რუსეთმა ღამით უკრაინის ოლქებზე მასირებული იერიში მიიტანა რაკეტებითა და დრონებით. ხმელნიცკის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხმელნიცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ტიურინი ავრცელებს.
დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მთლიანად დანგრეულია ექვსი კერძო საცხოვრებელი სახლი. ასევე დაზიანებულია სასწავლო დაწესებულების შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაშავებულებიდან ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
ნიკოლაევში დრონით დარტყმა ხუთსართულიან კორპუსზე განხორციელდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. შენობის ორი სართული მთლიანად დაინგრა.
კიევის ოლქზე მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დარტყმებს ნგრევა მოჰყვა კიევის ოლქის ხუთ რაიონში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჟიტომირის ოლქის დაბომბვის შედეგად დაღუპულია სამი ბავშვი. ასევე დაშავებულია 12 მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები და სამეურნეო ნაგებობები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 298 დრონი და 70 რაკეტა გაუშვა. კერძოდ, საოკუპაციო ძალებმა განოიყენეს „ისკანდერის“ 9 რაკეტა, 56 ფრთოსანი რაკეტა და ოთხი მართვადი საავიაციო რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 45 ფრთოსანი რაკეტა და 139 დრონი ჩამოაგდეს. ორი რაკეტა და 127 უპილოტო საფრენი აპარატი „ლოკაციურად დაიკარგა“. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, დარტყმები განხორციელდა 22 ადგილას.