ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა. ამის შესახებ შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად ვცდილობდით ყველა იმ მანკიერების მხილებას, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარედან ჩვენს სამშობლოს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის კუთხით, არამედ პირდაპირი გაგებით, საქართველოს ყოფნა/არყოფნის ეგზისტენციალურ საკითხს აყენებს.

ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დღემდე მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ჩვენი საჭიროებების უგულებელყოფის პრიზმიდან უყურებენ, გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ განვაცხადეთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაზე, რომლის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით ჩამოშორება და მმართველობაში მათი აგენტების დაბრუნება. მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხისგან მანდატი კიდევ ერთხელ მიიღო, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ხოლო გარე ძალებს დროებით მაინც შეეწყვიტათ ზემოქმედება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, პრობლემები სულ უფრო იმატებს.

აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან და ღიად უჭერენ მხარს საქართველოში იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მიზანი ხალხის განულებული მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა.

ამის პარალელურად, ევროკავშირში მთელი სიმძაფრით მძვინვარებს ლგბტ-პროპაგანდა, ღიად ებრძვიან ქრისტიანობას, ქვეყანათა იდენტობას, წარსულს და ტრადიციებს. უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას ახალგაზრდობა. ბოლოს მიღებული ლგბტ-სტრატეგია 2026/2030, რომელსაც ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენი აწერს და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად წევრი, ასევე მოლაპარაკებაში მყოფი ქვეყნებისთვის − ევროპის ახალგაზრდა თაობას, მორალურთან ერთად, ფიზიკური დეგრადირების სახეს უქადის.

არანაკლებ მძიმე სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ცდილობს, სახე იცვალოს, რის შედეგადაც ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ სიტყვით ებრძვის „დიფ სთეითის” გავლენებს.

მაგალითად, 4 ოქტომბერს, როდესაც მარგინალურმა აგენტურულმა ქსელმა საქართველოში ხელისუფლების დამხობა სცადა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოაწყო, ევროკავშირმა ღიად წაახალისა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც „მშვიდობიანი დამხობა“ უწოდეს, ხოლო აშშ-მა მხოლოდ „სტრატეგიული დუმილით“ უპასუხა აგენტების დანაშაულებრივ ქმედებებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში ხელისუფლება თავად უნდა ამბობდეს უარს მორალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებების რეანიმაცია. სამწუხაროდ, დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას, სუვერენული საქართველო არაფერში სჭირდებათ, მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ჰყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ.

გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ მიმართულებით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად. უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის.

საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომიკური შესაძლებლობების აღიარება იმ გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამიტომაც ვართ საინტერესო მსოფლიოსთვის და ეს ინტერესი უნდა გამოვიყენოთ არა რომელიმე ქვეყნის თუ გაერთიანების ინტერესების გასატარებლად, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის იმის აუცილებლობის საჩვენებლად, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა არათუ არ უპირისპირდება რომელიმე მათგანის ინტერესებს, არამედ საშუალებას აძლევს მათ, სწორედ ასეთი საქართველოს არსებობის პირობებში მიიღოს ყველა მოთამაშემ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების საკითხში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანად და გონივრულად გამოყენება საშუალებას მოგვცემს, ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხითაც დავაინტერესოთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი, არამედ თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ადამიანის უფლებები, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, ამის ხელყოფა მოხდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ

