ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025

რომეო მიქაუტაძე – ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი – ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას

ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მეც და ჩემი ოჯახიც. არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

მიქაუტაძე მოსამართლეს უსაბუთებდა, რა არგუმენტებით უნდა ეხელმძღვანელა იმაზე მსჯელობისას, დაეტოვებინა თუ არა ის პატიმრობაში.

„პატივისცემა მინდა გამოვხატო სამართალდამცავი ორგანოების – როგორც პროკურატურის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ. მადლობა ოჯახს და გულშემატკივრებს, რომ ასეთ სიტუაციაში მიწევს თქვენი შეწუხება.

დარწმუნებული ვარ, უფლის წყალობით, ეს მალე დასრულდება…

ჩემი 25-წლიანი სწავლისა და პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ვარ ღირსების ორდენოსანი… ამ ხნის განმავლობაში, კერძო თუ საჯარო სამსახურში, სადაც მიმუშავია, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დამიტოვებია ციფრები და რიცხვები, რაც ჩემს საქმიანობას სცემს პასუხს.

სამწუხაროდ, გაჩნდა კითხვები ჩემი ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით, რასაც პასუხი გაეცემა, აუდიტირება მიმდინარეობს ჩემი ოჯახის შემოსავლების.

ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მეც და ჩემი ოჯახიც. არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას.

ყველაფერი მალე დასრულდება და იმედი მაქვს, საშუალება მომეცემა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდე ჩემს ერთგულ და ულამაზეს მეუღლესთან, ვაჟკაც შვილთან, რძალთან, მშობლებთან, ჩემს უსაყვარლეს ძმასთან, დიდ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თითქმის, 2-თვიანი ლოდინის შემდეგ გნახეთ, რამაც ცოტა შვება მომცა.

შეზღუდული მაქვს პაემნის, სატელეფონო საუბრის, წერილების უფლება…

გამოკითხვაზე ჩემი ოჯახის ყველა წევრი გამოცხადდა პირველივე შესაძლებლობისთანავე, მათ შორის, მეც. ჩვენ უსიტყვოდ დავემორჩილეთ იმას, რომ უცხოეთში გამგზავრება გადაგვეფიქრებინა არამხოლოდ მე, ჩემს ოჯახის წვერებსაც. პასპორტის ჩამორთმევის შემთხვევაში მიმალვის რისკი ნულდება, უძრავი ქონება რომ უცხოეთში გაქვს, იმის საშუალებას არ გაძლევს, უცხოეთში წახვიდე. მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ამ ჭერს და სასამართლოს. რისკები არ არსებობს, თუმცა, პატივცემულო მოსამართლევ, ეს გადაწყვეტილება თქვენს ხელშია. რა თქმა უნდა, რთულია, ძნელია ციხე, იქ ყოფნა რთულია. ჩემს გულში ხართ თქვენ და ვნატრობ იმ დღეს, როცა თქვენთან ვიქნები.

გამოძიების დასაწყისში ინტენსიური მოქმედებები იყო, ეს იყო გამოკითხვები. ეს უკვე დასრულებულია, შესაბამისად, მე მათზე გავლენას ვერ მოვახდენ. თუკი, ჰიპოთეტური რისკები არსებობს, არის ელექტრონული სამაჯური.

მე მჯერა, რომ თქვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

17 წლის ვიყავი, როცა შვილი გამიჩნდა და მასთან ერთად გავიზარდე. მინდა გითხრათ, რომ დაუთმეთ ოჯახს იმაზე მეტი, ვიდრე ამას აკეთებთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელს – შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“.ინფორამციისთვის, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი გახარია მიმართვას ავრცელებს

,,ოცნებამ პოლიტიკური და სამართლებრივი წითელი ხაზები დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა.მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა.ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს!''-წერს გახარია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.სასჯელის ათვლა დაიწყება 12 იანვრიდან, დაკავების დღიდან.მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში განხორციელებული ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სტრატეგიული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მსგავსი ფორმატის საერთაშორისო დიალოგი სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველია, - ამის შესახებ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) პროფესორმა ნიკა შავიშვილმა RIBA-ში განხორციელებული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორი ნიკა შავიშვილი ლონდონში ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა შავიშვილი შეხვდა RIBA-ს წარმომადგენლებს, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.როგორც პროფესორი შავიშვილი აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში დეტალურად გაეცნო ინსტიტუტის აკრედიტაციისა და ვალიდაციის პროცედურებს. განხილვის მთავარი მიზანი იყო საჭირო მოთხოვნების გაანალიზება, რათა IDS-მა უზრუნველყოს არქიტექტურული განათლების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ RIBA-სგან უშუალოდ მივიღოთ რეკომენდაციები. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების განვითარებაში გავზარდოთ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის შესაძლებლობები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ GTU-ის საერთაშორისო დიზაინის სკოლა რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ინოვაციურ საგანმანათლებლო ცენტრად ყალიბდება. მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა RIBA, თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს IDS-ის ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას და ცნობადობას მსოფლიო არქიტექტურული განათლების სივრცეში. თანამშრომლობა ასევე შეუწყობს ხელს სტუდენტთა მობილობის გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას“, - აცხადებს ნიკა შავიშვილი.

სასამართლომ ნიკა მელია, მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს რისკები, რომ ნიკა მელიამ მტკიცებულებები გაანადგუროს, ან მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს, აქედან გამომდინარე ბრალდების მხარე მის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა.დაცვის მხარის განცხადებით კი, რისკები, რომლებიც ბრალდების მხარემ ჩამოთვალა, გათვალისწინებული არ უნდა ყოფილიყო და ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მომხდარიყო, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაიზიარა და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ბოლო სიახლეები