ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

რობინ დანიგანი – როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი საქართველოში დარჩება, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას

მე როდესაც წავალ, ჩემი გულის ნაწილი საქართველოში დარჩება, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა ელჩმა, რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც რობინ დანიგანმა განაცხადა, აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

„დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავს. ყოველ წელს, 4 ივლისს ამერიკელები ვიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის დრო, როდესაც ვცდილობთ, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ამერიკელი და რას ნიშნავს, სარგებლობდე დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებებით. წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მე მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულების ღრმად გააზრებას. ვფიქრობ, დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო – დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მსურს, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხო.

პირველი – დაპირება. დაარსებიდან დღემდე აშშ-მა გრძელი გზა განვლო. ისტორიის განმავლობაში გვქონდა გამოწვევები, რთული მომენტები, ასევე სიამაყით, სიხარულითა და გამარჯვებით აღსავსე დღეები, მაგრამ ამ ისტორიულ ტალღებში, ერთ რამეს ყოველთვის ვუბრუნდებოდით: საერთო დაპირებას, რომელიც გვაერთიანებს. დაპირება იმისა, რომ როდესაც თავისუფალ ხალხს ეძლევა უფლება, ისაუბროს, იმსჯელოს, ილოცოს და ხმა მისცეს, საერთო სიკეთე იმარჯვებს. დაპირება, რომ თითოეული თაობა გააძლიერებს აშშ-ს, რათა უკეთესი ქვეყანა და მომავალი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს. მჯერა, დემოკრატიის დაპირება ერთ-ერთი იმ მტკიცე კავშირთაგანია, რაც ამერიკელებსა და ქართველებს გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს.

ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე უამრავი ქართველის დიდი ძალისხმევა დემოკრატიის დაპირების შესასრულებლად. მე ვნახე რელიგიის თავისუფლება თბილისის გულში, სადაც ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების მშვიდობიანი თანაარსებობა ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთებისა და შემწყნარებლობის მკაფიო გამოხატულებაა. მსმენია ზოგიერთისგან, თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია. თუმცა ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკელები და ქართველები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში. მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებმაც მითხრეს, როგორ დაეხმარა მათ აშშ-საქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები – ყველა მათგანი მეუბნებოდა, ამერიკასთან თანამშრომლობამ როგორ შეცვალა მათი ცხოვრება უკეთესისკენ.

2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო. რუსული ტანკები როდესაც უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა, რადგან სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში. მე შევხვდი უამრავ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, სამედიცინო მკვლევარსა თუ სამართალდამცავს, რომლებიც ამერიკელ კოლეგებზე საუბრობენ, როგორც თავიანთ ძმებსა და დებზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ ქართველებისა და ამერიკელების ცხოვრება, რათა ორივე ქვეყანამ შეასრულოს დემოკრატიის დაპირება.

4 ივლისი ასევე არის დღე, როდესაც ამერიკელები ვფიქრობთ იმ უზარმაზარ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არის გაღებული. დღე, როდესაც ვიხსენებთ, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას, გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე, ვალდებულებაზე. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. და ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც „რადიკალებად“ იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან.

როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის, ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“.  ჩვენთვის, ვინც დემოკრატიის თავისუფლებებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ ფ. კენედის სიტყვებით: „თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ“.

დასასრულს მსურს, შევეხო იმას, რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია – ოპტიმიზმი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ აშშ-ში და აქ, საქართველოში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა, დავიცვათ იგი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ აშშ-ში და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას. ასევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლის და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ. ვსაუბრობთ რა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე, მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს საოცარ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ აშშ-სა და საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის დღევანდელი ზეიმის ორგანიზებისთვის.

