სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

სალომე ზურაბიშვილი – როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის

მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს ყველაფერი ახალგაზრდების ხელშია.

„პირველ რიგში, მეცოდება კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთმანეთის მისალმების თუ დაჩოქების. სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არა მხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი მოვალეობაა, ყველა ერთად იდგეს.

„ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო, და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად. მე როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციაზე: როცა საკუთარი ამომრჩევლის ხმების დაცვას ვერ ახერხებენ და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი

არ გაბედოთ და ხალხს არ უსაყვედუროთ ქუჩაში რატომ არ გამოვიდაო. იცით რატომ არ გამოვიდა? საკუთარი ამომრჩევლის გონიერებაში და ნიჭიერებაში რომ ეპარებათ ეჭვი იმიტომ- ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ „დღის ამბებში“ განაცხადა და ოთხ ოპოზიციურ პარტიას მიმართავს. „ამ დროს, ელემენტარული თვლა მაინც იცის ამ ამომრჩეველმა და ძალიან კარგად თვლის იმას, რომ ოთხივე პარტიის შეთანხმებული მოქმედების გარეშე, მათი ხმების გარეშე ვერ შედგებოდა კოალიციური მთავრობა. და დღეს, როცა ეს პარტიები ერთი კადრი მაჩვენეთ ერთად დგომის, როცა იმას ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება და ხმები დაიცვან ამ ერთი თვის მანძილზე და ერთად ვერ დადგნენ, რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მელაპარაკებოდნენ ესენი, ამიტომაც არ გამოვიდა ამომრჩეველი. სხვა თუ არაფერი, თვლა ხომ ვიცით და ელემენტარულად დათვალა ამომრჩეველმა, რომ ეს ხალხი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზად არ ყოფილა იმიტომ, რომ მათი ხმების დასაცავად ვერ დადგა და არ დადგა გარეთ. თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით და რის და ვის ხარჯზე აპირებდით“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივი და მკაცრი პასუხი რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე. „რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ ყველაფერზე, რაც მან გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დარტყმები არ დარჩეთ შესაბამისი პასუხის გარეშე. რუსული ტერორის ნორმალიზების მცირედი ეჭვიც არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეკონომიკური სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე. ცნობისთვის, ბრიტანეთმა დააწესა სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, რომელიც 30 ხომალდს მოიცავს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 57 კმ-ში, ქალაქ დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

გია ვოლსკი – პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს საკუთარ ქვეყანაზე ეკონომიკური დარტყმებისკენ, ეს ადამიანი გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, მნიშვნელობა აღარ აქვს

არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვაზე კომენტირებისას განაცხადა. „წვრილმანებზე აღარ უნდა უნდა უპასუხო, იცით, გაყინული სახით, სერიოზული სახით უნდა უსმინო, პარლამენტის თავმჯდომარე რომ გამოდის და აქ საღლიცინო არაფერია, ისევე, როგორც ხანდახან თვითონ ღლიცინებდა ხოლმე აბსოლუტურად შეუსაბამო პირობებში. მაგრამ მთავარი ბოროტება ეგ არ არის. ხალხს მოუწოდებს, რომ ლარის კურსს დაარტყან ორგანიზებულად და შეგნებულად, რომ გველოდება ეკონომიკური სიდუხჭირე ეკონომიკური ჩამოქცევა, ვალუტის კურსის დევალვაცია. ამას აცხადებს პრეზიდენტი და ზუსტად იცის, ბევრი რამ არ იცის, მაგრამ ეგ ზუსტად იცის, რომ ამან შეიძლება, გარკვეული არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ისე, რომ საფუძველი არ გააჩნია. არც მაკროეკონომიკური, არც სხვა მაჩვენებლები არანაირად არ გულისხმობს იმის წინაპირობას, რომ ეკონომიკური პრობლემები შეექმნას ქვეყანას. ბიუჯეტიც გაიზრდება, ეკონომიკაც გაიზრდება და ტენდეციები არის საუკეთესო, მსოფლიო ბანკის შეფასებით. ეს გამოდის და ამბობს, რომ ასეთი რამ გველოდება, ხალხს მოუწოდებს არა ფიზიკური რევოლუციისკენ, არამედ ეკონომიკური დარტყმების მიყენებისაკენ საკუთარი ქვეყნისთვის. ეს ადამიანი ახლა გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც მთავარია, არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმების დასამტკიცებლად 26 ნოემბერს შეიკრიბება. შეთანხმების ტექსტი დღეს დასრულდა. ისრაელის მედია ასევე წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არმიამ მიაღწია დასახულ მიზნებს, საზღვრის გასწვრივ „ჰესბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებას და ჩრდილოეთ ისრაელში შეტევის შესაძლებლობის აღმოფხვრას, ასევე „ჰესბოლას“ სარაკეტო არსენალის მკვეთრად შემცირებით. პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანში დაიბომბა 25 სამიზნე ობიექტი, რომელსაც „ჰესბოლას“ წევრები იყენებდნენ. ისრაელის არმიის სამიზნე გახდა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანის ქალაქ ტვიროსში ისრაელის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ლიბანიდან „ჰესბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 340 რაკეტა გაუშვა, რაც არის ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ. სარაკეტო შეტევის შედეგად ისრაელში 11 ადამიანი დაშავდა.

ბოლო სიახლეები