მთლიანად უნდა გავყვეთ სარჩელის არსს და აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიებს უკავშირდება ის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელთა საფუძველზეც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური ძალების აკრძალვას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს, რომლის თანახმადაც, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა.„აქ გვაქვს შემდეგი არგუმენტები – პირველ რიგში, ვიხსენებთ იმას, თუ რა ხდებოდა 2004-2012 წლებში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და „ნაცმოძრაობა“ , „ახალი“ – ეს მოგეხსენებათ, ერთი და იგივე შემადგენლობაა, ერთი პარტია არის მეორის გაგრძელება, ეს ისტორიულად ასეა. რაც შეეხება ამ პერიოდს, ეს პერიოდი დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეისა და ადამიანის უფლებების ტოტალურ, სისტემურ და სისტემატურ ხელყოფასთან. ამის უამრავი ფაქტია ჩამოთვლილი სარჩელში, ეს სარჩელი ეფუძნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას, საქმიანობას და არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელსაც ფარავს ამ სარჩელის შინაარსი. ეს არის იგივე ადამიანების წამების, მკვლელობის, ადამიანებზე ძალადობის სისტემის ჩამოყალიბება, რაც იმ რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი 2004-2012 წლებში, ციხეებში და არამარტო, ციხეებში, ციხეებს გარეთ – ტოტალურად ხდებოდა ადამიანების ღირსების ხელყოფა, წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობა, 150-ზე მეტი ახალგაზრდა კაცი მოკლეს პირდაპირ ქუჩებში, ეს მათი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო. ანუ ამ მიმართულებით, აბსოლუტურად სისტემურად, სისტემატურად, ტოტალურად ხდებოდა ადამიანის უფლებების ხელყოფა. მეორე – ეს იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა სხვადასხვა ფორმით, მარტო ის ცნობილი კასრები და იქ აღმოჩენილი შესაბამისი ჩანაწერები რად ღირს ხომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამაზეც ვრცლად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე სარჩელში. საკუთრების უფლების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი. აქაც უამრავი ფაქტია და ამის შესახებ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ეს არის მედიის თავისუფლების ხელყოფა. მათი საქმიანობა შეეხო რამდენიმე ათეულ მედიასაშუალებას უმძიმესი ფორმით და ამაზეც დეტალურად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ისე სარჩელში,“- განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებები, ისევე როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რასაც ეფუძნება კონსტიტუციური წყობილება და ამის ხელყოფა მოხდა სისტემური, სისტემატური სახით, სწორედ, „ნაცმოძრაობის“ მიერ, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში.„ამით, რეალურად, მათ პრაქტიკულად შეასრულეს ის პუნქტი კონსტიტუციის ჩანაწერიდან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მათი მხრიდან პირდაპირ მოხდა იმ ძირითადი ფუნდამენტის ხელყოფა კონსტიტუციური წყობილებისა, რაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. აქედან გამომდინარე, აქ არის ძალიან მყარი საფუძველი, რომ ვისაუბროთ ჩვენ, როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახალის“ აკრძალვაზე, არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით,  რაც შეეხება „ლელოს“, აღნიშნული პარტიის ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულები კონკრეტულ ქმედებებში, რაც, ძირითადად, საკუთრების უფლების ხელყოფასა და ბიზნესის რეკეტს უკავშირდება.„რაც შეეხება „ლელოს“, ამ შემთხვევაში, „ლელოს“ ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულები კონკრეტულ ქმედებებში, არა ყველა ქმედებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ტიპის ქმედებებში, რომლებიც, ძირითადად, საკუთრების უფლების ხელყოფას, ბიზნესის რეკეტს უკავშირდება. კონკრეტულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რაც მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. მარტო ეს არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, საკმარისი კონკრეტულად ამ პარტიის, „ლელოს“ ასაკრძალად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც არის მოხსენიებული სარჩელში და ამყარებს შემდგომ უკვე გაგრძელებას, რაც არის დაკავშირებული „ლელოსთან“,- განაცხადა პრემიერმა.

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) – ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა

მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება. ვიცი, მამა ანდრიას ბევრად მეტი უნდოდა ჩემთვის, ეკლესიიდან ჩემი განკვეთა უნდოდა, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე (ყურაშვილმა) განაცხადა.არქიმანდრიტი პატრიარქს მადლობს უხდის, რომ მისი მღვდლობა დაიცვა.„ვწუხვარ, რომ პატრიარქს ასეთი განსაცდელი დავატეხე თავს. დღეს სუს-ის მანქანები დარბოდნენ, 5-6 მანქანა შევიდა და პატრიარქსაც დიდი ბრძოლა მოუწია. მადლობა უწმინდესს, რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა. რაც შეეხება ბეთლემის ტაძარს, არათუ ბეთლემის ტაძარი, ჩემი ოფლით და სისხლით ნაშენები სამი მონასტერი მაქვს დატოვებული. დატოვების პროფესიონალი ვარ. თავის დროზე სამებაც მაქვს დატოვებული, მონასტრებიც, ახლა – ბეთლემი. მადლობა ღმერთს, არქიმანდრიტი ვარ, აქ, სამებაში ვცხოვრობ. ძალიან ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვინც ბეთლემში ვერ ამოდიოდა და იმედია, აქ მოვლენ. მრევლს ვეტყვი, რომ კვირას მობრძანდნენ ტაძარში და მეც მამა ილიასთან ერთად ვიქნები და ყველას ვაზიარებ. ვოლსკი ჩემი ლოცვის კომპეტენციაში რომ ერევა და განიხილავს, ნიშნავს, რომ ქვეყანა დაღუპულია, ეკლესიაც დაღუპულია. სად ვოლსკი და სად არქიმანდრიტი დოროთე. „მამაო ჩვენოს“ ციტატა თქვა და ისიც დამახინჯებით, „მამაო ჩვენოც“ არ იცის ბოლომდე. „უფალო, შემიწყალენ“ რომც იძახონ, უფალი მათ არ და ვერ შეიწყალებს, რადგან ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ხალხს ხოცავენ და ქვეყანას ღუპავენ, არ შეიწყალებს ღმერთი, ქრისტიანები არ არიან“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ, საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გაამწესა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტიას უარი რომ ეთქვა მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, ბოლო მომენტში უარი თქვეს საბოტაჟზე, რითაც სამართლებრივად თავი გადაირჩინეს

