რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია-საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ. გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაანონსებულ ცვლილებებს.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ, საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით.
„რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად. ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.
ემიგრანტებს საარჩევნო უფლება გაუქმებულად შეუძლიათ ჩათვალონ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ნაწილი აძლევდა ხმას მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება უცხოეთში შეეძლოთ, ახლა ბოლომდე წაართვეს ხმის უფლება.
პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ, საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით.
თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ.
გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე“, – წერს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.

