შაბათი, მარტი 21, 2026

სალომე ქურასბედიანი: ვენეციის კომისია აპელირებს, კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სინამდვილეში, მისი განხილვა სტანდარტული პროცედურით რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა

დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. ამ ინფორმაციის გახმოვანებისას ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-სტატიას ეყრდნობა, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. დასკვნაში ასახულ ძირითად საკითხებზე საუბრისას, ქურასბედიანმა განმარტა, რომ დაზუსტებები კანონპროექტში მეორე მოსმენით განხილვისას შევიდა და პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის აპელირება, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მის დამტკიცებას მრავალსაათიანი საკომიტეტო და პლენარული სხდომები უძღოდა წინ, რაშიც ჩართული იყო როგორც რადიკალური ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი.

„სინამდვილეში, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მე-2 მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ, კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა.

ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, რომ კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ.

სინამდვილეში შეგახსენებთ, რომ, კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, გვახსოვს ყველას.” – განაცხადა ქურასბედიანმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს, რომ კომისიის დასკვნის თანახმად, საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიანი ხასიათის იყო, თუმცა, საზოგადოებამ იხილა აქციის მონაწილეების მხრიდან სამართალდამცავებზე თავდასხმის, პარლამენტზე შტურმის და სხვა სახის ძალადობრივი ფაქტები. “ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა მაშინ, როცა ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ, ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი.” – აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12:00 საათზე, გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს."საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე, გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული. მათთვის, ვისაც სურს, ილია მეორეს უკანასკნელი პატივი მიაგოს, სამების საკათედრო ტაძრის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.

საპატრიარქო – სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ დროებით დაიხურება.როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ილია მეორის სამძიმარზე მიმსვლელთა დიდი ნაკადის პირობებში ტაძრის ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად რამდენიმე დღეა, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში  დაკრძალავენ.

რომის პაპი – ილია მეორე გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა მთელ საზოგადოებას, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა

გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, – ამის შესახებ ნათქვამია რომის პაპის, ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.როგორც რომის პაპი წერილში აღნიშნავს, ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში.„მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით  და სახარებისეული ძლიერებით.თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა  და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს, გააერთიანოს ხალხები, დააახლოვოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს – წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს.და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ქრება, არამედ გარდაიქმნება.ამ გრძნობებით აღსავსე ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა.  შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი  და მთელი ქართველი ერი. ვატიკანიდან, 18 მარტი, 2026“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომლითაც რომის პაპმა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და წმინდა სინოდს მიმართა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი წერილში ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს.„ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“კირიე ელეისონ”, “დავიღალე, მოდი ჩეთან უფალო”, “ალილუია”, “ავე მარია”, “წმინდაო ღმერთო” – პატრიარქის შემოქმედება, როგორც მისი სულიერი მსახურების გაგრძელება

"კირიე ელეისონ", "დავიღალე, მოდი ჩეთან უფალო", "ალილუია", "ავე მარია", "წმინდაო ღმერთო" - პატრიარქის შემოქმედება მისი სულიერი მსახურების გაგრძელება იყო, სხვა ენით, მაგრამ იმავე არსით.60-იან წლებში, პრაღაში, საერთაშორისო რელიგიურ კონფერენციაზე, ახალგაზრდა სასულიერო პირმა ორღანთან ექსპრომტად შეთხზა საგალობელი. მაშინ არავინ იცოდა, რომ ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "წმინდაო ღმერთო" იქნებოდა, ახალგაზრდა ეპისკოპოსი კი საქართველოს მომავალი პატრიარქი გახდებოდა.პატრიარქი თავად ქმნიდა მელოდიებს - გალობდა, მღეროდა, ეს მელოდიები ნოტებზე მის თანამოაზრეებს გადაჰქონდათ. შემდეგ კი მუსიკალური დამუშავება და არანჟირება ხდებოდა. თუმცა, მთავარი სათავე ყოველთვის თავად უწმინდესი იყო.ილია მეორე არა მხოლოდ შემოქმედი, არამედ პროცესის აქტიური მონაწილეც გახლდათ - ჩაწერისა და დამუშავების თითოეულ ეტაპს ყურადღებით აკვირდებოდა, ასწორებდა და სრულყოფდა. მასთან მუშობის სურვილს კი თან უდიდესი პასუხისმგებლობა ახლდა.მისი შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი და მსოფლიო საეკლესიო მუსიკის გამორჩეულ ქმნილებაა "ავე მარია", რომელიც სხვადასხვა დროს ქვეყნის თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელმა შეასრულა.საქართველოს ისტორიის ყველაზე რთულ დროს, სამოქალაქო ომის პერიოდში დაიწერა - "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო". მაშინ ვედრებად ქცეული სიტყვები პატრიარქის შინაგან განცდებს გადმოსცემდა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არა მხოლოდ ახალი შექმნა, ძველიც აღადგინა.აღსაყდრების პირველივე წლებში მან უდიდესი როლი შეასრულა იმ უმნიშვნელოვანესი ტრადიციის დაბრუნებაში, რომელიც მეფის რუსეთისა და საბჭოთა დიქტატურის პერიოდში შეზღუდული იყო - ქართული წირვა-ლოცვა და საგალობლები აღადგინა. მისი კურთხევით, თავდაპირველად სიონისა და ანჩისხატის ტაძრებში, ხოლო შემდეგ უკვე მთელ საქართველოში, კვლავ გაისმა ტრადიციული მრავალხმიანი გალობა, რაც ერის სულიერი მეხსიერების აღდგენა იყო.საგალობლები მისთვის სულიერი აღმაფრენის და ღმერთთან შემოქმედებითი ურთიერთობის მომენტი იყო, რასაც სულიერი მამა საკუთარ ხალხს უზიარებდა იმ მთავარი მიზეზით, რომ მრევლი ღმერთთან უფრო ახლოს მისულიყო.ადამიანმა, რომელსაც ღვთით ბოძებული ნიჭი ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა პროფესიული მუსიკალური განათლება, თანამედროვე საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე დაწერა სიყვარულის, იმედის, რწმენის და ერთიანობის ჰიმნი."ქართული გალობა არის სიყვარული უფლისადმი" - ამბობდა პატრიარქი და სწორედ ამ სიყვარულით შექმნილი მისი მუსიკალური მემკვიდრეობა სამების საკათედრო ტაძარში ამ მძიმე წუთებშიც ჟღერს.

ბოლო სიახლეები