პარასკევი, იანვარი 31, 2025

საზოგადოება „ქართული“ – ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს და ხალხს წაართვას არჩევანი

საზოგადოება „ქართული“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში და ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი“.

საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის რეზოლუცია აცდენილია საერთაშორისო სამართალს, სამართლიანობის პრინციპს და ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ასამბლეის სხდომაზე ჩავარდა საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ გარე ძალების მიერ მართული რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობო“ ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, რეზოლუცია შეიცავს დათქმებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობაა.

პირველ რიგში, ვგულისხმობთ დოკუმენტის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ აპრილამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს.

ამ რეზოლუციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავისი კომპეტენციის ზღვარს – მას არ აქვს უფლება მოითხოვოს ამა თუ იმ ქვეყნისგან კონკრეტული შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამ ყველაფერს არეგულირებს არა ევროსაბჭო, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა. გამოდის, რომ ევროსაბჭო მოითხოვს საქართველოს 1 200 000-ზე მეტი მოქალაქის ნების უგულებელყოფას და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათთვის ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური პროცესის თავსმოხვევას.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ლამის ოთხი თვე გავიდა. ამ ოთხი თვის განმავლობაში, ვერც რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერც „არასამთავრობო“ ორგანიზაციებმა და ვერც მათმა უცხოელმა კურატორებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი ფაქტი და არგუმენტი, რაც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებდა. მეტიც, მათმა დიდმა ნაწილმა პროკურატურასთან არ ითანამშრომლა და ვინც ჩვენება მისცა, ისინი თვითმხილველები კი არ იყვნენ, არამედ ეყრდნობოდნენ ანონიმური მესამე პირების მონათხრობს.

შედარებისთვის, წელს არჩევებზე დაიწერა 1174 საჩივარი, როცა წინა არჩევნებში ეს ციფრი 2200-სს აღემატებოდა. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდათ რეზოლუციის ავტორებს. მით უფრო, რომ არჩევნების დღეს უამრავმა უცხოელმა დამკვირვებელმა საჯაროდ ძალზე დადებითი შეფასება მისცა არჩევნების პროცესს, ხოლო ეუთო-ოდირმა, რომელიც ერთადერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, აღიარა – არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და თავისუფალი.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს ფაქტის კონსტატაცია – 29 იანვარს მიღებული ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯდება „დიფ სთეითის“ სტრატეგიაში, რომლის მიზანია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს საკუთარი მარიონეტები. შემდეგ კი, მათი მეშვეობით, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქვეყანა ომში ჩართოს, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევა მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილება, საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ, იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი.

„ამ ნაბიჯით ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის“ მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში და ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი. ეს არის ნამდვილად ღირსეული და ქართული ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ადგილი არ არის იქ, სადაც ხელყოფენ ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას, ხელისუფლებას კი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს დელეგაცია მაშინ უნდა დაუბრუნდეს ასამბლეაში მუშაობას, როდესაც შანტაჟს კვლავ ჯანსაღი დისკუსია შეცვლის, შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას კი, პარტნიორობა. იმედი გვაქვს, ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული “დიფ სთეითის” დემონტაჟის კამპანია მიწვდება მის ევროპულ ნაწილსაც. ამას კარგად გრძნობს „დიფ სთეითი“ და ვიდრე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩენილა, უნდა შური იძიოს ყველაზე, ვინც სუვერენიტეტის, ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების პოლიტიკის გამტარებელია.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრების თემას – ევროპელმა პოლიტიკოსებმა თუ გააგრძელეს იმის მტკიცება, რომ სამართალდამცავებზე თავდამსხმელები პოლიტპატიმრები არიან, ეს ბუმერანგის პრინციპით ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ თავიანთ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, როგორც ეს პიროტექნიკასთან დაკავშირებით შეემთხვათ. ასეთი ორმაგი და სამმაგი სტანდარტები საქართველოს მოსახლეობაში ბევრ კითხვას აჩენს. ძალიან არ გვინდა, რომ ეს ევროპული სტრუქტურებისადმი იმედგაცრუებაში გადაიზარდოს, რადგან ნდობის თავიდან აღდგენას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

საქართველო, მიისწრაფვის ევროპისაკენ და არა ევრობიუროკრატიისკენ, რომელიც ბოლო წლებში ევროპელ ხალხებსა და სახელმწიფოებზე გაბატონებულ ძალად მოგვევლინა. იგი დასცილდა ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს და გახდა მსოფლიოს მძლავრი ნეოლიბერალური „დიფ სთეითის“ მარიონეტი. ამას ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით და ვგრძნობთ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. თუმცა, დღეს ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით მსოფლიოში დაიწყო დიდი ცვლილებები, რომელიც, ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან, ევროპას დაუბრუნებს საკუთარ თავს, ღირებულებებს და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანობას.

