კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა. კალიჩენკოს თქმით, როცა ინფორმაცია საჯარო სივრცეშია განთავსებული და ის შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასზე რეაგირება და მისი შესწავლა საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა.
ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა,
ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

