კვირა, დეკემბერი 7, 2025

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს 12-12 წლით, ხოლო კუდის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.” – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები