სამშაბათი, მარტი 3, 2026

„საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“ – გივი მიქანაძე

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის.

მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ  პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სასკოლო ასაკთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. მისი თქმით, არაერთი დისკუსიის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მშობელთა პოზიცია და მათი საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ, იმას, რომ რეფორმის ფარგლებში  ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას.

ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით – სხვადასხვა რეგიონში შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ განათლების ხარისხის ზრდას და პროცესები მაქსიმალურად იყოს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული პოზიციების მოსმენა, მათ შორის, კრიტიკულისაც, თუ ის არგუმენტებით გამყარებული და დასაბუთებულია.

ჩვენ რეფორმის უმთავრეს მიზნად დავსახეთ სკოლებში მოსწავლეზე და მის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესაბამისად, კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული და ეფუძნებოდეს პროფესიულ ანალიზს,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანული მედიის ცნობით, ქალაქ მინაბში 28 თებერვლის თავდასხმისას სკოლის შენობაში დაღუპულთა დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო

ირანული მედიის ცნობით, ირანის ქალაქ მინაბში აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპული 168 მოსწავლის და 14 მასწავლებლის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ბავშვების მკვლელობაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა. 25 დაღუპულის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.„ეს არაადამიანური, სასტიკი ქმედება კიდევ ერთი ბნელი ფურცელია აგრესორების მიერ ამ მიწის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსრულებელ ჩანაწერში, რომელიც არასდროს წაიშლება ჩვენი ერის ისტორიული მეხსიერებიდან“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.მედიის ცნობით, ირანის სამხრეთში მდებარე ქალაქის სკოლაზე თავდასხმა 28 თებერვალს მოხდა.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ირანზე შეერთებული შტატებისა და ისრაელის თავდასხმის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.„ოპერატიული ჯგუფების საველე ანგარიშების თანახმად, სამწუხაროდ, ამ თავდასხმებს 787 თანამემამულე შეეწირა“, – აცხადებს წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება.ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მასშტაბით 153 ქალაქსა და 500-ზე მეტ ადგილას 1 000-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ავიაციამ გასულ ღამეს ირანის სახელისუფლო ობიექტები დაბომბა, მათ შორის ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე „ირანის არმიის ოფიცრების მომზადების დაწესებულება“.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათში ქვეყნის საავადმყოფოებში 289 დაშავებული გადაიყვანეს

ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათში ისრაელის საავადმყოფოებში 289 დაშავებული მოქალაქე გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.ისრაელის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მათგან 19 საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ, ხოლო 258-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რვა ადამიანს შფოთვითი აშლილობის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდა.საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ საავადმყოფოებში სულ 1050 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 120 ამჟამად საავადმყოფოში ან სასწრაფო დახმარების განყოფილებაშია, დანარჩენებს კი მკურნალობა ჩაუტარდათ და გაწერეს.

„როიტერი“ – ირანმა ორმუზის სრუტე დახურა, თეირანში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ტანკერს გაუხსნიან ცეცხლს, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება

ირანმა ორმუზის სრუტე დახურა, როგორც ირანში აცხადებენ, ნებისმიერ ტანკერს ცეცხლს გაუხსნიან, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება.მედიის ცნობით, თეირანში ასევე არ გამორიცხავენ სრუტეში ნაღმების გამოყენებასაც, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნაოსნობისთვის.აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს 6 000-მდე სხვადასხვა ნაღმის მარაგი აქვს.ამჟამად, ორმუზის სრუტის მიმდებარედ, 150-მდე ტანკერია ჩარჩენილი, ოთხი მათგანი დაზიანდა, სადაზღვევო კომპანიებმა კი რისკების ანაზღაურებაზე უარი თქვეს.ორმუზის სრუტის ჩაკეტვა აისახება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებზეც. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ნავთობის ფასებმა 10%-ით უკვე მოიმატა, „ბრენტის“ ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარი ფარგლებში მერყეობს. მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო, მოსალოდნელია, რომ ფასები კიდევ უფრო აიწევს.აღსანიშნავია, რომ ორმუზის სრუტე სპარსეთისა და ომანის ყურეებს ერთმანეთთან აკავშირებს და სწორედ აქედან ხდება არა მხოლოდ ირანში, არამედ ერაყის, ქუვეითის, კატარის, გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მიერ მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება, რაც გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ასევე ორმუზის სრუტით ხდება მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორისგან კატარიდან გათხევადებული აირის ტრანსპორტირებაც, რაზეც 20-25% მოდის.

გიორგი შარაშიძე – ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ეყოთ გამჭრიახობა და უნარი, 4 ოქტომბრის პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ, შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება

ოპოზიციური პარტიების ნაწილი გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, ანუ ამ პარტიებმა, პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით, გააკეთეს „ოცნების“ საქმე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად აგრძელებს ბრძოლას.„შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ“ და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი გზა, დამოუკიდებელი სტრატეგია, ტაქტიკა, რაც, პირველ რიგში, გამიზნულია „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ. 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა უპასუხისმგებლო ქმედებას, რაც დაიწყო ბოიკოტის კამპანიით. ამას მოჰყვა 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია, რომელიც „ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი. ამ პარტიებს არ ეყოთ გამჭრიახობა და უნარი, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ ბრძოლას „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

ბოლო სიახლეები