სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა

არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამეთუ ჩვენკენ არის მომართული ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ყურადღება.

„ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმაპირობებელი და განმსაზღვრელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მსურს, ყველა მოქალაქეს ამისათვის მადლობა გადავუხადო.

მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბევრი ძალა ამას ებრძოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებაა საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა – არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა.

ეს არჩევნები ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია უსაფრთხო საარჩევნო პროცესი. პანდემიის მიუხედავად, უსაფრთხო არჩევნები ჩატარდა, საარჩევნო უბნებთან იყო მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, კოვიდრეგულაციების დაცვა და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობა. მე მინდა, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას ამისთვის მადლობა მოვახსენო.

ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. ამის მიუხედავად, მე მაინც მექნება სამი ძირითადი შენიშვნა:

ერთი ის, რომ სამწუხაროა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს – მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.

ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.

და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მით უმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით, თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი იქნებაო, მაგრამ ლავროვთან მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ მოსკოვს მშვიდობა არ...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის შეხვედრას, რომლის შემდეგ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ახალი არაფერი მოუსმენია.კალასის თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს.„რუსეთის ეს კომენტარები აბსურდულია. ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი ამის შემდეგ იქნებაო, მაგრამ ეს მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკების დროს პარტნიორის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ იჩენ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ძალიან, ძალიან ნათელია“, – განაცხადა კაია კალასმა.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სატოში მიჰარას ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაფართოებას და ახალი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვას უკავშირდება.სტუ-ის რექტორის თქმით, უმაღლეს საინჟინრო სკოლასთან სატოში მიჰარას ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მხოლოდ კვლევით პროექტებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, მიმდინარე წლის ივნისში იაპონელმა მეცნიერმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საჯარო ლექცია - „KEK-ისა და J-PARC-ის მიმოხილვა: ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები და ამაჩქარებლების განვითარება იაპონიაში“ (Introduction to KEK and J-PARC: Frontiers of Particle Physics and Accelerator Development in Japan) - გამართა.„სატოში მიჰარასთან შეხვედრას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის არა მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბის აღიარებული მეცნიერი, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მეცნიერების, ინჟინრებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობა KEK-ისა და J-PARC-ის საერთაშორისო კვლევით პროექტებში, მათ შორის COMET ექსპერიმენტში. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართველი მეცნიერები ჩაერთონ როგორც თანამედროვე ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით კვლევებში და იმუშაონ მსოფლიოს წამყვან მკვლევრებთან ერთად.ჩვენი მიზანია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და თანამშრომლობა მხოლოდ კონკრეტული სამეცნიერო პროექტებით არ შემოიფარგლოს. მნიშვნელოვანია ახალი ერთობლივი კვლევების განხორციელება, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს. პროფესორ სატოში მიჰარას გამოცდილება და მისი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოვლენას და იმ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სამეცნიერო საზოგადოებას შორის“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (KEK) შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება J-PARC-ში განხორციელებული COMET-ის ექსპერიმენტია. აღნიშნულ საერთაშორისო კვლევით პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ინჟინრები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობენ. თანამშრომლობის ფარგლებში სტუ-ის მკვლევრები ჩართულნი არიან თანამედროვე დეტექტორული სისტემების შექმნასა და განვითარებაში, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაში.

კახა კალაძე – ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ

მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, ჩუმად მინდა ვუთხრა, ტუჩები წაიკითხონ – დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის ვიდეო თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.სააკაშვილის თქმით, დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია.„მე არავის არ მოვუწოდებ ხელისუფლების დამხობისკენ, უამრავი ადამიანი ჰყავთ ამ მოწოდებით დაპატიმრებული. უბრალოდ გეუბნებით მამაშვილურად, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს არ შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს. ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან, პარლამენტში ინიცირებულია

ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.“პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ბოლო სიახლეები