პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

სამტრედიის შესასვლელთან ტრაილერის და მინივენის შეჯახების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – დავიწყებთ საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვას, რაც განსაზღვრავს პარტნიორობის სამომავლო განვითარებას

გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვა, რაც განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობის სამომავლო განვითარებას, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მარკოს პერესტრელომ განაცხადა. როგორც მარკოს პერესტრელომ აღნიშნა, კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი შეუვალი ერთგულება დემოკრატიული, ევროპული საქართველოსადმი. „საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ბოლოს და ბოლოს უნდა მოუსმინონ ხალხს და შეწყვიტონ მათ მიერ შემუშავებული დემოკრატიული უკუსვლა. ჩვენი ასამბლეა მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ამას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვა, რაც განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობის სამომავლო განვითარებას. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისადმი, გივი მიქანაძისადმი გაგზავნილ წერილში, მე მოვუწოდე მას და ქართული დელეგაციის სხვა წევრებს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე სასწრაფოდ დასაბრუნებლად“, – აღნიშნავს მარკოს პერესტრელო.

„აზერბაიჯანულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა

„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ავიაკომპანია „აზალში” განუცხადეს. პარალელურად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი აცხადებს, რომ დაშავებული მგზავრების და გადარჩენილი ბორტგამცილებლების მონაყოლის თანახმად, გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს. „ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ხელის არეშიც კი დაშავდა. სოციალური ქსელებიდან და პრესაში გამოქვეყნებული კადრებიდანაც ჩანს, რომ ქალს ხელ-ფეხი დაუზიანდა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ფრთაზე ხვრელების კვალი ჩანს. თვითმფრინავის შიგნით დაზიანებულია ფიუზელაჟი. დაზარალებულებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე თქვეს, რომ გროზნოს თავზე აფეთქებების ხმა სამჯერ გაიგეს. მათივე თქმით, აფეთქებები გარედან მოხდა, შემდეგ კი თვითმფრინავს რაღაც შეეხო. გამოძიება დაადგენს, თუ რა სახის იარაღიდან იყო გარე ჩარევა. გარდა ამისა, თუ თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას დააკვირდებით, ირკვევა, რომ მან ფრენის მიმართულება აქთაუს მიმართულებით მახაჩყალზე აიღო. თვითმფრინავს აქ დაშვების უფლება მიეცა თუ არა, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა. გარდა ამისა, გამოძიება დაადგენს, რა მიზნით განახორციელა პილოტმა ავარიული დაშვება. GPS-ის გამორთვის საკითხი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.

სალომე ზურაბიშვილი – კვირის გეგმები მმართველმა პარტიამ უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე

კვირის გეგმები, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტში (Rest Is Politics) სტუმრობისას განაცხადა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რჩება საქართველოს პრეზიდენტად და თავის საქმიანობას გააგრძელებს. „მნიშვნელოვანი, რაც კვირისთვის უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ პარლამენტი შეიკრიბა არალეგიტიმური არჩევნებითა და არაკონსტიტუციური გზით. კონსტიტუცია დაირღვა ორჯერ. ეს არჩევნები და შესაბამისად, პრეზიდენტის ინაუგურაციაც არ არის ვალიდური. ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემი სამუშაოს შესრულებას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 10 000 ლარი დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრა. მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს. დაცვის მხარე სასამართლოს გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს ჭავჭავაძის N33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის” მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI - FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) კოორდინატორია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, „ჰორიზონტი ევროპის” საგრანტო პროექტ FORGE-AI-ის განხორციელებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული. სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, სამწლიან პროექტ FORGE-AI-ში, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მლნ ევროს აღემატება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე, სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სტარტაპებთან ერთად, ჩართულია 13 პარტნიორი უნივერსიტეტი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან. მათი ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი FORGE-AI-ის ფარგლებში შექმნილი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების კონსორციუმის მეცნიერებსა და მკვლევრებს მორიგ წარმატებას ულოცავს. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, ასევე ხორციელდება „ჰორიზონტი ევროპის” კიდევ ერთი საგრანტო პროექტი - „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის "ნეთვორკინგის" და "თვინინგის" ინიციატივა - GAIN. „მეცნიერთა ჯგუფს, ქართული და უცხოური უნივერსიტეტების გაერთიანებას ვულოცავ მორიგ წარმატებას. პროექტი - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ - მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და უზრუნველყოს მდგრადი პირობები ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალგაზრდა მკვლევართა კარიერული ზრდისა და მეცნიერული წინსვლისთვის. ეს არის შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, ასევე, სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვისა და დემონსტრირებისთვის. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას, რომელსაც ყველა პირობა აქვს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სახელით, საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს”, - აცხადებს დავით გურგენიძე. სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI - FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) - განხორციელება 2025 წელს, სავარაუდოდ გაზაფხულზე, სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება.

ბოლო სიახლეები