ორშაბათი, აპრილი 7, 2025

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ღონისძიების „შეხვედრა დემოკრატიისთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ღონისძიების „შეხვედრა დემოკრატიისთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა საფრანგეთს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ავანგარდში დგას.

თქვენ ახლახან მოისმინეთ ხმა უკრაინიდან. საქართველოს ხმა დიდად არ განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ შემზარავ ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და უკრაინას, ისევე, როგორც საქართველოს, შეუძლია, ძალიან ვრცლად მოგიყვეთ, რა არის რუსეთი სინამდვილეში, რისი დავიწყების სურვილიც დროდადრო ჩნდება. ჩნდება იმის დაჯერების სურვილი, რომ ის ნორმალური სახელმწიფოა, ნორმალურია მეზობლებთან, ნორმალურია საკუთარ მოსახლეობასთან … და ისევ არა!

უკრაინასაც და საქართველოსაც ბევრი მსგავსი გამოცდილება აქვთ – რუსული აგრესია, საქართველოში 2008 წელს და რადგან ამასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი რეაქცია, მას მოჰყვა 2014 წელს აგრესია ყირიმში და 2022 წლის აგრესია, რომელიც დღემდე გრძელდება.

უკრაინაში რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. პირიქით, ვლადიმერ პუტინმა კიევის აღება სამ დღეში ვერ შეძლო. მან ვერაფერს მიაღწია, ვერც სამხედრო წარმატებებს. რუსეთის პრესტიჟი დისკვალიფიცირებულია, სტრატეგიული მიზნები მიუღწეველი. მუდმივად იცვლებიან სამხედრო ლიდერები, განიცდის მატერიალურ დანაკარგებს, (რადგან ადამიანური დანაკარგები დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს რუსეთისათვის), ეკონომიკურ დანაკარგს, დაუდგა კორეელების შემოყვანის აუცილებლობა, ეს არ არის გამარჯვება. რუსეთს არ აქვს რა გამარჯვება და ხედავს, რომ დღეს ევროპა იაზრებს, რომ ისიც უნდა გადაიარაღდეს თავის დასაცავად და რომ მშვიდობა საკუთარი დამსახურებითა და დაცვით მოიპოვება. რუსეთი დღეს ეძებს ახალ სტრატეგიას, რომლის ზოგიერთი ელემენტი თქვენ უკვე ნახეთ – ნაკლები დანახარჯი, ნაკლები პირდაპირი შეტევა.

და კიდევ ერთხელ, დღეს, ისევე, როგორც 2008 წელს, საქართველო საცდელი ადგილია და სწორედ ეს გზავნილი მინდა, გადმოგცეთ – საქართველო იყო ის ადგილი, სადაც რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო მანიპულაცია განახორციელა; სადაც რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას; სადაც მან მოახერხა თავისი პროპაგანდის გავრცელება (ალბათ ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა რუსეთს და რომელმაც ეს პირდაპირ განიცადა) და მიუხედავად ყველაფრისა, პროპაგანდამ მეტ-ნაკლებად იმუშავა. ეს არის რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია. ის, რომელმაც უნდა შეცვალოს უფრო ძვირი სამხედრო სტრატეგია. და მე მოვედი გასაფრთხილებლად, რომ ეს ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება. ჩვენ ამას დღეს განვიცდით, როგორც საქართველოს ტრაგედიას.

თუმცა, საქართველოს ახალგაზრდობა 140 დღეა ქუჩაში დგას და არ ტოვებს ქუჩას სწორედ ისე, როგორც არ ტოვებენ სანგრებს ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი ახალგაზრდები.

ჩვენც ჩვენებურად ვუწევთ და გავუწევთ წინააღმდეგობას. და მე ამ ხალხის პრეზიდენტი ვიქნები ბოლომდე მაგრამ ეს გამოწვევა ყველას გამოწვევაა. ეს გამოწვევაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს გამოწვევაა საბჭოთა რუსეთის ყოფილი სივრცის ყველა განვითარებადი დემოკრატიისთვის – მოლდოვის, უკრაინისა და მრავალი სხვისთვის, ვინც ახლოსაა. ჩვენ ვნახეთ რუმინეთზე განხორციელებული მცდელობები. ჩვენ ვნახეთ მცდელობები მოლდოვაზე. და ის, რაც გვესმის უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის შესახებ, ამას ამბობს ბატონი პუტინი, არის სურვილი, რომ ომის შემდეგ იქ (უკრაინაში) ეს ახალი ჰიბრიდული სტრატეგია განხორციელდეს. ამას უნდა დავუპირისპირდეთ!

ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა, (რაც არ და ვერ მოხდება), ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის.

ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.

ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.

ამ მორალური, პოლიტიკური, (თუ საჭიროა) სამხედრო გადაიარაღების გზაზე. საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი – დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა (ტოტალიტარიზმს)!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის თარგმანს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს უკვე მას

სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკვე კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს სალომე ზურაბიშვილს.„დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატედ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად, რადგან თქვენი მედია არის ღალატის მედია და ახლაც აგრძელებს ღალატს“, –    განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს.„საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ეს არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო.ყოვლადწმინდა მარიამი, თავისი საოცარი სიწმინდითა და სათნოებებით, გახდა რჩეული ადამის მთელი მოდგმისა, რათა ძე ღვთისას მშობელი ყოფილიყო და დღევანდელ დღეს, 2000 წელზე მეტი ხნის წინ, მოესმინა გაბრიელ მთავარანგელოზის განმაცვიფრებელი სიტყვები:„გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის …. აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს…და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა … და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი … და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;“(ლუკა 1; 28,31-32,46-47,49,50);ღვთისმშობელმა განაქარვა ევას შეცოდება და ცრემლი, და ნუგეშად ექცა მთელ კაცობრიობას.ყოვლადწმინდა მარიამის მეოხებით და ხარების მადლით უფალმა მშვიდობით აკურთხოს, დალოცოს და გაახაროს საქართველო, თითოეული თქვენგანი და მთელი მსოფლიო.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს“, – ნათქვამია ილია მეორის მილოცვაში.

ირაკლი კობახიძე – უკრაინაში არის ომი, მსხვერპლი, ამის საპირწონედ – კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, ჩვენ მოვახერხეთ მეორე ფრონტის არიდება, ამის გამო გაგულისებულია „დიფ სთეითი“

უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ, მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.პრემიერის თქმით, „საქართველომ მოახერხა ამ სცენარისთვის თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“.„„დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა „დიფ სთეითმა“ ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა. მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. „დიფ სთეითს“ აქვს თავისი ინტერესები, „დიფ სთეითი“ ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ, მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისთვის, მეორე ფრონტისთვის თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“ და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძე იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი

ეს არის ერთგვარი სპეკულაციები, როცა თქვენ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, ეს არის არასწორი. ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.მისივე თქმით, არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა.„7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, ის იყო და არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე, თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. თუ ვინმე იყო ჩართული იმ პროცესებში შვიდი წლის წინ, რომელიც უკავშირდებოდა მის მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი სწორედ მე. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და უმჯობესია, თავად გააკეთოს კომენტარი, თუ საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის შვიდი წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ღირსებით ემსახურებოდა აჭარის უმნიშვნელოვანესი მხარის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდა

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ  სულხან თამაზაშვილზე.„ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს,  განსაკუთრებულ თვისებებს, მათ შორის მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ ბატონ სულხან თამაზაშვილზე“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები