სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები დაფუძნებულია მეგობრობაზე, სლოვაკეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რიმა ბერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სლოვაკეთის მხრიდან მხარდაჭერა გამოითქვა, რომ მზად არიან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ევროკავშირის წევრობის 22 წლის განმავლობაში დააგროვეს.
„მათ სრული მზაობა გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. შეხვედრაზე მსჯელობის საგანი იყო განათლება, ტურიზმი, ეკონომიკა. საუბარი შეეხო სატრანსპორტო მიმართულებასაც. კერძოდ, ქუთაისსა და ბრატისლავას შორის არსებულ ფრენებს. ითქვა, რომ ეს მიმართულება გაძლიერდება, რადგან ბევრი ტურისტი მოდის როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში. ეს ხელს შეუწყობს ხალხებს შორის ურთიერთდაახლოებას და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ბერაძემ.

