2026 წლის პირველი აპრილიდან ფიზიკურ პირებს აღარ შეეძლებათ რუსეთიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) ნაღდი ფულის გატანა იმ ოდენობით, რომელიც აღემატება 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისთვის ეს აკრძალვა თანხის ოდენობაზე არ იქნება დამოკიდებული.
გამონაკლისად ჩაითვლება ნაღდი რუბლების გატანა რუსეთის საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით.
როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ნაღდი ფულის გატანისას უნდა ჰქონდეთ საბანკო ამონაწერი, რაც დაადასტურებს, რომ ეს თანხა მათი ანგარიშებიდან არის განაღდებული.
გარდა ამისა, 2026 წლის პირველი მაისიდან დაწესდება შეზღუდვები რუსეთიდან 100 გრამზე მეტი წონის ოქროს ზოდების გატანაზე.
კერძოდ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ზოდების გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაზღვრული აეროპორტების გავლით და შესაბამისი ფედერალური უწყების ნებართვით.
ფიზიკური პირებისთვის ეს შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევ ქვეყნებზე, არამედ სხვა სახელმწიფოებზეც.