და ბოლოს, ადამიანურად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ხილვა, რომ ეთნიკურად ქართველები, საქართველოს მოქალაქეები – ვგულისხმობთ რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობოების“ წარმომადგენლებს – აპლოდისმენტებით შეხვდნენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისა და თანამოქალაქეების დამცირების მცდელობას. თუმცა, არ გვიკვირს, რადგან იმავე ადამიანებმა, 16 წლის წინ, ამავე დარბაზში ხელი მოაწერეს ღალატის აქტს – ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს. არცაა გასაკვირი, ისინი წარმოადგენენ არა ქართველ ხალხს, არამედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აგენტურულ და კრიმინალურ სინდიკატს და მის უცხოელ პატრონებს. არადა, საქართველოს ჰაერივით სჭირდება ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია. რაც უფრო ადრე ჩაანაცვლებს ქართული საზოგადოება უსამშობლო აგენტურას ნამდვილად ქართული და ჯანსაღი ოპოზიციით, მით უკეთესი ქვეყნისთვის“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს მიმართავს, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააუქმოს

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძის და თინა ბოკუჩავას ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის. ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები. სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“; თინათინ ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,; ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო“; ბერდია სიჭინავა – „გახარია – საქართველოსათვის“.

ბათუმში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტპატიმრებს“ – ამ შინაარსის მოწოდებებით მართავენ აქციას ბათუმის სტადიონთან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის ე.წ. ზებრაზე მოძრაობენ ისე, რომ გზას არ კეტავენ და გამვლელ მძღოლებს ბანერებს აჩვენებენ. აქციაზე ისმის მოწოდებები მეგაფონებისა და საყვირების მეშვეობით. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

გიორგი კალანდია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორ და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა ის, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ამ ქვეყანაში უმთავრესია ამ ქვეყნის ხალხის ინტერესები და ამ სახელმწიფოს სუვერენული უფლებები, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ. „ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ვითარდება გარკვეულწილად არასწორად, ეს არის ძალიან დროებითი. მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო სწორი გზით მიდის და მიდიოდა. გარდაუვალია ისიც, რომ არა თავს მოხვევა, არა ხელის გადაგრეხა, არამედ დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინება, შეჯიბრებითობის პრინციპი იქნება სულ მალე ევროპაში წარმმართველი, სადაც საქართველო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ. საზოგადოება „ქართულმა“ PACE-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“. მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი, ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა – კობახიძე

ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე, ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, სამარცხვინო მოვლენაა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი. „ზოგადად, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი. ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს საფინანსო სისტემას კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი დაემატა – ნათია თურნავა

ინვესტორები დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველოში ბანკები თავიდან ბოლომდე იცავენ სანქციებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სანქცირების კონკრეტული პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა იმდაგვარად იმართება ეროვნული ბანკისა და ბანკების მხრიდანაც ეს პროცესი, რომ სანდოობა არ დაზიანებულა. „სულ რამდენიმე დღეა ჩვენს ბანკებს დაემატა კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა გამოწვევა, რომ ორი ძირითადი საკორესპონდენტო ბანკი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ჩვენს ბანკებთან და დაემატა მესამე, რომელთანაც მოლაპარაკებები წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ასეთ დროს ამერიკული ბანკი აკეთებს ძალიან დეტალურ შესწავლას და ის ფაქტი, რომ მან უკვე გახსნა ჩვენთან საკორესპონდენტო ანგარიში და აპირებს ამ პროცესის გაგრძელებას, ადასტურებს, რომ რისკები იყო იმდაგვარად შეფასებული, რომ ჩვენი მიმზიდველობა, როგორც პარტნიორის არ დაზიანებულა. მინდა ვთქვა, მაქვს დიდი იმედი, როგორც მოქალაქეს, რომ მალე პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთება. როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კი გეტყვით, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად იცავს სანქციებს. რა თქმა უნდა, ვალდებულია ადგილობრივი კანონმდებლობაც დაიცვას და ჩვენ ვახერხებთ თითოეული ასეთი ქეისის წარმატებით მართვას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბოლო სიახლეები