ასევე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს USAID-ის გუნდს და მადლიერებით აღვნიშნო თქვენი დანატოვარი ამ ქვეყანაში. ბოლოს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ჩვენს სპონსორებსაც სჯერათ ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ძალის. როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიმ, 33-წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას. იმ დღიდან, რაც საქართველოში ჩამოვედით, ქართველებმა გაგვიღეს თავიანთი გულები და სახლები, გვაგრძნობინეს, რომ ჩვენც ქართული ოჯახის ნაწილი ვართ. მადლობა ყველას მეგობრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას. გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

დანიგანმა მადლობა გადაუხადა გორის გოგონათა გუნდს და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბენდს. ასევე, აშშ-ის მოქმედმა ელჩმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებს.

აშშ-ის საელჩოში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

,,ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი” – თეონა მუსელიანს გლოვობენ

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

წვიმა და დაბალი ტემპერატურა – ამინდი უარესდება

3 ივლისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი მკვეთრად უარესდება.ყველაზე მაღალი ტემპერატურა გაგრასა და სოხუმში, +23  გრადუსი დაფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი, გუდაურში +8 გრადუსია მოსალოდნელი.გაგრა +23 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +23 - უმეტესად მზიანიზუგდიდი +22 - წვიმამესტია +15 - წვიმაფოთი +22 - წვიმაბათუმი +21 - წვიმაოზურგეთი +21 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +18 - წვიმაახალციხე +17 - წვიმაბორჯომი +14 - წვიმაბაკურიანი +11 - წვიმაგორი +18 - წვიმაცხინვალი +16 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +8 - წვიმათელავი +18 - წვიმარუსთავი +20 - წვიმათბილისი +19 - წვიმა

ირაკლი კობახიძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა.მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება.ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება. ამიტომ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ, ამავდროულად საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია. გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

მამუკა ხაზარაძე – მოვუწოდებ ყველას, გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა, ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნაა უპირველესი – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წერილშია აღნიშნული.როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, აქამდე გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.„„ლელოს“ დაფუძნების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა. პირველი, დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“, რომელიც აშკარად რუსულ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ; და მეორე, დაგვერღვია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „ქოცურ-ნაცური“ მოცემულობა და შანსი მიგვეცა ე.წ. შუა ამომრჩევლისთვის თავისი ხმის რეალიზაციაში, ქვეყნის განვითარების საქმეში.ამ განვლილი წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი გუნდი სულ პროტესტის წინა ხაზზე იდგა. „ლელო“ პირველივე დღეებიდან იყო ინიციატორი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებისა და ამისათვის სხვადასხვა დროს მრავალი ინიციატივა და ძალისხმევა გამოიჩინა. მათ შორის, ისეთი ნაბიჯებიც გადადგა ერთობის სასარგებლოდ, რამაც საკუთარი ამომრჩევლის გულისწყრომა და ზოგ შემთხვევაში დაკარგვაც კი გამოიწვია (2021 წლის მერის არჩევნები ამის ერთ-ერთი მაგალითია). მიუხედავად ამისა, „ლელო“ სულ იდგა და ახლაც დგას ერთიანობის მომხრედ და ინიციატორად.სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ ჩვენ მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა. მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა.აქვე, მკაფიოდ ვიტყვი, რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა, ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა!ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით შევინარჩუნეთ ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ბრძოლა და ერთობა და, რაც მთავარია, მოყვასის, პარტნიორის და მოწინააღმდეგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ“, – ნათქვამია ხაზარაძის წერილში.ამასთან, ხაზარაძე წერილში ოპოზიციას გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენაა გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი.„შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი ვგრძნობ, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ ჩვენ წინააღმდეგ. მეგობრულად მოგმართავთ, ეს კამპანია იქნება უშედეგო… ასევე, მტერი და მოწინააღმდეგე, მგონი, ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს!დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ნუ მივცემთ „ოცნებას“ ყველა დონეზე სისტემური ჩაბეტონების საშუალებას! წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა „ოცნების“ უფრო გაძლიერებისა. ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი!თქვენი მამუკა ხაზარაძე. საკანი 208“, – წერს ხაზარაძე წერილში.

ბოლო სიახლეები