გახარიას პარტიას უარი რომ ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში შესვლით გახარიას პარტიამ სამართლებრივად თავი გადაირჩინა საკონსტიტუციო სარჩელში მონაწილეობისგან.„მთავარი არის პარლამენტი, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი არსით არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და პოლიტიკური დონის ხელისუფლება არის პარლამენტი. ამიტომ, პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას. რაც შეეხება გახარიას, მათ რომ უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო – როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან – არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის ნაწილი. რეალურად, პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს თავი სამართლებრივად ამ სარჩელში მონაწილეობისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი და ბოლო მომენტში მათ უარი თქვეს საბოტაჟზე. ამით გადაირჩინეს სამართლებრივად თავი ამ პროცედურაში მონაწილეობისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ ეტაპს მიაღწია, როდესაც ორივე მხარის ინტერესშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ ეტაპს მიაღწია, როდესაც ორივე მხარის ინტერესშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, – ამის შესახებ ვენსმა Pod Force One-თან ინტერვიუში ისაუბრა.ვენსის თქმით, „კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ მისი პროგნოზები არაერთხელ შეცვლილა“.„რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობა ძალიან მცირეა და ამ პროცესში ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ. ასევე უკრაინელებიც — მათ ბევრი პრობლემა აქვთ. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ მივედით იმ წერტილამდე, სადაც რუსეთისა და უკრაინის ინტერესებშია საომარი მოქმედებების შეწყვეტა. პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ კარი გახსნას მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ის ვერ აიძულებს ვერცერთ მხარეს, ამ კარში შევიდეს“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ირაკლი კობახიძე – ქვეყანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ უნდა დავასვენოთ, ამას ემსახურება სარჩელი, რომ არ ყოფილიყო რადიკალიზმი, რევოლუციის მცდელობები, ეკონომიკაც მეტად წაიწევდა წინ

თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი, ზუსტად ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესებში ვეღარ ჩაერთვებიან, ეს არის პრინციპული.„ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ შედეგად პარტიების აკრძალვა იძლევა ამ მოცემულობას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ვეღარ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს არის კლასიკური ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში პარტიის აკრძალვის. გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივებისთვის მთავარ ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ ხოლმე სწორედ არჩევნებს და ეს ინსტრუმენტიც გამოეცლებათ იმ პირობებში, როდესაც ისინი აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი. თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი. ზუსტად ამას ემსახურება ეს სარჩელი. არ შეიძლება, ასეთმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არსებობს ასეთი კონცეფცია სამართლის თეორიაში, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს მართლმსაჯულება, მათ შორის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, ამ კონცეფციას ეწოდება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, ასეთი ხატოვანი გამონათქვამიც არის, რომ არავითარი თავისუფლება, თავისუფლების მტრებს – ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიას უპირისპირდებიან.„ნონსენსია, შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას. იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები ძირშივე უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, ამიტომ ასეთმა ძალებმა დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ. ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის არსი და ზუსტად ამას ეფუძნება ის სარჩელი, რომელიც მომზადებულია საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კობახიძის შეფასებით, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ და  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა.„ჩვენ რომ სერიოზული განზრახვა გვამოძრავებს, ეს გამოჩნდა სარჩელით, სარჩელის ტექსტით, რომელიც ოფიციალურად ხვალ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. შეიძლება სუბიექტურად, ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდეს ის ფაქტი, რომ ერთადერთი რეალური ოპონენტი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ აქ საქმე არ ეხება „ქართული ოცნების“ სუბიექტურ ინტერესს. აქ, საქმე ეხება ქვეყნის სუბიექტურ და ობიექტურ ინტერესს. ჩვენ  ვინარჩუნებთ ხელისუფლებას, ვახერხებთ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ ვერ დაძლია რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს აფერხებს, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდას. კი ბატონო, გვაქვს მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენთან რომ იყოს არა რადიკალიზმი, არამედ ჯანსაღი, დემოკრატიული კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში და 9.7%-ის მაგივრად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. 5 მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ და უფრო მეტად გავზარდეთ. წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ, ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები