ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

რომან გოცირიძე – გია ბარამიძეს რომ ვუთხრა, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი ან ტროას ცხენი, ეს პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს

გია ბარამიძეს რომ ვუთხრა, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი ან ტროას ცხენი ვუწოდო, ეს პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ თანაპარტიელ გიორგი ბარამიძის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომელიც გოცირიძის მიერ  ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით სიტყვა „ბრბოს“ გამოყენებას მოჰყვა.

რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არასერიოზული განცხადებაა.

მისივე თქმით, არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ იმოქმედებს, სადაც საჭირო იქნება სიმართლეს იტყვის.

„ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა გია ბარამიძემ ამ ადგილიდან, ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის მეც და სალომე სამადაშვილსაც, თურმე ჩვენ აქტივისტებს ვუწოდეთ „ბრბო“. აბრაამ ლინკოლნის ციტატაში ნათქვამია, რომ „არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს განსჯის საგანი იყოს, სადაც ბრბო არის მასა“, ორტეგა – ი – გასეტის „მასების აჯანყებაში“ მასა და ბრბო სინონიმებია, 200 წლის წინ კაცმა სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ. გია ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება. წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ-მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ-მეთქი, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე. ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არის არასერიოზული განცხადება.

ყოველთვის ჯობია თქმა. უფრო მეტიც, პარტია უნდა იყოს უფრო მეტად ღია, თუ გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალი სისხლი და პარტია იყოს თანამედროვე ტიპის და არა ჩაკეტილი ორგანიზაცია, სადაც ინფორმაციის გაჟონვა, თურმე, არ შეიძლება რაღაც პრაგმატული მოსაზრების გამო“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, პარტიაში რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

„გააზიარა მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი, მან გააზიარა და გარკვეულწილად ირიბად მოწონება გამოხატა, მე მოწონება არ გამოვხატე, ისევე, როგორც სხვებმა, ისევე, როგორც ეკა ხერხეულიძემ, ისევე, როგორც მირდატ ქამადაძემ, აჭარაში ჩვენმა ლიდერმა, არავინ არ მოიწონა. გამოდის, რომ პარტია რაღაც ერთ ორიენტირზე არ არის დამოკიდებული და ის ორიენტირი შეიძლება, პარტიის განწყობილების მიხედვით შეიცვალოს. ამიტომ, პირადად ჩემზე თუ არის საუბარი, არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ ვიმოქმედებ, სადაც საჭიროა, ვიტყვი სიმართლეს, ერთკვირიან კრიტიკას ავიტან,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება

საზღვარგარეთ არჩევნების შედეგები არ გვიჩვენებს, რომ ოპოზიციას დიდი უპირატესობა აქვს. საზღვარგარეთ არ არის ადამიანთა ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება, არჩევნების შედეგებს ცვლიდეს. ამ თემაზე მიმდინარეობს მუდმივი სპეკულაცია, ეძლევა თუ არა ყველას საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საკმარისია თუ არა საარჩევნო ოლქები და უბნები ამისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ნებისმიერი მოქალაქე სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა და ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში, თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, სწორედ ეს აჩვენებს რეალურ შედეგებს არჩევნების შემდეგ.„ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ნებაზე გავლენის რესურსი საკმაოდ გაიზარდა. ეს მხოლოდ იმ ხალხს არ ეხება, რომელიც ევროპის ქვეყნებშია ან აშშ-ში ცხოვრობს. სამხრეთში ცხოვრობს, ჩრდილოეთში, თუ დასავლეთ-აღმოსავლეთში, ნებისმიერი მოქალაქე საკმაოდ სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა. ეს მმართველობა თუ ამას მოინდომებს, ამ მოქალაქეების მოწყვლადობა გაცილებით მაღალია. ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, ეს სწორედ ის იქნება, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ. სამ წელიწადში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ვითარება იქნება საქართველოში, რომ ადამიანებმა არალეგალური ცხოვრების ხარჯზე საზღვარგარეთ მწირი შემოსავალი არ ეძებონ. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება.სწორედ ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, რომელიც ვფიქრობთ, სამ წელიწადში უფრო ინტენსიური იქნება, გავლენა უფრო ადვილია იმ ადამიანთა ნებაზე, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტულ ვითარებაშია, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს და ხედავს ცუდსაც, კარგსაც, შავზე არ ამბობს თეთრს, თეთრზე – შავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

სალომე სამადაშვილი – რუსეთის მორიგი მოთხოვნა შესრულებულია, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ, გააჩნია რუსები რას ავალებენ, – უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა...

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია-საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ. გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაანონსებულ ცვლილებებს.როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ, საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით.„რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად. ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.ემიგრანტებს საარჩევნო უფლება გაუქმებულად შეუძლიათ ჩათვალონ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ნაწილი აძლევდა ხმას მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება უცხოეთში შეეძლოთ, ახლა ბოლომდე წაართვეს ხმის უფლება.პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ, საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით.თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ.გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე“, - წერს სამადაშვილი.შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.

გია ვოლსკი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, თვითონ სტრუქტურა კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება, სავალდებულოა, ყველაფერი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები შესაბამისობაში იყოს მოყვანილი.ვოლსკის თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება.„რასაკვირველია, ძვირს ვერცერთზე ვიტყვი, ვინც იქ მუშაობდა, განსაკუთრებით თამაზ ბესტავზე. კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები არიან, თავისი ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურაა თვითონ ანტიკონსტიტუციური. დიდი ხანია, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა. სავალდებულოა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ. სავალდებულოა, რადგან, ფაქტობრივად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს. მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის გაწერილი. მადლობა ყველას, ვინც იქ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მათ ინტელექტუალურ რესურსს მომავალშიც გამოიყენებს, მაგრამ ვალდებულება, რომ კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. პაპუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.

„ერაზმუსის“ საქართველოს ოფისი – ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში

ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად, – ამის შესახებ აღნიშნულია Erasmus+-ის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან.„ევროკავშირის ნებისმიერი პროგრამის შემთხვევაში წესები და შერჩევის კრიტერიუმები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, გადახედონ Erasmus+-ის პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus+-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა კალაძე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შესახებ: ეს ყველაფერი გარედან თავსმოხვეული იყო

„ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა - ეს ყველაფერი გარედან თავსმოხვეული იყო, თუნდაც ანტიკორუფციული ბიუროს ვითომ დამოუკიდებელ ორგანოდ გატანა“, - ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებების შესახებ.კახა კალაძის თქმით, არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული.„სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში.ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა.არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ საუბრისას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება აუცილებელია და ამ მიმართულებით სვლა უნდა გაგრძელდეს.„ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას.ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები