ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟოების გახსნას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გმობს ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას, ხოლო სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯია.

“ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აიკრძალა დანარჩენი საქართველოდან ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას,  ზღუდავს მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობებს და უხეშად ლახავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.

საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად სხვადასხვა დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების ფონზე, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა არის მოსკოვის პოლიტიკის ნაწილი – ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციითა და დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციით, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სივრცეში, მათ შორის, საბაჟო-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანება,”- ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხორც-პროდუქტებისა და რძის ნაწარმის შეტანა აიკრძალა -ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. ალან მარგიევმა ზომების მიღება მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით ახსნა. საბაჟო პუნქტზე შემოწმდება ყველა ის ტვირთი, რომელიც  სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საზღვარს გადაკვეთს.  დეფაქტო მთავრობის  განკარგულებით,   ახალგორის რაიონში მცხოვრებ  თითოეულ ადამიანს საქართველოდან 50 კილოგრამის ოდენობის ტვირთის გადატანა შეუძლია. ტვირთს, ახლა რუსეთის  ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მებაჟეები და დეფაქტო  ფიტოსანიტარიის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ნეპალის პოლიციაში ადასტურებენ.მათივე ცნობით, სულ მცირე, 41 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასეულობით ადამიანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა.

მიხეილ ყაველაშვილი – ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, მათგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.„თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

მიხაილო ფედოროვი – ვფიქრობ, დადგა გარდამტეხი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ნელ-ნელა ვმარცხდებით

ვფიქრობ, ახლა დადგა გარდამტეხი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან, ნელ-ნელა ვმარცხდებით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, კიევს რამდენიმე თვე დარჩა, რათა მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები, რაც მოვლენების მის სასარგებლოდ შეცვლას შეძლებს.„ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის დამარცხების ყველა შესაძლებლობა. დამარცხებაში ომში გამარჯვებას ვგულისხმობ. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმეთვიანი შესაძლებლობების ფანჯარა ლოგისტიკური ბლოკადის დასასრულებლად, საშუალო რადიუსის დარტყმების საშუალებით ყირიმის იზოლაციის მოსახდენად და ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად“, – განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.როგორც უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინას კვლავ აქვს გამარჯვების „ყველანაირი შანსი“, თუმცა სასწრაფოდ სჭირდება ომის დასრულების გეგმა.„ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა და ვიცი, რომ ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია. იმის გათვალისწინებით, რომ ომის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პოლიტიკის უმეტესი ნაწილი პრეზიდენტს სწორედ ჩვენმა გუნდმა შესთავაზა, რომ ჩვენ ნულიდან შევქმენით დრონების არმია და ბევრი სხვა რამ, შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ახლა მხოლოდ ჩემი სინდისი მიბიძგებს წინ“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.მიხაილო ფედოროვის განცხადებით, უკრაინას არ აქვს მკაფიო, საერთო ხედვა, როგორ უნდა გაიმარჯვოს ომში, ხოლო ქვეყნის შესაძლებლობებს ინოვაციების ნაკლებობა ზღუდავს.ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანას ასევე აფერხებს ფესვგადგმული კორუფცია და გავლენიანი ჯგუფების პატრონაჟზე დაფუძნებული ქსელები, ისევე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა.რაც შეეხება პოლიტიკაში მის დაბრუნებას, როგორც ფედოროვმა განაცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.„ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკა და ჩემი შესაძლო მონაწილეობა პოლიტიკაში მხოლოდ მას შემდეგ უნდა განვიხილოთ, რაც დემოკრატიული ციკლი აღდგება და ყველა კანდიდატისთვის იქნება თანაბარი თამაშის წესები, იქნება ეს პარლამენტის, ადგილობრივი საბჭოების თუ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ფედოროვმა.მიხაილო ფედოროვის განცხადებების საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას ფედოროვი ომის მიმდინარეობაზე პოზიტიურად საუბრობდა და ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა მისი პირადი სტატუსია.

ირაკლი ღარიბაშვილი – აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში, მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს,...

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს.ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ აღარ აპირებს "ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას და ხაზს უსვამს, რომ აზრს ვერ ხედავს იაროს სასამართლო სხდომებზე და დასძენს: "მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!".ექსპრემიერის თქმით, აღარც ის აინტერესებს, რომელ "პატიმარს ან მძევალს ზეწოლის მეთოდებით" რას "დააწერინებენ" მასზე რა ბრალს წაუყენებენ.ღარიბაშვილი ამბობს, რომ "დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლის, უსამართლობისა და ბოროტების" პირისპირ, მისი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი სიმართლეა, რასაც ხალხის სამსჯავროზე გამოიტანს.„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!", - წერს ღარიბაშვილი.ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალდება 24 აგვისტოს წაუყენეს.

ბოლო სიახლეები