ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

როგორ გამოუტანა ძმის მკვლელს განაჩენი დამ, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ისტორია, რომელსაც ჟურნალი „თბილისელები“ მოგითხრობთ, გასული საუკუნის 70-90-იანი წლების მიჯნაზე მოხდა. მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია

1979 წლის 13 თებერვალს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე 22 წლის მილიციის ზემდეგი ვახტანგ ჩხეიძე მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა. ის პირველი მაისის (დიდუბის) რაიონის მილიციის განყოფილებაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებდა.

ვახო ჩხეიძე სადგურის ქუჩაზე ცხოვრობდა და სამსახურიდან სახლში ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა. 24-ე სკოლას რომ გასცდა, ბაქოს ქუჩის მხრიდან ურთიერთსროლის ხმა შემოესმა და იქით გაემართა. ჩხეიძე უიარაღო იყო და მხოლოდ მილიციელის ფორმა ეცვა. უცებ ერთ-ერთი სახლის სახურავიდან შეიარაღებული მამაკაცი ჩამოხტა. მას პისტოლეტმომარჯვებული მილიციელები მისდევდნენ. მამაკაცი სკოლაში მიმავალ, ცხრა წლის ბავშვს დასწვდა, სხეულზე აიფარა და მილიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა, თან უღრიალა: ნუ მომდევთ, თორემ ბავშვს მოვკლავო. მილიციელები გაჩერდნენ. ატირებული ბავშვი კი მამაკაცს დაუსხლტა და სკოლისკენ გაიქცა. მამაკაცმა იარაღი მისკენ მიმართა. ათიოდე მეტრში ვახტანგ ჩხეიძე იდგა და ის ბავშვს დასწვდა და მას მთელი სხეულით აეფარა. მამაკაცმა რომ ფორმიანი მილიციელი დაინახა, მისი მიმართულებით გაისროლა და ის მკერდში დაჭრა. მდევარმა მილიციელებმა მამაკაცი დააკავეს.

მძიმედ დაჭრილი ვახტანგ ჩხეიძე კი რკინიგზის საავადმყოფოში წაიყვანეს. დაპატიმრებული მამაკაცი, 36 წლის რეციდივისტი სამჯერ ნასამართლევი ბოგდან შენგელია იყო. მას მილიცია ეძებდა. ოპერჯგუფმა ის ბაქოს ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ალყაში მოიქცია და ამის მერე მოხდა ურთიერთსროლა თბილისის ცენტრში. ასეთი რამ, იმ წლებში უიშვიათესი შემთხვევა იყო.

უმცროსი და

22 წლის ვახტანგ ჩხეიძე სამი დღის შემდეგ, 1979 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ვახო თავის უმცროს დას, 18 წლის გვანცას ჩააკვდა ხელში, რომელსაც სამი დღე-ღამე თვალი არ მოუხუჭავს და უგონოდ მყოფი ძმის სასთუმალს წამითაც არ მოშორებია. გვანცა სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა, თან საავადმყოფოშიც მუშაობდა. ვახტანგი მხოლოდ სიკვდილის წინ მოვიდა გონზე. უმცროსი დის ხელი ჩაბღუჯა და მას დაუბარა:

– ვკვდები, დაიკო, მაგრამ არ შეგეშინდეს. ცხოვრება გააგრძელე. მაგარი გოგო ხარ და შეძლებ. თემურს ძალიან უყვარხარ. ვიცი, შენც გიყვარს და ლამაზი ოჯახი შექმენით.

25 წლის თემურ კობახიძე ჩხეიძეების უბნელი იყო. გვანცა ბავშვობიდან უყვარდა და ვახოს დის ხელი სთხოვა, რაზედაც ძმამ მიუგო: მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ გვანცაც თანახმააო. გვანცა თანახმა იყო. წყვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, შემოდგომაზე შეუღლებულიყვნენ, მაგრამ ვახოს დაღუპვამ ეს ამბავი შეაფერხა. გვანცამ ძმის სიკვდილი მძიმედ განიცადა, ძაძები სამი წელი არ გაუხდია. ამასობაში სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა და ექთნის დიპლომი აიღო. 1982 წელს კი თემურ კობახიძეზე იქორწინა და ქმრის გვარზე გადავიდა.

ბოგდან შენგელიას კი სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ ვახტანგს მორიგეობა დასრულებული ჰქონდა და მოვალეობის შესრულების მომენტში არ იმყოფებოდა. გარდა ამისა, შენგელიებმა (სანათესაომ) პროკურატურა და სასამართლო მოქრთამეს. მილიციელის მკვლელი რეციდივისტი თბილისის „კრიტში“ (მკაცრი რეჟიმის საპყრობილე) იხდიდა სასჯელს და 1983 წელს მისჯილი თხუთმეტიდან უკვე მეოთხე წელს ასრულებდა.

დიპლომის აღების შემდეგ გვანცა კვლავ რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა. 1983 წელს კი ის, როგორც გვანცა კობახიძე, თბილისის ციხის საავადმყოფოში („რეზბალნიცა“) გადავიდა სამუშაოდ. 22 წლის გოგონა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც კოლეგებში, ასევე პატიმრებში და აბა, ვინ წარმოიდგენდა თუ რა ედო მას გულში, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო ქმრის გვარი, რომ საიმედოდ შენიღბულიყო.

1983 წლის 16 თებერვალს გვანცა სამსახურში იმყოფებოდა. დილის 9 საათი სრულდებოდა, როდესაც „კრიტიდან“ „რეზბალნიცაზე“ სამი პატიმარი გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი ბოგდან შენგელია იყო. პალატებში განთავსებამდე მათ სამედიცინო დათვალიერება უნდა გაევლოთ, რომელსაც გვანცა ატარებდა. პირველი კაბინეტში შენგელია შევიდა. გვანცამ მას ტახტზე დაწოლა სთხოვა. შემდეგ მიუახლოვდა. მისკენ დაიხარა და ალესილი დანა ჩაასო, რომელიც სამედიცინო ჩანთაში ჰქონდა დამალული. შენგელია ჯერ კიდევ აზრზე იყო და გვანცამ მას სწრაფად მიახალა: მე გვანცა ჩხეიძე ვარ. შენ მიერ მოკლულ მილიციელის, ვახტანგ ჩხეიძის უმცროსი და. დღეს მისი დაღუპვის ოთხი წლისთავია და ჩაძაღლდი!

შენგელიამ საშინლად დაიყმუვლა, შემდგომ კი სულიც დალია.

P.S. გვანცა ჩხეიძე-კობახიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ის 1989 წელს გამოუშვეს. დღესაც ცოცხალია და თავის დიდ ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდაა.„ეს კანონპროექტი არის ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საზღვრებზე სამართალდამცავი უწყებათაშორისი კოორდინირებული ჯგუფების შექმნას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოვახერხოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა ფაღავამ.პარლამენტი დღეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე” – გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება."ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები