საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია არალეგიტიმური ხელისუფლების, მმართველი გუნდის გამო.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ, არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი დამოუკიდებლობის ზეიმი ამ ქვეყნისა. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე. ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.